დიდი ვერიკოს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

© photo: Sputnik / Edward Pesovსოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად
სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 სექტემბერს ვერიკო ანჯაფარიძე 120 წლის გახდებოდა...

ვერიკო ანჯაფარიძე ჯერ კიდევ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. ქართული თეატრის მომავალი „ვარსკვლავი“ მაშინ 17 წლისა ყოფილა. ეს ჩანს თავად შალვა ამირეჯიბის ლექსიდან, რომელიც ვერიკოს უძღვნა:

„როდესაც იყო ჩვიდმეტის წლისა,

ის შეუყვარდა ჭაბუკსა ერთსა

და მის ლოდინში თავის მხევალთან

ის თამაშობდა ლუწს და კენტსა“.

ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთან. მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“ — გიორგი ლეონიძესთან, პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვებთან. სწორედ მისი მეშვეობით დაუახლოვდა ვერიკოც მათ. ზუსტად როგორ აეწყო ამირეჯიბი-ანჯაფარიძის ურთიერთობა უცნობია, ოღონდ ფაქტია, რომ ქართული თეატრის ლეგენდა მალევე ცოლად გაჰყვა „ოჯახის სიამაყეს, სულით არისტოკრატს, რომელსაც უყვარდა გალობის მოსმენა სიონსა ქაშუეთში“ (როგორც იგონებდა შალვა ამირეჯიბის და, მსახიობი ცაცა ამირეჯიბი).

ვერიკო აღტაცებული იყო მეუღლით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარა… ეს იყო დიდი მსახიობის ტრაგედიაც, უძილო ღამეების მიზეზიც, დარდიც და ტკივილიც: უყვარდა ცოლშვილიანი მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს.

© ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე - ფილმ "ქეთო და კოტეს" გადასაღებ მოედანზე
ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე - ფილმ ქეთო და კოტეს გადასაღებ მოედანზე - Sputnik საქართველო
ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე - ფილმ "ქეთო და კოტეს" გადასაღებ მოედანზე

მიზეზი  ზუსტად არავინ იცის. თავად მსახიობს ამაზე ლაპარაკი თურმე არ უყვარდა. საერთოდ, გაურბოდა იმაზე საუბარს, რაც თავისი თავისთვის ვერ ეპატიებინაო — წერს ვერიკო ანჯაფარიძის დიდი მკვლკევარი ნათელა ურუშაძე — ძუნწად მოიგონებდა, რომ მამამ, ცნობილმა ნოტარიუსმა ივლიანე ანჯაფარიძემ, გარდაცვალების წინ სთხოვა: „ამ ქვეყნიდან მშვიდად წავალ, თუ შენი პატრონი შალვა ამირეჯიბი იქნებაო“. რადგან ახალგაზრდა ვერიკოს უსაზღვროდ უყვარდა მიხეილ ჭიაურელი, არაა გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯით ცდილობდა საკუთარ თავში დიდი გრძნობის ჩაკვლას, აკრძალულ სიყვარულთან გამკლავებას, მაგრამ ამაოდ…

ასე იყო თუ ისე, ვერიკომ და შალვა ამირეჯიბმა ჯვარი დაიწერეს ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში. გერონტი ქიქოძის ცნობით (შალვა ამირეჯიბი მისი ცოლის ძმა იყო), საქორწილო სუფრა ყიფიანების ულამაზეს ეზოში გაშლილა. არსებობს ზეპირი გადმოცემაც, რომ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, ნამდვილი მიზეზი იცოდნენ პატარძალმა და მისმა უახლოესმა მეგობრებმა. გავიდა დრო, ამირეჯიბების ოჯახში ქალიშვილიც დაიბადა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.

ვერიკო ანჯაფარიძე იყო შალვა ამირეჯიბის გატაცება და პოეტური შთაგონება. მას უძღვნა რამდენიმე ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში, რომელსაც ჰქვია „მინანქრები“. ჩვენი აზრით, ამ წიგნის სათაურიც ვერიკოს უკავშირდება, რადგან ამავე კრებულში შეტანილ ლექსში „ვ. (ერიკო) ა. (ნჯაფარიძე)“ ვკითხულობთ:

„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“

და მომიხურეთ გულის კარები,

მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად

მოგართვით ლურჯი მინანქარები“. 

ეს ლექსი ოთხსტროფიანია და მასში სამჯერაა ნახსენები „მინანქრები“: „მას ბევრი ჰქონდა ზურმუხტ-ლალები, / მაგრამ მინანქრებს არ ადარებდა“ და „ქარი არხევდა ალბათ ქათიბსა / და ჟღარუნობდნენ მინანქარები!“

როცა ეს წიგნი გამოიცა, მათი ქორწინებიდან სრული ერთი წელიც კი არ იყო გასული და უკვე პოეტის გვერდით მისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული აღარ იდგა… 

გავა დრო, ვერიკო ანჯაფარიძე გახდება ქართული სცენის დედოფალი, რომელსაც მუხლმოდრეკით ეთაყვანება არამხოლოდ ქართველი მაყურებელი. მას მიუძღვნიან არაერთ პოეტურ ამაღელვებელ სტრიქონს იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ლადო ასათიანი, მიხეილ გაფრინდაშვილი, იოსებ ნონეშვილი, უშანგი ჩხეიძე… მაგრამ, შალვა ამირეჯიბი დარჩა პირველ ავტორად, რომელმაც ვერიკოს სახე შემოიტანა ქართულ პოეზიაში. თავად კი ემიგრაციაში აღესრულა ეული, მარტოსული, სიყვარულისგან უარყოფილი… იცხოვრა მაღალი ღირსებით, არისტოკრატული უბრალოებით, სამშობლო მიწისა და ვერიკო ანჯაფარიძის სიყვარულით…

 

ყველა ახალი ამბავი
0