12:53 25 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ინგა ადამს-პოგანიკი

მოულოდნელი თბილისური შეხვედრა ლოს-ანჯელესში და პაემანის წინ ამძვრალი ფეხსაცმლის ლანჩი

© FB/ Inga Adams-Poganik
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (76)
324111

ახალი წლის მოლოდინს ჩვენში ყოველთვის ახლავს ძველი წლების მოგონებები, იმ დროის გახსენება, როცა ცხოვრებას სულ სხვა სურნელი ახლდა, როცა უფრო მეტად გვჯეროდა და გვიყვარდა. ამერიკაში მცხოვრები ფსიქოლოგი, ნიუ-იორკის „ჯანმრთელობის სახლის“ მენეჯერი ინგა ადამს-პოგანიკი დღესაც თბილისური მოგონებებით ცხოვრობს და ხალისობს.

- ინგა, სამშობლოდან შორს მყოფი რას იხსენებთ ყველაზე ხშირად?

— ჩვეულებრივი თბილისელი გოგო ვიყავი. ხსოვნით, ბევრი რამ მახსოვს, ისიც კი, რისი გახსენებაც ეხლაც მზარავს, თუმცა მას შემდეგ საუკუნის მეოთხედმა განვლო. მოსანატრებელი და კარგად მოსაგონარი საბედნიეროდ უფრო მეტია. განსაკუთრებით სკოლის ბოლო წლები და სტუდენტობა. ამაზე ბედნიერი პერიოდი ხომ არ არსებობს ცხოვრებაში? მენატრება დათოვლილი თბილისი, ჭავჭავაძეს რომ ჩამოვუყვებოდით რუსთაველამდე, იქიდან ელბაქიძის დაღმართს, მერე მარჯანიშვილის გავლით პლეხანოვსაც მივადგებოდით, იმ პერიოდში ერთი პლეხანოველი ბიჭი მიყვარდა და შემთხვევით შეხვედრის მოლოდინში გული სულ იქით მიწევდა. მეგობრები,  რა თქმა უნდა, უარს არ მეუბნებოდნენ და პლეხანოვზე საათობით დავსეირნობდით. სახელებს შეგნებულად არ ვწერ, თუ ვინმე წაიკითხავს, ისედაც ამოიცნობს საკუთარ თავს. მენატრება „პესკებზე" ხეტიალი, ძველი თბილისის ყავახანები, ქვიშაში სათითისხელა „ჯეზვეში“ მოდუღებული უგემრიელესი ყავა და კიდევ, ღია კაფე-რესტორანი, სადაც გემრიელ ხინკალს აკეთებდნენ…  

ინგა ადამს-პოგანიკი
ინგა ადამს-პოგანიკი

- თქვენი თაობის თბილისელი ადამიანებისთვის თეატრში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი იყო… 

— გეთანხმებით, თეატრი ძალიან გვიყვარდა.. მენატრება ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული: სავარძელში ღრმად ჩაფლული რომმისჩერებიხარ სცენას და ელოდები, როდის დაიწყება სასწაული, სახელად ხელოვნება… თითქოს ნელ-ნელა იღვენთება სანთელი და ბოლოს ქრება, ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე კი დეკორაციები იკვეთება. მერე გამოდიან ისინი, ვინც ჯადოსნურ სამყაროში უნდა გადაგიყვანოს და ორი-სამი საათით დაგავიწყოს ყველაფერი. მენატრება რუსთაველის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი, რომლის მთლიანი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი, განსაკუთრებით: "ჩვენი პატარა ქალაქი" და "წუთისოფელი ასეა". როგორც ყველა გოგოს, მეც მყავდა ჩემი კუმირები. ერთხელ, მახსოვს მე და ჩემი მეგობარი, ლევან უჩანეიშვილის სადარბაზოში ავიპარეთ, მისი კარის სახელურში იების კონა დავტოვეთ, ზარი დავრეკეთ და იქიდან თავპირისმტვრევით გამოვიქეცით….საოცარი და ყველასგან განსხვავებული ზურა ყიფშიძე.

მახსოვს „დონ ჟუანის" შემდეგ, რომელიღაც ესპანური გაზეთი მასზე წერდა: „საოცრად ლამაზი ზურაბ ყიფშიძეო"… ეს ამბავი ისე მეამაყებოდა, თითქოს სილამაზის პრიზი მე ამეღოს.  

