მან დაამკვიდრა მიხეილ ჯავახიშვილი ქართულ თეატრში

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიკოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი
კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 ნოემბერი კოტე მახარაძის დაბადების დღეა.

1964 წელს კოტე მახარაძემ რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭოს მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძის“ ინსცენირება წარუდგინა. მართალია, ამ დროს ჯავახიშვილი უკვე 10 წლის რეაბილიტირებული იყო, მაგრამ კვაჭის დადგმა ვერც ამჯერად მოხერხდა. ინსცენირება დაიწუნეს იმ მოტივით, თითქოს კვაჭი კვაჭანტირაძის წამოტივტივება ერის უარყოფით თვისებებზე ხაზგასმა იქნებოდა, თითქოს ან მაშინდელ ან თანამედროვე ქართველობას კვაჭები აკლდა…

1970 წელს კიევიდან სამშობლოში დიმიტრი ალექსიძე დაბრუნდა და მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა. ამავე წელს რუსთაველის თეატრი დატოვა კოტე მახარაძემ და მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. ალექსიძე-მახარაძის ტანდემი შედგა. სანდრო ახმეტელის მიერ „კვაჭი კვაჭანტირაძის" დადგმის მცდელობიდან 47 წლის შემდეგ, 1974 წლის 2 ნოემბერს კოტე მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე" 3 მოქმედებად წარმოადგინეს. ინსცენირების ავტორი სწორედ კოტე მახარაძე იყო. მთლიანობაში კი დოდო ალექსიძემ, კოტე მახარაძემ და მარჯანიშვილის თეატრმა მაინც გარისკეს და დიდი პროზაიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის ოცნება რეალობად აქციეს — „კვაჭი კვაჭანტირაძემ“ სცენურ სივრცეში დაიმკვიდრა ადგილი. წამებული მწერლის რეაბილიტაციას ფეხდაფეხ ვერ მოჰყვა მისი რომანის რეაბილიტაცია. მართალია, დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც, 1974 წლის 2 ნოემბერს მიხეილ ჯავახიშვილი ქართულ თეატრში დამკვიდრდა. კოტე მახარაძის შეუფასებელ დამსახურებად ესეც იკმარებდა, თუმცა მას სხვაც ბევრი რამ აქვს ნაღვაწი და ნაშრომი ისეთი, რომელიც მამულიშვილური ნიშნით იყო დაღდასმული:

მსახიობი კოტე მახრაძე - Sputnik საქართველო
რაზე ოცნებობდა კოტე მახარაძე - მსახიობის აქამდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ

1997 წელს  დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. კოტე მახარაძე იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის „დინამოში“.

1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე.

კოტე მახარაძეს, როგორც მამაკაცს, ჰქონდა რაღაც ამოუცნობი ხიბლი, რომლითაც ატყვევებდა ყველას. ბოლოს 54 წლის ასაკში მასზე 11 წლით უმცროსი სოფიკო ჭიაურელი შეუყვარდა — „სიყვარული უკანასკნელი" ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. თავად სოფიკო ყოყმანობდა, აყოვნებდა დაქორწინებას. ერთხელაც, როცა მარჯანიშვილის თეატრი მოსკოვში იყო საგასტროლოდ, ზამთარში რესტორანში შევიდნენ. იქიდან გამოსულმა შეზარხოშებულმა კოტემ კატეგორიულად მოსთხოვა სოფიკოს პასუხი: ახლა ან „ჰოს" მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან

„კარგად იყავი-მეთქი — უდარდელად მივუგე, მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილზე ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა

— კარგადო, — დამიძახა და ნამქერში გადაეშვა…"

წუთიც არ დაფიქრებულა სოფიკო ჭიაურელი, ისიც თან გადაჰყვა და მერე ორივე ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოიყვანეს იქიდან მეგობრებმა…

კოტე მახარაძე სიტყვის პატრონი იყო, საკუთარი ღირსება გააჩნდა და უღირს საქციელს არც თავად იკადრებდა და არც სხვას გააბედვინებდა. ასე იცხოვრა მან პროფესიის ერთგულებით, საკუთარი პრინციპების დაცვით, მრავალსახოვანი ცხოვრებით, რადგან სწამდა და უყვარდა!..

ყველა ახალი ამბავი
0