გამარჯობა, თქვენ გელით კრედიტი! ანუ „Надо меньше пить…“

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო სექტორის "ზრუნვა" კლიენტებზე... წინასწარ დამტკიცებული კრედიტები, საპროცენტო განაკვეთები და ვალების ამოღების ძველ-ბიჭური მეთოდები...

მძიმე პარასკევი გამითენდა! ღამენათევმა და ნაბახუსევმა, როგორც კი ინათა საათს დავხედე… წამზომი მხოლოდ მერვე საათის დასაწყისს ითვლიდა. ახლომდებარე სასურსათო მაღაზია, ცხრა საათიდან იწყებს მუშაობას და მივხვდი, რომ ცივი „ბორჯომის“ შეძენამდე, ერთხანს „მომსახურების ზონიდან გასულს“ მომიწევდა ყოფნა. ვითარების „ტრაგიზმი“  გავაცნობიერე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „Надо меньше пить…“  და ბედს შევეგუე.

სწორედ ამ დროს ტელეფონზე  SMS შეტყობინება მივიღე… „გამარჯობა სულხან, თქვენ დაგიმტკიცდათ ექსპრეს სესხი 1500 ლარის ოდენობით… შექმენით საკრედიტო ისტორია და ისარგებლეთ უკეთესი პირობებით. ინფორმაციისთვის მიმართეთ უახლოეს ფილიალს…“ საკონტაქტო ინფორმაციას არ მივუთითებ, არც გზავნილის ავტორს დავასახელებ, შესაძლოა რეკლამაში ჩამეთვალოს. კომერციული ბანკი ადვილად ამოსაცნობია სესხის სახელწოდების გათვალისწინებით…

პირამიდა დოლარზე - Sputnik საქართველო
კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

ერთხანს დავიბენი, ვერაფრით აღვიდგინე როდის მივმართე ბანკს საკრედიტო განაცხადით. ნაადრევი ამნეზია ალკოჰოლს დავაბრალე, ბოლოს გონება დავძაბე და გამახსენდა, რომ საბანკო სექტორისთვის სესხი დიდი ხანია არ მითხოვია. საკრედიტო ისტორიის შექმნისკენ მოწოდებამ კიდევ უფრო ამირია ისედაც „დაუწყობელი რამსები“… ფაქტია, ამ კონკრეტულ კომერციულ ბანკში გასული საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული სულ ვალი მაქვს, ხან ცოტა და ხან ბევრი, ისტორიაც სახელოვანია, როგორც საკრადიტო ოფიცრები მეუბნებოდნენ ხოლმე ყოველი მორიგი განაცხადის შევსებისას…

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გავითვალისწინე გზავნილის რეკომენდაცია და ბანკის ფილიალში სტუმრობა გადავწყვიტე… ნაშუადღევს ფილიალში ამაყად შევაბიჯე… კონსულტანტთან გასაუბრების შემდეგ, ყველა დეტალი გავარკვიე, ჩემი ვარაუდი გამართლადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად კრედიტი არ მითხოვია, „მეგობარმა“ ბანკმა ჩემზე „იზრუნა“ და სესხი წინასწარ დამიმტკიცა… პირობები „შთამბეჭდავია“… მათთვის, ვინც ამ ტიპის კრედიტით პირველად ისარგებლებს განაღდების საკომისიო პრაქტიკულად ნულოვანია, ხოლო სხვას თანხის სრულად განაღდება 89 ლარი დაუჯდება. 1500 ლარზე ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 75 ლარია, თანაც, არა აქვს მნიშვნელობა ათვისებულია თანხის სრული მოცულობა თუ  მხოლოდ ნაწილი. მიაქციეთ ყურადღება, ყოველთვიურად გადახდილი 75 ლარიდან ძირითად თანხას არაფერი აკლდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძირითადი თანხა ეტაპობრივად იფარება, მომსახურების საკომისიო მაინც უცვლელია, ვიდრე სესხი სრულად არ დაიფარება. კრედიტის აღებიდან ერთი წლის შემდეგ, სესხი აიცილებლად უნდა დაიფაროს, გადავადებას ის არ ექვემდებარება. საბანკო პროცედურებით არ დაგღლით და გეტყვით, რომ ერთი წლის მანძილზე კლიენტს 1500 ლარის სანაცვლოდ, ბანკში 2400 ლარის დაბრუნება მოუწევს, ანუ 900 ლარით მეტის, რაც ძირი თანხის 60 პროცენტია…

თბილისი - Sputnik საქართველო
ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

შესაძლოა მკითხველმა ბრძანოს, რა საჭიროა სესხით ერთი წლის ვადით სარგებლობა, დააბრუნეთ კრედიტი ერთი თვის შემდეგ… არ ვიკამათებ, განვმარტავ, ასეთ შემთხვევაში განაკვეთი ერთ თვეზე 5 პროცენტია… სხვისი არ ვიცი და მე ეს შემოთავაზება ძალზედ მეძვირა, არ მომეწონა, „მზრუნველობისთვის“ ბანკის წარმომადგენელს მადლობა ვუთხარი და გასასვლელისკენ გავემართე… სწორედ ამ დროს დიდი ხნის მეგობარი შევნიშნე… ერთმანეთი მოვიკითხეთ. მე ჩემი ვუთხარი, მან თავისი მიამბო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ე.წ პრობლემური სესხები ქვეყნის გამოწვევად ყალიბდება. მოსმენილს  გაგიზიარებთ…

