ტრადიციული ქართული მეთოდებით შექმნილი ხელოვნება და თოჯინები, რომელთაც სახე არ აქვთ

© FB/ TK's Art and Craftთეა მჭედლიძე თექაზე მუშაობის პროცესში
თეა მჭედლიძე თექაზე მუშაობის პროცესში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეა მჭედლიძე მხატვარია. სიახლეების ძიებამ იგი თექასთან მიიყვანა. დღესდღეობით თეა თექაზე მუშაობს და საუცხოო თოჯინებს ქმნის.

ბოლო პერიოდში ხელნაკეთი ნივთები სულ უფრო პოპულარული ხდება. თეა მჭედლიძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც  არაჩვეულებრივი ნამუშევრებით აოცებს მნახველს. მისი ხელოვნება დახვეწილი და მრავალფეროვანია. თეას მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები არიან ანგელოზები, ფერიები,  პატარა უფლისწული, პეპი, კარლსონი, მგელი და კრავი, თოვლის გუდა, ნამცეცა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბალერინები და სხვა.

© FB/ TK's Art and Craftთეა მჭედლიძის ნამუშევრები
თეა მჭედლიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
თეა მჭედლიძის ნამუშევრები

- თეა როდიდან ხართ გატაცებული ხელნაკეთი თოჯინების შექმნით?

— ხელსაქმე ადრეული ბავშვობიდან  მაინტერესებს და მიტაცებს. სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემი ინიციატივით, დავიწყე ხატვის მასწავლებელთან სიარული, ცოტა მოგვიანებით კი ქარგვამ და კერვამ გამიტაცა,  მასწავლებელმა მასწავლა თოჯინების კერვაც. დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. ბევრს და ნაყოფიერად ვხატავდი, მაგრამ მხოლოდ ხატვამ არ დამაკმაყოფილა. ძიების შემდეგ ახალ ტექნიკას დავეუფლე და  ამჟამად გატაცებული ვარ თექაზე მუშაობით.

- თექას თვითონ ამუშავებთ?

— ძირითადად ვიყენებ მირინოსის წმინდა მატყლს, რომელიც უკვე გამზადებული იყიდება მაღაზიებში.  თოჯინების შესამოსად ვიყენებ შერეულ მასალებს: მაქმანს, ბუმბულს, ატლასს, მძივებს. გააჩნია, რა თოჯინა იქმნება, იმის მიხედვით.

© FB/ TK's Art and Craftბროში გოგონები
ბროში გოგონები - Sputnik საქართველო
ბროში გოგონები

- ალბათ, დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა უნდა თითოეული მათგანის შექმნას.

— დიახ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება თექის თოჯინის შექმნას, რადგან თითოეული მათგანი საავტოროა და მოითხოვს დიდი ფანტაზიის ჩართულობას და მობილიზებას.

- რა ეტაპებს გადიხართ, რომ თოჯინამ დასრულებული სახე მიიღოს?

— გააჩნია რა პერსონაჟი უნდა „გავაცოცხლო“. თუ წიგნის პერსონაჟია, ჯერ დაწვრილებით ვამუშავებ ლიტერატურას, რომ მაქსიმალურად წარმოვიდგინო მისი გარეგნობა, ხასიათი. შემდეგ ვქმნი ჩანახატს და უკვე ამის შემდეგ შევუდგები პრაქტიკულ სამუშაოს. პირველ რიგში, სპეციალურ კარკასს შევკრავ და მასზე ფენა-ფენა დავახვევ მატყლს, სპეციალური სათექი ნემსით დავაფიქსირებ და მივცემ იმ ფორმას, რომელიც კონკრეტული  თოჯინისთვის მჭირდება, შემდეგ კი უკვე ფანტაზია შლის ფრთებს…

© FB/ TK's Art and Craftფერია
ფერია - Sputnik საქართველო
ფერია

- რა პერსონაჟები არიან თქვენი თოჯინები?

— ჩემი თექის პერსონაჟები არიან: ანგელოზები, ფერიები, პატარა უფლისწული, პეპი, კარლსონი, მგელი და კრავი, თოვლის გუდა, ნამცეცა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბალერინები,  ასევე აქტიურად დავიწყე თექის ცხოველების გაკეთება, რადგან მათზე დიდი მოთხოვნაა: მელია, დათუნა, ბაჭია, ციყვი, ძაღლი, კატა.

- თქვენს თოჯინებს რატომ არ აქვთ სახე?

— დიახ, სწორად შენიშნეთ, ჩემს თოჯინებს სახე არ აქვთ და ეს არ არის შემთხვევითი, ამას თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ჩვენი წინაპრები ტრადიციულად თოჯინებს ქმნიდნენ „სახის“ გარეშე.

წარმოიდგინეთ, რომ ვალდორფული სათამაშოების პირველწყაროა, სწორედ, ნაჭრისგან შექმნილი ხალხური თოჯინები. ასეთი თოჯინა, მის მომავალ მფლობელს, სავარაუდოდ ბავშვს, საშუალებას აძლევს ჩართოს თავისი ფანტაზია და თოჯინას სახე თავად წარმოიდგინოს, საკუთარი განწყობიდან გამომდინარე. პატარა ბავშვები ამას ძალიან კარგად ახერხებენ და მათთვის უფრო საყვარელია საკუთარ წარმოსახვაში დაბადებული არსებები.

© courtesy of TK's Art and Craftქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო
ქორწილი

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

— თუ შევაჯამებ გასული 2016 წლის ნამუშევარს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ წელით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის შემოქმედებითად მრავალფეროვანი და დატვირთული იყო. ჩემი ნამუშევრებით მივიღე მონაწილეობა ბევრ გამოფენაში და ეთნო-ფესტივალში. ასევე შევქმენი თექის სამკაულის ახალი კოლექცია — ეს არის მინიატურული თექის თოჯინა-გულსაბნევი.

2017 წელს ვგეგმავ გავაგრძელო მუშაობა თოჯინა-გულსაბნევების თემატიკაზე, ახალი ჩანაფიქრიც ბევრი მაქვს. ასევე მაქვს ინტერნეტ-მაღაზია „ეთსი“, რისი საშუალებითაც ჩემს ნამუშევრებს ვყიდი. სწორედ ეს მაღაზია მაძლევს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად  მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მივიღო შეკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0