რატომ დავფრინავთ სიზმარში და საერთოდ რა ვიცით მის შესახებ?!

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიძილი
ძილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიზმარი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ დედის საშოში დავფრინავდით მორფეოსის სამეფოში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიზმარს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, თუმცა არა წინასწარმეტყველური, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ.

რა ვიცით სიზმრების შესახებ, რომლებსაც თითქმის ყოველ ღამე ვხედავთ? პირველი და მთავარი-იგი ეხმარება ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უწყობს დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაში.

გასულ საუკუნეში მეცნიერებმა უამრავი ცდა ჩაატარეს ვირთხებსა და კურდღლებზე, საცოდავებს არ აძინებდნენ და რამდენიმე კვირის შემდეგ მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიზმრის ფაზა სიცოცხლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა.

ბევრი თქვენგანი დაკვირვებია ალბათ რა საყვარლად იღიმებიან მძინარე ჩვილები. ისინი დღე-ღამის 70%-ს ძილში ატარებენ და ათასნაირ სურათებს ხედავენ. სიცოცხლის პირველი წლები სწრაფი განვითარების, გარე სამყაროსა და საკუთარი თავის შესწავლის პერიოდია, ხოლო სიზმარი გონების ფორმირების აუცილებელი პირობა.

სიზმარი - Sputnik საქართველო
სიზმარი და ფსიქიკა

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, ყოველ ღამე 4-5 სიზმარს ვნახულობთ, რომელთა ხანგრძლივობაც დაახლოებით 90 წუთია. თურმე ამ დროს ჩვენი ტვინი ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც ცხადში. ძილის უმეტეს ფაზაში ფიზიკური პროცესები ჩვენს ორგანიზმში შენელებულია, სხეული ისვენებს, მცირდება ტვინის ტალღების სიხშირე, ხოლო სიზმრის ნახვისას ტვინი სრული 100%-ით ფუნქციონირებს. პულსი და სუნთქვა გახშირებულია, თუმცა კუნთები კვლავინდებურად მოდუნებულია. ყოველდღიური აზროვნებისგან განსხვავებით, ძილში რაიმე ლოგიკა არ ფიქსირდება. შესაძლოა იყოთ ერთ ადგილას და უეცრად „გადახტეთ“ სულ სხვა ლოკაციაში და ათასი სისულელე აკეთოთ. ვის სჭირდება ეს ქაოსი? ვის და თურმე ჩვენ! იგი აუცილებელია მეხსიერების რეორგანიზაციისთვის. ძილის დროს ჩვენი ქვეცნობიერი ყოველგვარ ახალ ინფორმაციას და გამოცდილებას თავ-თავის ადგილზე აწყობს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თურმე    ვინც სიზმრებს იშვიათად ხედავს, ეს მის მეხსიერებაზე ცუდად მოქმედებს. 

სიზმარში ალბათ თქვენც დაფრინავთ, ეს თურმე ფსიქოლოგიური რეაქციაა სიზმრის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლისას. ამ დროს ხდება კუნთების განტვირთვა და მოდუნება. სიმსუბუქის შეგრძნება კი ზოგჯერ ფრენის იმიტაციას იწვევს.

სიზმარი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: ტვინი ჩვენი სიზმრების რეჟისორია

მეცნიერებმა მოახერხეს, თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, თვალყური მიედევნებინათ ტვინის ფუნქციონირებისა და სისხლის მიმოქცევისთვის ძილის დროს. როგორც გამოირკვა ამ დროს „მუშა“ ელემენტებია ჰიპოკამპი (მეხსიერებასთან არის კავშირში), ემოციების მარეგულირებელი ნუშისებრი ჯირკვალი და ტვინის ღეროს ხიდი.

ეს მათ ბევრ რამეში დაეხმარა, თუმცა ბევრი  დღესაც გაურკვეველია და ბურუსითაა მოსილი. როგორც ეტყობა სიზმრის ნახვისას ტვინი მეხსიერების ბანკიდან იღებს ინფორმაციებს, რომლებიც სხვადასხვა განზომილებაშია განლაგებული. შემდეგ ქვეცნობიერი ამ მოგონებებს საკუთარი ინიციატივით ერთმანეთში ურევს. სიზმრის ელემენტები შეიძლება იყოს წინა დღეს მომხდარი ამბავი, ან წინა კვირის, ანაც რამდენიმე თვის წინანდელი. გაიხსენეთ, ხომ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში შეხვედრიხართ უცნობს, რომელიც დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ რომ სადღაც გინახავთ. სინამდვილეში ეს თქვენი ტვინის მიერ შენახული ინფორმაცია სიზმარში ამოგიტივტივდათ და იმიტომაც აღმოჩნდა თქვენი მეხსიერების თაროზე.

სიზმრების დამჭერი - Sputnik საქართველო
სიზმრად ნანახი კოშმარის ბუნება, ანუ რას ნიშნავს ძილში ნანახი ურჩხული

მაგრამ რა რიგითობით ირჩევს ჩვენი ტვინი ამა თუ იმ ინფორმაციას, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რაც დაკავშირებულია სიზმართან და ადამიანის ამ უმთავრესი ორგანოს ფუნქციონირებასთან. სიზმარი მართებულად ითვლება ჩვენი ცხოვრების ერთერთ გამოუცნობ და საინტერესო მოვლენად. მეცნიერები დღემდე სწავლობენ ამ ფენომენს. დანამდვილებით შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ჯანსაღი ძილი და მისი თანმდევი სიზმარი უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. მეც ისღა დამრჩენია ყოველ ღამე  ტკბილი ძილი და ლამაზი სიზმრები გისურვოთ!

 


ყველა ახალი ამბავი
0