17:49 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტატიანა ბალდუკი

ტატიანა ბალდუკის საქართველო: დიპლომატი ქართველები, სახასიათო თვისება და ნათლობა ეზოში

© Sputnik / Levan Avlabreli
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)
475132

„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „საქართველო უცხოელის თვალით“ ტატიანა ბალდუკს გაგაცნობთ, რომელიც მოგვითხრობს, რას ნიშნავს მისთვის საქართველო და რატომ უნდა აქ ცხოვრება.

ეგზოტიკური საქართველო

წარმოშობით რუსი ვარ, იქ დავიბადე საბჭოთა კავშირის დროს. ჩემი მეუღლე კი ფრანგი დიპლომატია და ათი წლის განმავლობაში საფრანგეთში, პარიზში ვცხოვრობდი.

მეუღლემ საქართველოში სამუშაო კონტრაქტს მოაწერა ხელი და თქვენ ქვეყანაში პირველად გასული წლის სექტემბერში ჩამოვედი. შეგვეძლო აგვერჩია ან აშშ, ან ესპანეთი, ან ნიდერლანდები, ან უნდა წავსულიყავით რომელიმე განვითარებად ქვეყანაში: ალბანეთში, ყაზახეთში ან საქართველოში.

ჰოდა, ჩვენც განვითარებადი ქვეყანა ავირჩიეთ, იმიტომ რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველაფერი მაინც საფრანგეთის მსგავსი იქნებოდა, ჩვენ კი რაღაც უჩვეულო გვინდოდა.

ტატიანა ბალდუკი
© Sputnik / Levan Avlabreli
ტატიანა ბალდუკი

უკვე ერთი წელია აქ ვართ და ერთხელაც არ გვინანია, რომ ჩამოვედით. ის კი არა, შესაძლოა, სამუდამოდაც აქ დავრჩეთ.

საქართველო ეგზოტიკური ქვეყანაა — მხოლოდ სახელიც რომ წარმოთქვა, ირგვლივ მაშინვე თითქოს უჩვეულო არომატი იფრქვევა.

მთავარი ღირსშესანიშნაობა

მეჩვენება, რომ საქართველოს მთავარი ღირსშესანიშნაობა ხალხია. თქვენ აბსოლუტურად განსხვავებულად რეაგირებთ ყველაფერზე, სხვა ქვეყნებში მსგავსი არ შემხვედრია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქართველები უკანასკნელ პერანგს გაიხდიან და მოგცემენ, თუ რამე სთხოვე. „ჩაკეტილი“ ევროპელების შემდეგ ეს, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელად მეჩვენება. ევროპაში ადამიანებს უჭირთ პიროვნული ბარიერის გადალახვა, აქ კი ყველა მეორე თავისუფლად გიხსნის გულსაც, სულსაც და სახლის კარსაც.

აქ გატარებულ ერთ წელიწადში აღმოვაჩინე, რომ ქართველების საყვარელი სიტყვაა „დიახ“. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე აუცილებლად გაკეთდება. ეს რაღაცით დიპლომატიურ წრეებში გავრცელებულ იგავს ჩამოჰგავს:

დიპლომატის ნათქვამი „დიახ“ რეალურად ნიშნავს „შესაძლებელიას“, „შესაძლებელია“ — „არას“. აი, სიტყვა „არა“ კი დიპლომატიურ ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს — ეს დაუწერელი კანონია და სწორედ ამით ჰგვანან ქართველები დიპლომატებს.

სხვათა შორის, სწორედ ამის გამოა ძალიან იოლი თქვენში რაღაც პროექტების განხორციელება.   

კიდევ ერთი, რაც ჩემთვის ასევე საკმაოდ უჩვეულოა, ეს ისაა, რომ აქ ყველაფერს ბოლო მომენტში აკეთებენ. ამასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო შემთხვევა მახსენდება.

ჩვენი ბიჭი სვეტიცხოველში გვინდოდა მოგვენათლა და ორი თვით ადრე ჩავედით მცხეთაში, რომ ტაძარში სიაში ჩავწერილიყავით. მღვდლებმა კეთილად „დაგვცინეს“ და ნათლობამდე ერთი კვირით ადრე დაგვიბარეს. საფრანგეთის შემდეგ ეს უცნაურად კი მოგვეჩვენა, მაგრამ ასეა: „სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო“.

მოკლედ, ნათლობამდე ერთი კვირით ადრე მივედით ტაძარში და ჩავეწერეთ. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

უკვე ნათლობის დღეს ჩვენამდე სვეტიცხოველში ჯვრისწერის ცერემონია უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მექორწილეები აგვიანებდნენ. ჩვენ კი ვერაფრით დაველოდებოდით, ამიტომ მღვდელმსახურებმა ემბაზი გარეთ გამოიტანეს და ჩვენი ბიჭი სვეტიცხოვლის ეზოში მონათლეს. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ეს ფაქტი ძალზე სახასიათოა საქართველოსთვის. 

Club de Chance — ქველმოქმედება საქართველოში

არაკომერციული ორგანიზაცია Club de Chance-ის პრეზიდენტი ვარ, რომელიც კულტურული და ჰუმანიტარული პროექტებითაა დაკავებული. ჯერჯერობით მხოლოდ სამ ქალაქში ვმუშაობთ: პარიზში, ესენტუკსა და თბილისში. „Club de Chance-ტიფლისმა“ უკვე ორი მსხვილი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი — ეს ნახატების საერთაშორისო კონკურსია, რომლის სახელწოდებაა „დამიხატე მშვიდობა“ და რომელშიც შარშან 15 ქვეყანა მონაწილეობდა. ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით. წელსაც პირველი იანვრიდან უკვე ვიწყებთ ნამუშევრების მიღებას. მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს ოთხიდან 16 წლამდე. მთავარი პრიზია პარიზში ოჯახთან ერთად მოგზაურობა.

შარშან მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევრიდან შვიდი ქართული იყო. თავისთავად ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელია, თუმცა ყველაზე მეტად მე მაინც ერთი ოთხი წლის ქართველი გოგონას ნახატები მიყვარს…

მეორე პროექტი, რომელიც გვსურს განვახორციელოთ — ეს თელავის სამხატვრო სკოლის რესტავრაციაა. შენობა გარედან ლამაზია, მაგრამ შიგნით საშინელი პირობებია და იქ მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სკოლის შესაკეთებლად სახსრები შევაგროვოთ.

კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო აქცია გვაქვს ჩატარებული: წელს კახეთში ობოლთა სოციალური ცენტრისთვის და რამდენიმე ხელმოკლე ოჯახისთვის საახალწლო ამანათები შევაგროვეთ; შარშან წყალდიდობით დაზარალებულთათვის პარიზში საქველმოქმედო ღონისძიება გავმართეთ, გარკვეულ სახსრებს მოვუყარეთ თავი და  50 ბავშვს სასკოლოდ საკანცელარიო ნივთები ვაჩუქეთ.

ახლა თბილისის მერიასთან ერთად საახალწლო აქციის ჩატარებას გვთავაზობენ: იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრში მცხოვრები ასამდე ადამიანისთვის საახალწლო ამანათების შეგროვებას ვაპირებთ…

საქართველო ყამირს წააგავს — ქველმოქმედების კუთხით აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. 

ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაჭირვებულებს ეხმარებიან. იმედი მაქვს, რომ Club de Chance კეთილი საქმეების კეთებისა და ურთიერთდახმარებისთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა გახდება!

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)

მთავარი თემები