ქართველის მიერ დამზადებული „ვენეციური" ნიღბები და მისი ბიჭი - თოჯინები

© FB/ მაკოს თოჯინებიმაკო გნოლიძის თოჯინები
მაკო გნოლიძის თოჯინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკო გნოლიძე - პროფესიით ფიზიკოსი და ფსიქოლოგ-სოციოლოგია, რომელსაც საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. თოჯინების კეთება ჯერ ჰობის სახით დაიწყო, დღეს კი უკვე სხვადასხვა გამოფენებზე იწვევენ. მაკომ 2016 წელს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ჩატარებულ თოჯინების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

– ქალბატონო მაკო, მაინტერესებს, ფიზიკოსისა და ფსიქოლოგის ცოდნა თუ გამოგადგათ ახალ საქმიანობაში?

— ვფიქრობ, ჩემი პროფესიის ცოდნა თავისთავად გამომადგა. როცა ფსიქოლოგი ხარ და თოჯინების ხასიათს ქმნი, ზუსტად იცი, თუ როგორ „გადმოსცეს" თოჯინამ გარკვეული მიმიკა და ემოცია. მაგალითად, როგორ უნდა ჰქონდეს მას ცივი თვალები და მოწყენილი მზერა, ან, პირიქით. შენი ცოდნა ხასიათის შექმნაში თავისთავად გეხმარება. კონკრეტულ ემოციას თავისი სპეციალური ნაკვთი აქვს, რომლითაც ეს ემოცია უნდა გადმოსცე. როცა ვიღიმებით, ტუჩები ოდნავ განზე გადის, თვალების გარშემო ნაოჭი ჩნდება, თავად თვალები კი მოჭუტულია. ასე რომ, როცა თოჯინაში რაღაც ემოციას „აკეთებ", ფსიქოლოგიის ცოდნა გეხმარება.

© FB/ მაკოს თოჯინებიმაკო გნოლიძე
მაკო გნოლიძე - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძე

 

– ფიზიკა კი ზუსტი მეცნიერებაა და თან კონკრეტულ მასალასთან გაქვთ საქმე…

— მართალია, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, სადღაც ქვეცნობიერში დალექილი ფიზიკის ცოდნაც მეხმარება. მუშაობისას რაღაც სიმეტრიის დაცვაა აუცილებელი, თვალების ერთმანეთთან შეხამება. უნდა იცოდე სხვადასხვა მასალის, მაგალითად, რკინის თიხასთან შეხამება ან საღებავის სხვადასხვა მასალაზე გადატანა და ასე შემდეგ.

– თქვენ სულ 22 თოჯინა გაქვთ გაკეთებული, მათგან უმეტესობა ბიჭებია, ეს შემთხვევით გამოდის თუ გამიზნულად?

— დიახ, ახლა 23-ეზე ვმუშაობ და მათგან უმრავლესობა ბიჭებია, მხოლოდ შვიდი გოგონა მყავს. სულ ვფიქრობ, ასე რატომ გამოდის? თუ არ ვეცადე, რომ გოგო გამოვიყვანო, ბიჭები გამოდის… როცა საქმეს იწყებ, წინასწარ არ იცი, რა გამოვა. მერე უკვე თოჯინა თავად გიკარნახებს, ასე ვთქვათ, რა, ვინ უნდა, რომ იყოს… ჰოდა, როცა ვიწყებ, რატომღაც სულ მამაკაცური ნაკვთები გამომდის. ეს რასთანაა დაკავშირებული, ვერ გეტყვით…

© FB/ მაკოს თოჯინებიმაკო გნოლიძის თოჯინა
მაკო გნოლიძის თოჯინა - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძის თოჯინა

– იქნებ ამის ახსნა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ?

— ისე, ბავშვობაში მართლა სულ ბიჭებთან თამაში მიყვარდა. მათთან ვმეგობრობდი და ცოტა „ხულიგანი" ბავშვი ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს, წრეში ბურთს და კორტებზე დავრბოდი. თოჯინები კი არასოდეს მიყვარდა. ალბათ ამ მომენტმაც თავისი როლი ითამაშა. ქვეცნობიერში რაც დაილექა და რაც მაშინ დამაკლდა, ახლა ამოტივტივდა. არ მახსოვს, რომ ხელში თოჯინა ამეღოს და დედასავით ჩამეხუტებინა, ზეწარში გამეხვია ან საწოლში ჩამეწვინა… მანქანები მიყვარდა, სულ პაწაწინა ვიყავი, მამამ საჭესთან რომ დამსვა და ძალიან მიხაროდა. ისე გამოდის, რაც მაშინ დამაკლდა, ახლა „ვინაზღაურებ" და 40 წლის ასაკში თოჯინებით თამაში დავიწყე…

© FB/ მაკოს თოჯინებიმაკო გნოლიძის ფერადკანიანი გოგონას თოჯინა
მაკო გნოლიძის ფერადკანიანი გოგონას თოჯინა - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძის ფერადკანიანი გოგონას თოჯინა

