ჰაეროვანი ნახტომი

© photo: Sputnik / Vasilij Malyshev / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ ჭაბუკიანი და ვერ წიგნაძე
ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერ წიგნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 სექტემბერი ვერა წიგნაძის დაბადების დღეა

როცა დაფიქრდები იმაზე, გიმართლებს თუ არა ცხოვრებაში, ერთი რამ უნდა გაგახსენდეს — თანდაყოლილ ტალანტს წინ ვერაფერი გადაეღობება, ნიჭი თავის გზას მაინც იპოვის. ვერა წიგნაძემ საკუთარი თავი „აღმოაჩინა“ საბალეტო ხელოვნებაში. იღბალი, ალბათ, ის იყო, რომ 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა, ბედმა გაუღიმა და 1970 წლამდე ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი ერქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საბალეტო ხელოვნების ოქროს ხანა შეიქმნა მის თვალწინ, უფრო მეტიც, ის თავად იყო ამ ეპოქის შემქმნელი!

ვერა წიგნაძემ პირველმა გააცოცხლა სრულიად ახალი და უნიკალური სახები შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გ. კილაძის „სინათლე“; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის „გორდა“; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (დ. თორაძის „მშვიდობისათვის“), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის „ოტელო“), თამარი (ს. ცინცაძის „დემონი“). 

კრიტიკა ერთხმად აღიარებდა მისი ცეკვისათვის დამახასიათებელ პოეტურობას, რომანტიკულ მღელვარებას, დახვეწილ ოსტატობას. ვერა წიგნაძეს ჰქონდა იშვიათი უნარი გარდასახვისა, განცდისა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა — აი, რა განსაზღვრავდა მის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული თუ გმირული ხასიათის როლებში. დაუვიწყარია მისი ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი“) და ლაურენსია — ეს როლები საბალეტო ხელოვნებაში მაღალი აკადემიზმის კლასიკურ მაგალითად დარჩა. 

© SPUTNIK/ ВАСИЛИЙ МАЛЫШЕВსაქართველოს დამსახურებული არტისტი ვერა წიგნაძე.
საქართველოს დამსახურებული არტისტი ვერა წიგნაძე. - Sputnik საქართველო
საქართველოს დამსახურებული არტისტი ვერა წიგნაძე.

გამორჩეული იყო ვერა წიგნაძის ფაქტურა, თითქოს მოზეიმე სული დაფარფატებდა სცენაზე, თითქოს ამ სხეულს თავისი მუსიკა ჰქონდა, მოძრაობას — თავისი ტაქტი! 2015 წლის 31 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი. საგულისხმოა ისიც, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: იგორ არტამონოვი, ლუდმილა ხიტროვა, კონსტანტინ გერონიკი (მინსკის დიდი თეატრი, ბელორუსი); მეთიუ გოლდინგი (სამეფო ბალეტი, ინგლისი); ანა ციგანკოვა, მაია მახათელი, არტურ შესტიარიკოვი (ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი); ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჯოფრი ბალეტი, აშშ) — ცხადი გახდა, რომ ვერა წიგნაძის ნიჭი და ტალანტი არ ეკუთვნოდა მხოლოდ ქართულ კულტურას!

© საქართველოს ეროვნული ფონდივერა წიგნაძე
ვერა წიგნაძე - Sputnik საქართველო
ვერა წიგნაძე

2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვერა წიგნაძეს სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. მას არ აკლდა ჯილდოები, ჯერ კიდევ 1949 წელს ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთასორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა, 1955 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტი. ასევე, იყო საბჭოეთის უმაღლესი ჯილდოს, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1948, 1951 წწ.). 2009 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. 

და კიდევ ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანიც — 2007 წელს, ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში „კოსმოსი-დედამიწა“ შეტანილ იქნა ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის ვარსკვლავები. მათი სახელები „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს მიენიჭა.

ვერა წიგნაძემ იცხოვრა პროფესიის სიყვარულითა და ერთგულებით — მშვენიერია სიცოცხლის ასეთი სახეობა!

 

ყველა ახალი ამბავი
0