ინგა ადამს-პოგანიკი
ინგა ადამს-პოგანიკი

- იმ წლების მოგონებას ზოგიერთები რეტროგრადობად და „37 მანეთიან“ მონატრებად თვლიან…

— დიახ, სამწუხაროდ ასეა, მაგრამ მათ, ვინც მეტყვის, რომ საბჭოთა წყობილება მენატრებააო! ერთი სიტყვით ვუპასუხებ: სისულელეა!.. ადამიანებს დრო და ადგილი იმასთან დაკავშირებით გვენატრება, რამდენად ბედნიერად ვგრძნობდით თავს იმ დროს და იმ ადგილას. მიუხედავად ყველაფრის დეფიციტისა დატოტალიტარული რეჟიმისა — ბედნიერები ვიყავით იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ახალგაზრდები ვიყავით… არაფერი გვაკლდა: მხიარულ და ბედნიერ ავანტურისტებთან ერთად.წოწიალი: ზაფხულში — გაგრასა და ბათუმი, ზამთარში — ბაკურიანში. სვანეთსა და ფშავ-ხვსურეთში… და კიდევ: წიგნები, წიგნები, წიგნები…და ამ წიგნებზე საათობით მსჯელობა… პირველი სიყვარული და პირველი იმედგაცრუება. გულისტკივილის დასაამებლად თეატრში „თავის შეფარება“ და ჩაბნელებულ დარბაზში ცრემლების ღვარღვარი… მერე რა, რომ ჩვენი შვილებივით განებივრებული არ ვიყავით ნაირ-ნაირებით და ჩაცმულობაში მრავალფეროვნების შესატანად ტანსაცმელს ერთმანეთისგან ვთხოულობდით. მერე რა, რომ პაემანზე წასულს ერთხელ ფეხსაცმლის ლანჩი ამძვრა და ორ საათში საკუთარი ხელით ესპადრელების შევიკერე.. 

- ამბობენ, რთულ დროსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. როგორც ფსიქოლოგი, როგორ ახსნით ამას?

— დავიწყებ იმით, რომ რასაკვირველია, 90-იანი წლების თბილისი არ მენატრება…

თუმცა, იმ საშინელ დროსაც აქვს გასახსენებელი: ახლობლებისა და მეგობრების თანადგომა, მათი ურთიერთგატანა და მხარდაჭერა. ჩვენ ამან გადაგვარჩინა, ამან დაგვანახა ერთმანეთის ფასი და გვასწავლა, რა არის მთავარი ცხოვრებაში. ამ მხრივ იღბლიანი ადამიანი ვარ. რაც კი სიყვარული გამიცია, ყველაფერი უკან დამიბრუნდა და დღესაც მიბრუნდება. მერე სხვა ცხოვრება დაიწყო: ბრძოლა არსებობისთვის და ოჯახის გადასარჩენად, მეორეს მხრივ, ბრძოლა მონატრებასა და საკუთარ თავთან, რომ სულმოკლეობას არ დავეძლიე და უკან არ გამოვქცეულიყავი. დღეს ვთვლი, რომ გავიმარჯვე და ბედნიერი ვარ. მონატრება რომ შემომიტევს, ვიღებ ბილეთს და მოვფრინავ ჩემს სახლში, ახლობლებთან, მოვისურვილებ და ისე უკან ვბრუნდები უკან, აქაც ჩემს სახლში და ახლობლებთან.  

ინგა ადამს-პოგანიკი
ინგა ადამს-პოგანიკი

- ინგა, დღეს თბილისისგან შორს ერთ უზარმაზარ მეგაპოლისში ცხოვრობთ, მაგრამ მწერლის აზრით, დედამიწა მაინც პატარაა და ეს ფაქტი საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ?