„…აბა, რა გითხრა, რამდენიმე წლის წინათ სამკურნალოდ თანხა დამჭირდა და სხვა ბანკში სესხი ავიღე. შემდეგ პრობლემა შემექმნა და გადახდას ვერ ვახერხებდი. ერთი წლის შემდეგ, მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, ხელფასს ხელზე ვიღებდი, გარკვეული თანხა მქონდა და ვიფიქრე, ძირ თანხას ეტაპობრივად დავფარავ-მეთქი. დავუკავშირდი და უარი მითხრეს, განმიმარტეს, რომ მხოლოდ ჯარიმებს ჩამომაჭრიდნენ, თუმცა ძირითად თანხასთან ერთად პროცენტიც აუცილებლად უნდა დამეფარა. ნამდვილად არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ უზარმაზარი პროცენტიც დავფარო და თვიდან თვემდე თავიც ვირჩინო. მესმის, რომ ვალია და გადასახდელია, მაგრამ როდესაც მქონდა შესაძლებლობა, პროცენტს დაგვიანების გარეშე ვიხდიდი, თანაც – საკმაოდ მაღალს, ახლა სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი… მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, ახლა ისევ დამიკავშირდნენ კერძო კომპანიიდან. ბანკს ჩემი ვალდებულება მათთვის გადაუბარებია. მუქარით მომთხოვეს ვალის დაბრუნება, ისიც დააყოლეს, რომ ვალი არავის შერჩენია და არც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, დროზე ფული მოიტანეო. აქ მოვედი, ეგება ახალი სესხი ავიღო და ძველი ვალდებულება გადავფარო, ვნახოთ რა გამოვა…“

ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკურ კრედიტზე - ეროვნული ბანკის რჩევები

არაფერი მითქვამს, წარმატება ვუსურვე და დავემშვიდობე. რედაქციაში მისულმა სტატიაზე დავიწყე მუშაობა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საფინანსო სექტორის მხრიდან მესამე პირისთვის სესხის გადაცემა კანონით გათვალისწინებულია. ე.წ პრობლემურ სესხებს საფინანსო სექტორი თავიდან იშორებს და სხვა კომპანიას ავალებს მას შესრულებას. ასეთ დროს მსესხებელმა სასამართლოს უნდა მიმართოს…

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კუკულაძე: „ყველა ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი მიმართავს ამომღებ კომპანიას, ამ მეთოდით ბანკი პრობლემურ აქტივებს იშორებს, რაც ბუღალტრულად შავი ლაქაა, „ყიდის“ ამ სესხებს და შემდეგ სხვები ცდილობენ, საკუთარი მეთოდით ამოიღონ თანხა. იმ შემთხვევაში, თუ პირს ურეკავენ რომელიმე კომპანიიდან ან ემუქრებიან, სჯობს, მან შეიტანოს სასამართლოში სარჩელი და ასეთი გზით მოაგვაროს დავა”

მუქარა გაუმართლებლად მიაჩნიათ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტშიც…

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მეტი ინფორმაცია მომხმარებელს კრედიტზე და „ქცევის კოდექსი" ბანკებს

„ვრეკავთ და ვთავაზობთ რესტრუქტურიზაციას. ვუხსნით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თანხის გადაუხდელობას, შეიძლება, მათი საქმე გადაეცეს სასამართლოს, შემდეგ შეიძლება, გადაწყვეტილება გადავიდეს აღსრულებაში. ჩვენ არ ვემუქრებით, მაგრამ ამას ბევრი კომპანია აკეთებს. მე მსმენია ასეთი საქმეებიც, რომ ქუჩური მეთოდებით ურჩევენ საქმეს. ამ პრინციპით მუშაობდა უამრავი ამომღები, ჩანაწერებიც გავრცელდა მათზე. ბოლო დროს კი მოვალეებიც გაერკვნენ საქმეში და ასეთი მიდგომა აღარ მუშაობს”, — მითხრა პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც ითხოვა ვინაობა არ დამესახელებინა.   

ამასობაში კი, როგორც ე.წ იპოთეკით დაზარალებულთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატები აღნიშნავენ, კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის დავალებას არ ასრულებენ. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა, რომ კლიენტებს ხელშეკრულების პირობები გააცნონ, რაც სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. მათი თქმით, რომ როცა მოქალაქე ბანკში ხელშეკრულებას კითხულობს, ან მის წასაკითხად ადვოკატი მიჰყავს, ბანკის თანამშრომლების მხრიდან დაცინვის ობიექტი ხდება… ამის მიუხედავად, მსესხებლებმა ხელშეკრულება აუცილებლად უნდა წაიკითხონ, ხოლო თუ ერიდებათ, იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა ცენტრში უფასოდ მიიღონ.

Geo როგორ ავირიდოთ პრობლემები კრედიტის გადახდისას — ფინანსისტის რჩევა - Sputnik საქართველო
როგორ ავირიდოთ პრობლემები კრედიტის გადახდისას — ფინანსისტის რჩევა

ადვოკატი მარიკა არევაძე: „დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა წინასწარ რომ იცოდნენ, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში რა ელით, ამ სესხს უბრალოდ არ აიღებენ. თუ გამოუვალი მდგომარეობა აქვთ, იმას მაინც გაითავისებენ, რომ თუ შემოსავალი აღარ აქვთ და პრობლემა დაუდგათ, ადგნენ და უზრუნველყოფით დატვირთული ქონება გაასხვისონ, სანამ დრო ჯერ კიდევ არის და სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ, ვალი დაფარონ და ახალი საცხოვრებელი იყიდონ…“

ერთი სიტყვით, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე საკრედიტო კლიმატია და ეს კარგს არაფერს უქადის არც მოქალაქეებს და არც თავად საბანკო სექტორს, რადგან რყევები ფინანსური სისტემაში, ერთხელაც, შესაძლოა სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსით დასრულდეს…


ყველა ახალი ამბავი
0