სხვის ომში ბრძენი ქართველი გენერლები

გამოწერა
ბონაპარტეს რუსული ვოიაჟის მარცხით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა ოფიცრებმა, რომლებიც ომის პირველი დღიდანვე ჩაებნენ ანტიფრანგულ კამპანიაში. Sputnik-საქართველოს მკითხველს ამ ომების მონაწილე რამდენიმე გენერალზე უკვე მივაწოდე ინფორმაცია. მათ უმეტესობაზე ძალიან გაჭირდა ფაქტების მოძიება, ამიტომ დღეს შევეცდები ცოტ-ცოტა ყველაზე გიამბოთ.

ფრანგებზე საერთო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა გამოცდილმა დიპლომატმა, მრავალი ენის მცოდნემ, გენერალ-ადიუტანტმა სერგეი ლაშქარის ძე ბიბილურმა. მისი მამა ლაშქარა ბიბილური, ჯავახი აზნაური ვახტანგ მეექვსეს ამალაში ირიცხებოდა და საბოლოოდ რუსეთში დარჩა, მისმა შვილმა და შვილიშვილებმა პაპის სახელი გვარად გაიხადეს და ასე იქცნენ ჯავახი ბიბილურები ლაშქაროვებად. ნაპოლეონთან ბრძოლის წლებში სერგეი ბიბილური იყო კონსული მოლდავეთში, ვლახეთსა და ბესარაბიაში. მისი სამივე ვაჟიშვილი გახდა სამხედრო. ალექსანდრე და გრიგოლი — გენერალ-ლეიტენანტები, პავლე კი — გენერალ-მაიორი. პავლე ბიბილური (ლაშქაროვი) ბოროდინოს ბრძოლაში ციმბირის პოლკის შეფი, მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც დაკარგა მხედველობა.

CC0 / Wikipedia / George Doe / Ivan Semyonovich Zhevakovგენერალ-მაიორი ივანე ჯავახიშვილი
გენერალ-მაიორი ივანე ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო
გენერალ-მაიორი ივანე ჯავახიშვილი

ბოროდინოს ბრძოლაში  ჯავახიშვილის გვარის 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან სამი ღვიძლი ძმა მეფე ვახტანგის მარჯვენა ხელის შიო ჯავახიშვილის შთამომავალი იყო. უფროსი — 62 წლის მებრძოლი ოფიცერი სიმონი გმირულად დაიღუპა ბოროდინოსთან. ფილიპემ და ივანემ ასახელეს თავისი გვარი ფრანგებთან ომში და ორივეს გენერალ-მაიორის ჩინი მიენიჭა. მათაც უფრო სხვა გვარით-ჟევახოვებად იცნობდნენ. საინტერესოა, რომ ფილიპე 1801 წელს გენერალ-მაიორის ჩინით პენსიაზე გავიდა და პოლტავაში დასახლდა, თუმცა ნაპოლეონის შემოჭრისთანავე სასთავეში ჩაუდგა სახალხო ლაშქარს და ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა. მეორე ძმა ივანემ თავი გამოიჩინა ბროკთან ბრძოლისას. რუსულ საისტორიო წყაროებში ეს ფაქტი ასეა მოხსენიებული:-„მან(ივანემ) ისეთი გააფთრებით შეუტია მტერს, რომ თავის ჯარისკაცებთან ერთად გაარღვია მათი რიგები, ღრმად შეიჭრა ფრანგთა განლაგებაში და უდიდესი ზიანი მიაყენა. ამ ბრძოლისას პირადად მოკლა გენერალი ლიუკრესე და მარშალ ბერტიეს ადიუტანტი“. ამ გმირობისთვის მას წმინდა ვლადიმირის ორდენი და ოქროს დაშნა უსახსოვრეს. პენსიაზე გასული კი ქალაქ ოდესაში დასახლდა, ხაჯიბეის ლიმანთან ახლოს. იქვე პატარა გორაკს დღესაც ჟევახოვის გორაკს ეძახიან. გენერალი იყო მათი ნათესავიც სპირიდონ ჯავახიშვილი, პავლოდარის ჰუსართა პოლკის მეთაური. მანაც პირველიდან ბოლო დღემდე იომა ფრანგთა წინააღმდეგ და მრავალი ჯილდოც დაიმსახურა.

