ორი ჯადოსნური სიტყვა, ანუ ვინ გვიხსნის საცობებისგან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობები თბილისში
საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ყოველდღიური პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი ტრანსპორტის მოლოდინი და საცობებში საათობით დგომაა. თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომანქანების რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ მილიონს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა და ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლებითაც კი მათი ნახევარი დედაქალაქშია თავმოყრილი. 2016 წლისთვის საქართველოში ყველა მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40 პროცენტს ჰყავდა ავტომობილი.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.

2015 წელს 90 ათასი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან 55 ათასი მარჯვენასაჭიანია. ზუსტად ამდენი იყო იმპორტი 2014 წელსაც, როდესაც მანქანების რაოდენობა 1 054 000 იყო. 4 წლის წინ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, მანქანების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი — 9,1%-ით.

ავტომობილების მზარდი ბიზნესის პარალელურად სულ უფრო და უფრო იზრდება ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას დედაქალაქის მოსახლეობა. პირველ რიგში ესაა საცობების პრობლემა. დილით, როცა სწავლა იწყება და საღამოს, 6-დან 9 საათამდე მოძრაობა დედაქალაქის ბევრ უბანში გადატვირთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. გადავსებულია მეტროც. ანუ ადამიანებს ერთი პუნქტიდან მეორეში მისასვლელად სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ. თბილისში 603 ათასი ადამიანი მგზავრობს სამარშრუტო ტაქსებით, 330 ათასი — ავტობუსებით და 288 ათასი მეტროთი.

დღე ავტომობილების გარეშე - Sputnik საქართველო
Car-Free Days, ანუ როგორი იქნებოდა ცხოვრება ავტომობილის გარეშე - სახალისო ვიდეო

ავტომანქანების ჭარბი რაოდენობა თავისთავად ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თბილისის ჰაერი მეტად დაბინძურებულია და კიდევ უფრო მეტი დაბინძურების და უჟანგბადობის პერსპექტივა გვაქვს, თუ ხელისუფლებამ რაიმე არ იღონა. პირველ რიგში, ალბათ, ესაა ბენზინის ხარისხის მკაცრი კონტროლი და ტექდათვალიერების შემოღება, ასევე რეგულაციების შემოღება ტაქსებზე, რაზეც, დამერწმუნეთ, არც ერთი კანდიდატი არ ისაუბრებს წინასაარჩევნოდ, რადგან ეს ისედაც დაუსაქმებელი ადამიანებისთვის კიდევ ერთი დამატებითი უკმაყოფილოების საბაბი გახდება.

სპეციალისტები გამოსავალს დედაქალაქის სატრასპორტო სქემის შემუშავებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავენ. დღეისათვის თბილისში ავტობუსის 100 და სამარშრუტო ტაქსის 200-მდე ხაზია. ავტოპარკის განახლება რომ საჭიროა, ამას მარტივად შეამჩნევს დაკვირვებული თვალი.

პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა

ამ დღეებში სახელისუფლებო კანდიდატმა კახი კალაძემ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმა წარმოადგინა. კალაძე გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავს. ის გვპირდება: „ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას მოვუხსნით“.

კალაძემ ასევე პარკინგის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარკინგის სისტემის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორი პარკირების სისტემის დახმარებით ქალაქის ქუჩები უფრო თავისუფალი იქნება და შემცირდება საცობები.

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის დაპირებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად 3000 ავტომობილზე გათვლილ 10 მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა იგეგმება. „შეიქმნება პარკირების მართვის ეფექტური გეგმა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ისიც თქვა, რომ შეიძლება თბილისში ავტობუსების წარმოებაც კი დაიწყოს, თუმცა საფიქრალია, ეს იდეა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში რამდენად მოიპოვებს ნდობას.

ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღების მომხრეა

ხალხოსნურად, მაგრამ გააზრებულად წარმოადგინა თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. ისიც გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და მოწესრიგებაში ხედავს. მეტროს სადგურ „ახმეტელთან“ შეკრებილ ამომრჩევლებს ელისაშვილი „სი-თი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას და მეტროს ქსელის გაფართოებას დაჰპირდა. მისი თქმით, თბილისის მეტროს ორი ვაგონის დამატება და 26 მილიონი ლარი სჭირდება იმისთვის, რათა 280 ათასი კი არა, 520 ათასი მგზავრი გადაიყვანოს ყოველდღიურად, რაც დედაქალაქში მანქანების რაოდენობას 60 ათასით შეამცირებს. ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის განვითარება და ევროპული გამოცდილების გაზიარება — ასეთია ელისაშვილის ხედვა. ის ფიქრობს, რომ თბილისის გარეუბნებში მეტროს იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ანალოგი ტრამვაი უნდა გახდეს, თუმცა მისი ხაზების მშენებლობა და თავად ტრამვაის შემოყვანაც გრძელვადიანი პერსპექტივაა.

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატ თენგიზ შერგელაშვილსაც ძალიან ვრცლად აქვს წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამაში ტრანსპორტის პრობლემების მოგვარების ხედვა. შერგელაშვილი ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას „სი-თი პარკის“ გამო აკრიტიკებს და წერს, რომ, თბილისის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შესაბამისად, შემუშავდება პარკირების სისტემის განვითარების ერთიანი სტრატეგია, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი პარკირების რეგულირებისთვის. „დაინერგება საცობების პროგნოზირებისა და პარკირების ფასწარმოქმნის ინტეგრირებული მოდელი. პარკირების მართვა განხორციელდება კოორდინირებულად, თბილისის ხელმძღვანელობისა და პარკირების ოპერატორის მიერ. ძველი თბილისის მიმდებარე და ტურისტულ არეალებს, სადაც განსაკუთრებით მაღალი სიმჭიდროვეა, გავათავისუფლებთ დატვირთული პარკირებისა და სამანქანო ნაკადისგან, რათა ქალაქის ეს ნაწილი გახდეს უფრო მიმზიდველი როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, – პირობას იძლევა შერგელაშვილი.

