ლექსი, რომელიც გალაკტიონმა მურმან ლებანიძისთვის გადააკეთა

© National Library of Georgiaნოდარ დუმბაძე და მურმან ლებანიძე
ნოდარ დუმბაძე და მურმან ლებანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მურმან ლებანიძე 95 წლის გახდებოდა

მის ლექსებზე ადვილად ქმნიდნენ ქართველი კომპოზიტორები მუსიკას, ნამდვილად ამღერებული პოეტი იყო. საკმარისია დავასახელოთ რამდენიმე ლექსი, მაშინვე ამოტივტივდება ის მელოდიაც, ამდენი ხანია ერის ცხოვრების ნაწილად რომ ქცეულა:

„ციცო“ (წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო);

„სამშობლო“ (ჯიხვი ქარაფზე ხტის);

„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (ჩემო თვალნათელო)…

„უფლისციხესთან“ (სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი);

სრულიად გამორჩეული იყო მურმან ლებანიძის დამოკიდებულება და სიყვარული გალაკტიონის მიმართ. პოეტი წერდა: ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ, ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის:

_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ! დაგვისახელეთ მეორე პოეტი…

გალაკტიონს უცებ ჭინკებით გაევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,

— საქართველოში???— ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი…

ერთი პერიოდი მურმან ლებანიძე ჟურნალ „პიონერის“ რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა. ოქტომბერი იდგა — თბილისური ოქტომბერი. რედაქცია ჟურნალის საახალწლო ნომერზე ფიქრობდა, ამიტომ გალაკტიონს სთხოვა: ბავშვებისთვის ლექსი დამიწერეთ, თქვენზე უკეთ მათ ვინ მიულოცავს ახალი წლის შემობრძანებასო. გალაკტიონმაც პირობა მისცა. გავიდა ნოემბერი, დადგა დეკემბერი, გალაკტიონს კი დაპირებული ლექსი არადა არ მოჰქონდა… ჩაიარა ახლმა წელმაც… გარეთ სუსხიანი მარტი ტოტებს ამტვრევდა. მოულოდნელად გამოჩნდა პოეზიის მეფე და მურმან ლებანიძეს გახარებულმა უთხრა:

— ლექსი დაგიწერეთ! ა, ძამიკო, წაიკითხე!

გულზე შემოეყარა რედაქტორის მოადგილეს — მარტში რაღად უნდოდა საახალწლო ლექსი, მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი წინ ელოდა. გალაკტიონმა ფურცელი გადასცა და გამომწვევად დაუწყო ყურება.

კითხულობს მურმან ლებანიძე პოეტის ცნობილ ლექსს „მხარი მხარს“, რომელშიც სიტყვა „კოლექტივოს“ ნაცვლად ყველაგან წერია „პიონერო“:

მხარი მხარს, მხარი მხარს!

პიონერო, მხარი მხარს!

აბა, ჰე, აბა, ჰე,

აბა, მივცეთ მხარი მხარს!

თავსატეხი ის უფრო იყო, რა უნდა ეპასუხა  გალაკტიონისათვის. ბოლოს კი მოიფიქრა და უთხრა:

— ბატონო გალაკტიონ, ეს თქვენი ცნობილი ლექსის ვარიანტია, მაგრამ გალაკტიონის ვარიანტიც საინტერესოა.

— მართალია, მართალია, ძამიკო, სწორედ, რომ გალაკტიონის ვარიანტიც საინტერესოა!!!

ნიშანდობლივია ისიც, რომ მურმან ლებანიძეს 1990 წელს გამოცემული წიგნისთვის „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ“ მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.

 

ყველა ახალი ამბავი
0