ფრანგებთან ომობდნენ სომხური წარმომავლობის ქართველი თავადები აბუმელიქოვები, რომელთა ვაჟიშვილებიც მოგვიანებით გენერლები გახდნენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თბილისელი მებრძოლი გენერალი ვალერიან (როსტომ) მადათოვი, რომელსაც ჯარისკაცებმა "რუსი მიურატი" უწოდეს. ნაპოლეონთან ომის შემდეგ ვალერიანი დაბრუნდა თბილისში, სადაც თავისი სახელი დატოვა იმით, რომ იყიდა და კეთილმოაწყო კუნძული მტკვრის დინებაში (სადაც დღეს "მშრალი ხიდია"), რომელსაც დიდხანს  მადათოვის კუნძულად  მოიხსენიებდნენ.

© National Archives of Georgiaვალერიან მადათოვი
ვალერიან მადათოვი - Sputnik საქართველო
ვალერიან მადათოვი

ნაპოლეონთან მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს სამეფო გვარის — ბაგრატიონების წარმომადგენლები: საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟიშვილი, ეგერის პოლკის ლეიბ-გვარდიის ოფიცერი ილია ბაგრატიონი, იმერეთის მეფის დავითის ვაჟიშვილი, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ფლიგელადიუტანტი; მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილები, მომავალი გენერლები იორამ და ნიკოლოზ თარხან-მოურავები; ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის პოდპორუჩიკი პეტრე გრუზინსკი, რომლის პოლკში იმ დღეს მოკლეს 700-ზე მეტი რიგითი ჯარისკაცი და 27 ოფიცერი; ულანის პოლკის ლეიბ-გვარდიის კორნეტი ალექსანდრე ბაგრატიონი-იმერეტინსკი; მომავალი გენერალი ზაქარია იოსელიანი, ვისი შვილიც ასევე გახდება გენერალი. ბოროდინოს გმირებს შორის შეიძლება დავასახელოთ ოთხი ძმა გედევანიშვილი, მოსე არღუთინსკი, ალექსანდრე ჭავჭავაძე — პოეტი.

CC0 / Wikipedia / Kober / Alexander Chavchavadzeალექსანდრე ჭავჭავაძე
ალექსანდრე ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჭავჭავაძე

ფრანგების წინააღმდეგ თავისი ლეგენდარული ძმის გვერდით იბრძოდა რევაზ (რომან) ბაგრატიონიც. 32 წლისა ის გახდა პოლკოვნიკი, ბოროდინოსთან ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა საზღვარგარეთ ლაშქრობაში, 1813 წელს გახდა გენერალ-მაიორი. სხვათა შორის დანარჩენი ქართველი გენერლებისგან განსხვავებით მას საქართველოშიც მოუწია მსახურება, 1828 წელს იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს სამეფო გვარმა ბაგრატიონმა რუსეთს 30(!) გენერალი მისცა, რომელთაგანაც თითოეული თავისი საბრძოლო გამარჯვებებით დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის არმიას.

CC0 / Wikipedia / Unknown / Roman Bagrationრომან ბაგრატიონი
რომან ბაგრატიონი - Sputnik საქართველო
რომან ბაგრატიონი

ეს გახლავთ არასრული სია იმ სამხედრო ოფიცრებისა და გენერლებისა, როიმლებიც პირველ სამამულო ომში იღებდნენ მონაწილეობას და სამშობლოდან ათასობით კილომეტრების დაშორებით,  უმაგალითო გმირობით აღტაცებაში მოყავდათ მტერ-მოყვარე. სამწუხაროდ, არცერთ მათგანს მშობლიური მიწა არ ღირსებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0