ნაპოლეონ ბონაპარტე და მისი მოწინააღმდეგე 12 ქართველი გენერალი

გამოწერა
ისტორიკოსების ცნობით, რუსეთში წასული და ასტრახანში გარდაცვლილი ქართველთა მეფის ვახტანგ VI-ის ამალიდან იქ დარჩენილ ქართველ დიდგვაროვანთა უმეტესობამ სამხედრო სამსახური აირჩია.

სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი ქართულ სამხედრო ელიტას რუსულ არმიაში და მათი დამსახურებაა, რომ სამი ათეული წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა…

1812 წლის 7 სექტემბერს მოსკოვიდან 130 კილომეტრში მდებარე სოფელ ბოროდინოსთან ერთმანეთის წინააღმდეგ იდგა იმ დროისთვის ორი ყველაზე ძლევამოსილი არმია – 133-ათასიანი ფრანგული შენაერთი 120-ათასიან რუსთა ჯარს უნდა შეეჩერებინა. აქ მცნებები „ფრანგი“ და „რუსი“ პირობითია, რადგან როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მრავალი სხვა ეროვნების ადამიანი იბრძოდა. რაც შეეხება ქართველებს, ისინი ორივე არმიის შემადგენლობაში იყვნენ. ნაპოლეონს ეგვიპტიდან წამოყვანილი ჰყავდა მამლუქთა ესკადრონი, სადაც სხვებთან ერთად ქართველებიც ირიცხებოდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი გახლდათ ვინმე შაჰინი, რომელიც ბონაპარტეს შემდგომაც ფრანგულ ჯარში მსახურობდა. რაც შეეხება რუსულ არმიას, აქ ყველაზე გამორჩეული ინფანტერიის გენერალი პეტრე ბაგრატიონი იყო, რომელიც მარცხენა ფლანგს მეთაურობდა. ეგრეთ წოდებულმა „ბაგრატიონის ფლეშებმა“ დიდწილად განაპირობა კიდეც ომის ბედი. რვაჯერ შეუტია სახელოვანმა მარშალმა მიურატმა ამ გამაგრებას, მაგრამ ვერაფრით ვერ გაარღვია, უფრო მეტიც, კინაღამ ტყვედაც კი ჩავარდა. თავად ნაპოლეონი დიდად აფასებდა ქართველ სარდალს. ისინი მანამდეც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს 1805-07 წლებში და ბაგრატიონი ყოველთვის გამოდიოდა გამარჯვებული! მარტო შენგრაბენი რად ღირს, სადაც ხუთი ათასი დაღლილი, მშიერი ჯარისკაცით ბაგრატიონი წარმატებით იგერიებდა ნაპოლეონის 35-ათასიანი ჯარის განუწყვეტელ თავდასხმებს და თავად გადადიოდა კონტრშეტევებზე! ისტორიაში შენგრაბენი შევიდა, როგორც მანამდე არნახული სამხედრო ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუში! ბონაპარტესთვის ტრიუმფალურ აუსტერლიცის ბრძოლის დროსაც კი მან ვერაფერი მოუხერხა მოკავშირეების მარჯვენა ფლანგს, რომელსაც ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა.

CC0 / Wikipedia / George Dawe / Peter Ivanovich Bagrationპეტრე ბაგრატიონი
პეტრე ბაგრატიონი - Sputnik საქართველო
პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ბაგრატიონის დარად გმირულად იბრძოდა ყველა ქართველი გენერალი. რუსულ ჯარში განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ ძმები ფანჩულიძეები – ივანე და სიმონი. ივანე ბაგრატიონის მეორე არმიაში იბრძოდა და „სუვოროვის სკოლის“ გენერლის ნამდვილი განსახიერება იყო. სიმამაცეში ძმას არ ჩამორჩებოდა მეორე ფანჩულიძეც – სიმონი. იგი მეთაურობდა არმიის მარჯვენა ფლანგის კავალერიას და იმავე დროს – ჰუსართა და ულანთა პოლკებს.

ბოროდინოს შემდეგ საუცხოო სამხედრო კარიერა გაიკეთა გენერალ-მაიორმა ანტონ შალიკაშვილმა. საოცარი გულადობით გამოირჩეოდა 1799 წლიდან გენერალ-მაიორი სიმონ განგებლიძე, მეცამეტე ქვეითთა დივიზიის უფროსი. გენერალმა ლევან იაშვილმა გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო არტილერისტმა. განსაკუთრებული დამსახურებების გამო მან მიიღო არტილერიის სრული გენერლის წოდება და პირველი არმიის არტილერიის მეთაურის თანამდებობაც. უშიშარი გენერალი იყო მისი უფროსი ძმა — ვლადიმერიც, რომელსაც ძალზე აფასებდა თვით კუტუზოვი. აქ მცირეოდენ გადახვევას გავაკეთებ: ეს ის ვლადიმერ იაშვილია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმპერატორ პავლე პირველის დახრჩობაში. შემდეგმა იმპერატორმა, ალექსანდრემ იგი კალუგაში გადაასახლა. სახალხო ლაშქრის შეგროვებისას გენერალი იაშვილი ისევ გაიხსენეს და მანაც პირნათლად მოიხადა ვალი. ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ვლადიმერ იაშვილი ჯერ დააჯილდოეს და მერე ისევ გადასახლებაში უკრეს თავი.