– ქალბატონო მაკო, თქვენი თოჯინებიდან ერთი ერთ-ერთი გოგონა ფერადკანიანია…

— დიახ, ერთი ფერადკანიანი თოჯინაა. იცით, როგორ იყო? მისი თავი რომ გავაკეთე, მოსწავლეს ვუხსნიდი სიმეტრიებში როგორ კეთდება – სად არის შუბლი, ცხვირი, ტუჩი. ამჯერად კი ისე გამოვიდა, რომ მას პუტკუნა ტუჩები ჰქონდა, ოდნავ გვერდზე გაწეული ფართო ნესტოები, შთამბეჭდავი თვალები და რომ შევხედე, აშკარად ზანგებისთვის დამახასიათებელი ნაკვთები გამოვიდა. რაღაც სტილიც უნდა მოარგო მას, მარტო ის არ არის, რომ შავად შეღებავ და ზანგი გამოვა. დიდხანს ვფიქრობდი ამ თოჯინის ხასიათზე, ვფიქრობდი, რა ხასიათი მიმეცა მისთვის და ბოლოს გამოვიდა ასეთი მწვანეთვალება ზანგი გოგო, რომელიც ძალიან მომწონს…

– ვიცი, რომ 18 მაისს მუზეუმების გაერთიანების მიერ თოჯინების მუზეუმში მოწყობილ გამოფენაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, უკვე იცით რას წარადგენთ?

— აი, სწორედ 23-ე თოჯინას მაგისთვის ვაკეთებ. მუზეუმმა გამოფენისთვის ამოირჩია თემა „უთქმელი და უნახავი“, ანუ ის, რაც ჯერ არსად გვიჩვენებია,  „ფეისბუქზეც" კი. გვითხრეს, რომ თემაში რაც გინდათ, ის იგულისხმეთო. ზოგს კონკრეტულად ერთ თემაზე სურს გაკეთება, ზოგს — კონკრეტულ ეპოქაზე, რომელშიც იცხოვრებდა…

© FB/ მაკოს თოჯინებიმაკო გნოლიძის თოჯინები
მაკო გნოლიძის თოჯინები - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძის თოჯინები

– სიტყვამ მოიტანა და თქვენ რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?

— ალბათ, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში — პარიკების ეპოქაში ძველ ევროპაში, როცა ქალებს გრძელი კაბები ეცვათ. შესაბამისად, იმ ეპოქის თოჯინებსაც ფუშფუშა კაბები ეცვათ, კაბის ქვეშ პანტალონები და ხელზე — ლამაზი ხელთათმანები. ჩემს ყველა რეტრო თოჯინასაც ლამაზმაქმანებიანი პანტალონები აცვია. ისინი სხვადასხვა ეპოქის არიან. მოკლედ, იმ წუთში რა ხასიათზეც ვარ, თოჯინებსაც ის ხასიათი გადაედებათ ხოლმე…

© FB/ მაკოს თოჯინებიკოლომბინას ნიღაბი
კოლომბინას ნიღაბი - Sputnik საქართველო
კოლომბინას ნიღაბი

– ქალბატონო მაკო, ვენეციურ ნიღბებს როგორ ამზადებთ?
— ძალიან მიყვარს ნიღბები იმ ეპოქიდან, ზემოთ რომ მოგახსენეთ. მიყვარს Commedia dell'arte — გმირები, მათი ჩაცმულობა, პარიკები. ძალიან ლამაზი პერსონაჟები არიან და მათზე ბევრი რამ მაქვს წაკითხული. უკვე ვიცი, რატომ ეკეთათ ესა თუ ის ნიღაბი… თავად ნიღბებიც ჩემი დამზადებულია, ეს არ არის ნაყიდი პლასტმასის მასალა, რომელსაც შემდეგ ფერებს ასვამენ. მათ თიხისგან ვამზადებ. ძირითადად მაინც კოლომბინას ნიღბებია, დიახ, ეს ჩემი საყვარელი პერსონაჟია. სულ ექვსი ნიღაბი მაქვს და ექვსივე კოლომბინასია. როცა რაიმეს აკეთებ, მოთხოვნა გიჩნდება, რომ მასზე ბევრი რამ იცოდე. ამ თემაზე ბევრი წავიკითხე. ვიცი, რატომ იმალებოდნენ ამ ნიღბების ქვეშ, ყველა მათგანს თავისი ისტორია და ახსნა აქვს. მაგალითად, შავი ჭირის დროს ექიმებს წვეტიანცხვირიანი ნიღაბი ეკეთათ. ხალხს სჯეროდა, რომ ჭირისგან სწორედ ეს ნიღაბი დაიცავდა. ჩემს მიერ გაკეთებულ ერთ ნიღაბს ფონად ვენეცია აქვს მისთვის ჩვეული პეიზაჟით, გონდოლებით. მასზე კი ქალის ნიღაბია დამაგრებული, რომელსაც თვალზე ცრემლი აქვს, ალბათ, ვიღაცას მისტირის…

 — საერთოდ ქართველებს ზოგადად გვიყვარს ნიღბები და ქართული ხასიათის ნიღბის დამზადება არ გიცდიათ?

—  ნუ იტყვით, ნიღაბი მართლა ძალიან გვიყვარს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიცდია. ძირითადად ვენეციურს ვამზადებ, თუმცა, რა ვიცი, შესაძლოა, ამ თემაზეც ვიფიქრო და ქართულ ხასიათსაც მოვარგო…

 

ყველა ახალი ამბავი
0