2015 წელს ელექტრომობილების ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ჩინეთი და აშშ ჩამოიტოვა. 2016 წელს გაყიდვების რაოდენობა ორმაგზე მეტად გაიზარდა. ლიდერობენ არა უცხოური, არამედ ადგილობრივი მწარმოებლები. ჩინური ავტომობილები აქტიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, სახელმწიფო კი მხარ სუჭერს მათ: მთავრობას სურს მრავალმილიონიან ქალაქებში ჰაერში აირები შემცირდეს - Sputnik საქართველო
ელექტრომობილები მსოფლიოს იპყრობენ: მომავლის ტექნოლოგიები

მისი პროგრამით, მთლიანად განახლდება ავტობუსების პარკი. უზრუნველყოფილი იქნება ავტობუსების მოძრაობის განრიგი წუთობრივი სიზუსტით. გადაიხედება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემები, შემცირდება მათი მარშრუტის არეალები და ისინი მსხვილი სატრანზიტო ხაზებისთვის შემავსებლის ფუნქციას შეიძენენ.  ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოექცევა ერთიან საბილეთო სისტემაში. დაინერგება სხვადასხვავადიანი სააბონენტო სისტემა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას შემცირდეს ერთი მგზავრობის საშუალო საფასური, ასევე გაიწერება თბილისში 10 წლის განმავლობაში ჩქაროსნული ტრამვაის ხაზების გაყვანის დეტალური გეგმა. შერგელაშვილი ასევე ყურადღებას მიაქცევს საბაგირო გზების განვითარებას.

სხვათა შორის, შერგელაშვილი საარჩევნო პროგრამით ტაქსებზე რეგულაციების დაწესებას და დღეს არსებულ საწვავზე მომუშავე ტაქსების ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლებასაც გვპირდება.

თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო სლოგანი წააგავს ბარაკ ობამას პირველი არჩევისას წარმატებულ მიგნებას: „დედაქალაქში ცვლილებების დროა“. ამავე დროს უდუმაშვილი მოსახლეობის დამოკიდებულებიდან გამომდინარე „სი-თი პარკის“ მიმართ არსებულ აგრესიასაც ხელსაყრელად იყენებს — თბილისი „სი-თი პარკის“ გარეშე, — ასეთია მისი ერთ-ერთი მესიჯი, „გავაუქმებთ ხელშეკრულებას „სი-თი პარკთან“, ავაშენებთ მრავალსართულიან მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების სისტემას, ავაშენებთ 7 ახალ ესტაკადას, 3 ხიდს, 2 გვირაბს და ახალ ავტომაგისტრალს, რომელიც თბილისს განტვირთავს საცობებისგან. დავასრულებთ შეჩერებულ შემოვლითი რკინიგზის პროექტს“, — ამბობს უდუმაშვილი. აქვე სამართლიანობისთვის კარგი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავზე აიღებს „სი-თი პარკის“ შემოყვანის „ცოდვას“, თუმცა მისი მამამთავარი გიგი უგულავა უკვე „ევროპელი დემოკრატია“ და ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს, ისევე, როგორც მათი კანდიდატი ელენე ხოშტარია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამების პრეზენტაციისას კახი კალაძე და მისი შტაბი შეგნებულად არ ასახელებენ „სი-თი პარკს“, როგორც ჩანს, იურიდიული მოტივებიდან გამომდინარე. ყველა სხვა კანდიდატი კი თბილისელების ერთ-ერთი შემაწუხებლის მიმართ კომენტარებს არ ერიდება.

პარკირების ნიშანი თბილისში - Sputnik საქართველო
პარკირება თბილისში: როგორი იქნება „სითი პარკის“ ბედი

რაც შეეხება ბურჯანაძე-დემოკრატების მერობის კანდიდატ კახა კუკავას, მას მიაჩნია, რომ თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერდეს. „დედაქალაქის განტვირთვის მეორე გზა არის სახელმწიფო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის გატანა დედაქალაქიდან. საჭიროა ეს მოძველებული სამარშრუტო ტაქსები ჩანაცვლდეს ახალი, კომფორტული ავტობუსებით და დაიწყოს ახალი ავტოსადგომების მშენებლობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ერთი მხრივ, და მცხოვრებთა გონივრული გადანაწილება დასაქმების ადგილების მიხედვით მთელ ქვეყანაში დააბალანსებს საცობებთან დაკავშირებულ კრიზისს“, — თვლის კუკავა.

და, ბოლოს, თბილისი ვეღარ გვიტევს. ის არ იყო ამხელა მოსახლეობასა და ამდენ ავტომობილზე გათვლილი ქალაქი, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება უახლოეს ათწლეულში. თბილისზე დიდი ქალაქი კი მსოფლიოში უამრავია, მაგრამ მათ აწყობილი სატრანსპორტო სქემა და გონივრულად დაგეგმილი ინფრასტუქტურა აქვთ, გამწვანებით, პარკებით და გადაადგილების სქემით. აქაც, ისევე, როგორც კონსტიტუციაზე, ერთი ჯადოსნური სიტყვაა საჭირო — საზოგადოებრივი კონსენსუსი. ხოლო მეორე ჯადოსნური სიტყვა დაგეგმარებაა. გეგმა მომავლის წინასწარ ხედვას, გააზრებას ნიშნავს და სულ არაა ცუდი სიტყვა და კომუნისტური გადმონაშთი. ასე რომ, დავგეგმოთ კარგად და ვიცხოვროთ უკეთ. ეს შესაძლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0