— რასაკვირველია, გამომიცდია. ამის დასტურად ერთ ამბავს მოგიყვებით: 80-იან წლებში "ნახალოვკაში" ვცხოვრობდით, პლეხანოვის კლუბის წინ, ახლად აშენებული კორპუსის პირველ სართულზე გვქონდა ბინა და ჩვენსავე სადარბაზოში, ბოლო, მეთორმეტე სართულზე სომხების ოჯახი ცხოვრობდა, რომელსაც დაახლოებით ჩემი ასაკის ორი ბიჭი ჰყავდა. პირველად ყურადღება იმით მივაქციე, რომ ჩვენს მამებს ერთნაირი ჟიგულები ჰყავდათ, ლურჯი 06!.. მერე, უფროს ბიჭს ცოტა გაპრანჭვა დავუწყე. ლამაზი ბიჭი იყო და მომწონდა… მერე, ისინი უცებ სადღაც გაქრნენ და არავინ იცოდა დაზუსტებით სად გადავიდნენ. ნიუ-იორკში 1997 წლის ოქტომბერში ჩამოვედი. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მოხდა ისე, რომ ლოს-ანჯელესში გავემგზავრე ერთი თვით. იქ „სანსეტ“ ბულვარზე, სასტუმროში ვცხოვრობდით. იმ ქალაქში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს. მათ იქ მაღაზიები, კაფეები და სახაჭაპურეები აქვთ გახსნილი. მოკლედ, შევედით ერთ-ერთ კაფეში მე და ჩემი ახლობელი და დახლთან  ახალგაზრდა, სიმპატიურ მამაკაცს ვხედავ და ახლობელს ვეუბნები: ეს კაცი ძალიან მეცნობა-მეთქი. ახლობელს გაეცინა: საიდან უნდა გეცნობოდეს, აქ პირველად ვართო. ჩვენ ქართულად და რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვლაპარაკობთ. ეს ბიჭი გაოცებული გვიყურებს და რუსულად მეკითხება: 

— თბილისიდან ხართ? 

— კი, ვპასუხობ.

— სად ცხოვრობთ თბილისში?

— როცა ვუპასუხე სად ვცხოვრობდი, უცებ დაიყვირა: დედა, დედა, მოდი, ნახე ვინ განახო! ამ ძახილზე სამზარეულოდან ქალმა გამოირბინა. მაშინვე ვიცანი ჩემი მეზობელი. თურმე, 15 წლის წინ ამერიკაში წამოსულა მთელი ოჯახი, თვითონაც ეგრევე მიცნო; "აღჩიკ-ჯან, ცავატტანემ!" —ატყდა ერთი ხვევნა-კოცნა. მოკლედ, პატარაა დედამიწა, პატარა და თბილი, როცა ადამიანებს ერთმანეთს სითბოს ჩუქნიან… ეს სითბო ჩემს ქალაქში სულ იყო და მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ  სულ ასე იქნება. თბილისში შარშან ვიყავი, აქ დიდად არაფერი შეცვლილა. ის შეგრძნება, რომ თბილისში ყოფნისას თბილისი გენატრება, —არ გამჩენია. თითქოს იმ დროში, ჩემს ბედნიერ ბავშვობაში დავბრუნდი…. დედაჩემი ყვარლიდანაა, ბებია მანგლისიდან. მამა თბილისელი ბიჭი იყო, სოფელი არ ჰქონდა, მე კი ყოველ ზაფხულს, გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურში ვატარებდი, მამიდა იყო იქ გათხოვილი, ადრე დაქვრივდა და ბებიას სულ იქეთ მიუწევდა გული.

მთაშია შეყუჟული, ორი მდინარე ჩამოუდის, ტანა და საცხენეთი. პატარა სოფელი იყო, აი ისეთი, ყველა რომ ყველას იცნობს, იმ დროს არც ავტობუსები დადიოდა, სატვირთო მანქანებით ავდიოდით, არც ტელევიზორი იყო. კინოში მეზობელ სოფელში მიდიოდით ხოლმე, სამ კილომეტრს ფეხით მივუყვებოდით ბავშვები და სოფლის ახალგაზრდობა. ზამთარში კი ისე ბარდნიდა, ყოველგვარი კავშირი წყდებოდა გარე სამყაროსთან. მიყვარდა ღამის სიჩუმეში ''ფეჩში'' ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცი, შარშან ვიყავი. იმ სოფელში დიდად არაფერი შეცვლილა. თბილისში ყოფნისას რომ თბილისი მენატრება, იქ ეს შეგრძნება არ მქონდა. თითქოს იმ დროში დავბრუნდი, ჩემს ბედნიერ ბავშვობაში… 


თემები:
ქართველები უცხოეთში (76)

მთავარი თემები