CC0 / Wikipedia / Louis Lejeune / Battle of Borodinoბოროდინოს ბრძოლა
ბოროდინოს ბრძოლა - Sputnik საქართველო
ბოროდინოს ბრძოლა

ნაცადი მეომარი გახლდათ 23-ე ქვეითთა დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ივანე გურიელიც. შემდგომში, 1813-14 წლებში რუსეთის არმიის საზღვარგარეთული ლაშქრობისას, რომელშიც უკვე 18 ქართველი გენერალი მონაწილეობდა, გურიელმა 1814 წლის მარტში ხელთ იგდო მონმარტრის სიმაღლეები, რასაც პარიზის კაპიტულაცია მოჰყვა.

საინტერესო ისტორია აქვს კიდევ ერთ, ყველაზე ახალგაზრდა ქართველ გენერალს, გრაფ ალექსანდრე ივანეს ძე ქუთაისოვს. მისი მამა – ვანო კიკიანი 1769 წელს ქუთაისში დაატყვევეს გენერალ ტოტლებენის ჯარისკაცებმა. ვანომ მაშინ ტახტის მემკვიდრის პავლეს ყურადღება მიიპყრო. რუსმა უფლისწულმა ის ჯერ დალაქად აიყვანა, შემდეგ კი პირად მდივნად გაიხადა. მისცა მას გრაფის ტიტული, ხოლო 22 წლის ასაკში გენერალ-მაიორის წოდებაც უბოძა. აი, ამ კიკიან-ქუთაისოვის შვილი ალექსანდრე ბოროდინოს ბრძოლაში მთელი რუსული ჯარის არტილერიას მეთაურობდა. იგი 7 სექტემბრის საღამოს რაევსკის ბატარეაზე დაიღუპა. საბრალოს ორ დღეში 28 წელი შეუსრულდებოდა.

ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდა ჯავახიშვილების გვარის ოთხი წარმომადგენელი. ესენი არიან ძმები, გენერალ-მაიორები ფილიპე სიმონის ძე და ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილები. მათი მამა სიმონი, 62 წლის ოფიცერი გმირულად დაეცა ბოროდინოს ველზე. გენერალი იყო სპირიდონ ერასტის ძე ჯავახიშვილიც. ის, თავის ჰუსართა პავლოგრადის პოლკთან ერთად, მონაწილეობდა საზღვარგარეთულ ლაქრობაშიც და, როგორც სხვა ქართველი გენერლები, დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.

ლეგენდარული ძმის გვერდით იბრძოდა პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა რევაზი (რომანი). 32 წლისამ მან პოლკოვნიკის წოდებამდე მიაღწია. ბოროდინოსთან მეთაურობდა ჰუსართა პოლკს. თავი გამოიჩინა 1813-14 წლების კამპანიაში და 1813 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1828 წელს კი რომან ბაგრატიონი ტფილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ძმებმა ალექსანდრე და გრიგოლ ბიბილურებმაც (მათ უფრო ლაშქაროვის გვარით იცნობდნენ). ისინი გენერალ-ლეიტენანტები იყვნენ. ხოლო მესამე ძმა – პავლე ციმბირის ქვეითთა პოლკს მეთაურობდა. ის ბოროდინოს ველზე მძიმედ დაიჭრა და მხედველობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მათი მამა, გენერალ-ადიუტანტი სერგო ბიბილური–ლაშქაროვი სამამულო ომის დროს გენერალური კონსული იყო მოლდავეთში, ბესარაბიასა და ვლახეთში.

© National Archives of Georgiaვალერიან მადათოვი
ვალერიან მადათოვი - Sputnik საქართველო
ვალერიან მადათოვი

გამორჩეული გმირის სახელი მოიხვეჭა გენერალმა ვალერიან (როსტომ) გრიგოლის ძე მადათოვმა, რომელსაც ჯარში „რუსი მიურატი“ უწოდეს. ომის შემდეგ ვალერიანი თბილისში დაბრუნდა, იყიდა მტკვრის შუამდინარეთში არსებული კუნძული, იქ, სადაც ახლა „მშრალი ხიდია“. ეს კუნძული დიდი ხნის განმავლობაში მის სახელს ატარებდა. აუცილებლად უნდა ვახსენო მომავალი გენერალი, ჩვენი სასიქადულო პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძეც – იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ნათლული, პირველი არმიის სარდლის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტი.

CC0 / Wikipedia / Kober / Alexander Chavchavadzeალექსანდრე ჭავჭავაძე
ალექსანდრე ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჭავჭავაძე

ეს გახლდათ მცირე ჩამონათვალი ბოროდინოს ომის მონაწილეთა შესახებ (ძირითადად გენერლები). იყვნენ კიდევ სხვებიც, მათ შორის იყვნენ უფლისწულები, თავადები, აზნაურები, უბრალო მოსამსახურეებიც, ქართველებიც და თბილისელი სომხებიც, მათგან აღსანიშნავია სამი ძმა აბამელიქები და ბევრი სხვა…

უნებურად გამახსენდა შესანიშნავი ქართული ფილმი „მამლუქი“ და ფინალური ფრაზა: „არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე  ვენეციელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ…“

ყველა ახალი ამბავი
0