უოლტერ რელის ხათრით „დახურდავებული ასმანეთიანი“

გამოწერა
როცა ბაბუაჩემმა პირველად გაიგო, რომ სიგარეტს „ვეთამაშებოდი“, დამიძახა და მითხრა – გირჩევნია ახლავე დაანებო თავი მაგ გლახა საქმეს, თორემ ისეთი დღეც დაგიდგება, ასმანეთიანს დაგახურდავებინებსო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ყველაზე იაფი სიგარეტი „პრიმა“ 12 კაპიკი ღირდა, ხოლო ყველაზე ძვირი „კოლხეთი“ – 40 კაპიკი, ეს დარიგება საკმაოდ მრავლისმთქმელი იყო. ყველა სიკეთე აგიხდათ ისე, როგორც მე და ბევრს ეს ნათქვამი აგვიხდა.

სხვებივით მეც ხშირად მითქვამს — ამის ფესვი გახმა, ასე დაიწვას ამის მომგონი და ჩვენში შემოტანის დღე-მეთქი, მაგრამ რად გინდა! მაინც ვზივარ ჩემ ტერასაზე, განუყრელი დილის ცივი ყავითა და სიგარეტით ხელში. სულ მთლად დაწვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ 27 ივლისს — ევროპაში თამბაქოს შემოტანის (1585 წლის 27 ივლისი) დღეს ქალაქს თბილისური პაპანაქება დილიდან ემუქრება.

სიგარეტის მწეველი - Sputnik საქართველო
რჩევები თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველებს

წარმოუდგენლად საინტერესო პერსონა კი ყოფილა ის ინგლისელი რაინდი უოლტერ რელი — ცნობილი არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული, კლასიკური განათლებით, უშიშარი და თავზეხელაღებული მეზღვაური, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, პოეტი, დედოფლის ფავორიტად ცნობილი ღირსების კაცი. ამბობენ, ეს ის რელია, რომელმაც გუბურაზე გადასვლისას, რომ არ დასველებულიყო, თავისი მოოქროვილი მოსასხამი გაუგო ფეხქვეშ ინგლისის დედოფალს ელისაბედ პირველს. რას აღარ სჩადიოდა დედოფლის ყურადღების მისაქცევად და მისგან მადლიერების დამსახურებისათვის: სასახლის ფანჯრებზე ბრილიანტით კაწრავდა სახოტბო ლექსებს, თავდადებით იბრძოდა ირლანდიასა და ფლანდრიაში. ინგლისის სახელით ერთ-ერთი პირველი აწარმოებდა ჩრდილოეთ ამერიკის დიდ კოლონიზაციას. მეგობრობდა თავისი დროის დიდ პოეტებთან — თომას კიდთან, კრისტოფერ მარლოსთან და თვით უილიამ შექსპირთანაც კი! 

1 ივნისიდან საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება - Sputnik საქართველო
დღეს დედამიწას ნუ დააბოლებთ...

თუმცა, ამდენი დიდი საქმის მკეთებელი, ამერიკიდან თამბაქოს შემოტანით, თავიდან გაუთვალისწინებელი ამ უწყინარი ნაბიჯით, წარმოდგენა რომ არ ჰქონდა, ისე შემორჩა ისტორიას — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესის წამქეზებლად.

შინ მისატანი ფულის დაწვაზე უფრო დიდი უაზრობა ნორმალურად მოაზროვნემ ძნელია წარმოიდგინო, მაგრამ რამდენი ასეთი, მართლა ნორმალური და აზრიანი ადამიანი ვიცით, ყველაფერს რომ მოიკლებს და „ასმანეთიანს დაახურდავებს“?! 

რომელი თამბაქო?!

ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს რარიტეტად ქცეული ძვირფასი პორტსიგარების, ცნობილი პიროვნებების ჩიბუხების, მონარქებისა და პრეზიდენტების კაბინეტებში სიგარებისა და სიგარეტების თვალ-მარგალიტით შემკული ყუთების, ასანთის კოლოფებისა და სანთებელების ღირებულება!

ჰოდა, არასოდეს მქონია იმაზე უფრო დიდი სურვილი, როგორიც ახლა: ხომ შეიძლება, აწი, მე თვითონაც ბაბუამ, ერთხელ მაინც ცხოვრებაში მართლა დავუჯერო იმ სულმნათ ბაბუაჩემს და მართლა ვთქვა უარი უაზრო „ასმანეთიანის დახურდავებაზე“?!

ძნელიაო?!

იოლი დილის მისალმებაა — როცა ჯანმრთელი ხარ და 27 ივლისის პაპანაქებაშიც კი ცხოვრება გიხარია!

P.s. სიგარეტის საშუალო ფასი სამ ლარზე მეტია — საღად აზროვნებისთვის სერიოზულად დიდი გადასახადი!

 

მერაბ ხაჩიძე


ყველა ახალი ამბავი
0