რას გვისურვებს მუსიკოსი, ვის სიმღერებსაც ინტერნეტში 20 მლნ ნახვა აქვს?

© FB/ Soso Mikeladzeსოსო მიქელაძე
სოსო მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერს შენი ემოციური მოლოდინი ქმნის, როცა გიხარია და შინაგანი ფორიაქი და შემართება გაქვს - სურვილებიც აუცილებლად ასრულდება.

 „ფერადი ბუშტები დაფრინავს და დარბაზიც ტკბილ სიზმარს ჰგავს,

ლამაზი კაბები, რჩეული სუნამო თავბრუს მხვევს თან,

აქ ყველა შენ გნატრობს და ყველა გულწრფელად შენ გიკრავს ტაშს,

შენ ჩვენი ყველაზე ყველაზე ძვირფასი საუნჯე ხარ!…“

 ეს სიტყვები სოსო მიქელაძის ახალი სიმღერიდანაა, რომელიც მისი საახალწლო საჩუქარია. მუსიკოსი, ვინც უკვე მიეჩვია იმ ფაქტს, რომ მის სიმღერებს ინტერნეტში 20 მილიონი ნახვა აქვს, ამიტომ ამ სიმღერასაც არანაკლებ წარმატებულ ბედს უწინასწარმეტყველებს. ამ საახალწლოდ თელავში დავუკავშირდით მას. 

© FB/Soso Mikeladzeსოსო მიქელაძე
სოსო მიქელაძე - Sputnik საქართველო
სოსო მიქელაძე

- სოსო, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, როგორც ჩანს, თქვენ ამ სიმღერით მოგვილოცეთ უკვე…

— იცით, იმედი მაქვს, რომ მსმენელს ჩემი ახალი სიმღერაც მოეწონება და კიდევ ვიმედოვნებ, რომ  ეს სიმღერა მარტო ახალ წელს არ გაჟღერდება, მინდა ის ქორწილებში და დაბადების დღეებზეც ისმოდეს, საერთოდ ყველგან, სადაც ქართველ კაცს მისალოცი და სასიხარულო ამბავი ექნება. იმედი მქონდა, რომ სიმღერა „მე და შენ“ ახალ წლამდე 20 მლნ ნახვას აკრეფდა, მაგრამ ახალ წლამდე ვერ ასწრებს, თუმცა ყველაფერი წინაა. 

- როდესაც სუფრაზე ხართ, უფრო მეტად თქვენს სიმღერებს მღერით თუ სხვის დაწერილს?

— სხვათაშორის, ადრე სულ ჩემს სიმღერებს ვმღეროდი, ახლა კი გიტარას რომ მოგაწოდებენ, დაიწყებენ თხოვნას: ეს შეგვისრულე და აბა, ეს სიმღერა გვიმღერეო!. გიტარა უკვე მეხამუშება, რადგან მიჩვეული ვარ, რომ სიმღერა არანჟირებული და ორკესტრირებული უნდა იყოს და საესტრადო ფორმატში უნდა დავუკრა. თუმცა, ბევრი მეუბნება, რომ სიმღერების ძველი ვარიანტებიც აუცილებლად უნდა აღვადგინო, ძალიან მოგვწონს სიმღერების საგიტარო ჟღერადობა, სადაც ვოკალი უფრო ბუნებრივი, გაუფილტრავი და სუფთააო. სურვილი მაქვს, ამ სიმღერების საგიტარო ვარიანტებსაც თუ ჩავწერ, ისინიც ხარისხიანი და აკადემიური იყოს, რომ თქვან, ეს მართლაც ის ადამიანია, ვის სიმღერებსაც 20 მილიონი ნახვა აქვსო… 

© FB/ Soso Mikeladzeსოსო მიქელაძე
სოსო მიქელაძე - Sputnik საქართველო
სოსო მიქელაძე
 

- სოსო, ყველა სიმღერის ტექსტს თავად წერთ, არა?

— დიახ ასეა, არ მყოფნის სხვისი ნათქვამი, ზოგი ისე ვერ ამბობს, ზოგი გადაამლაშებს ხოლმე, როლებში შედის და ზედმეტად პათეტიკური ხდება. ყველაფერში საზღვარი უნდა არსებობდეს. ათასი პროფესია, რასაც ცხოვრებაში დავეუფლე, ეს კი იმის საშუალებას მაძლევს, რომ მოზომილი და არც ზედმეტად რაციონალური და ხელოვნური ვიყო. ყოველთვის ვეძებ ოქროს შუალედს და ამავე დროს ექსპერიმენტატორი ვარ. ჩემი ყველა სიმღერა „მარიამის“ გარდა გრძელ ლექსზეა დაწერილი. 

- სოსო, მეკვლეობის თუ სჯერათ თელავში და თქვენ თუ გჯერათ?

— სხვათაშორის კი, სჯერათ… იცით, როგორი მომენტია? ვითომ არაფერი, მაგრამ სულიერად და მენტალურად თუ შეემზადეთ იმისთვის, რომ მართლა კარგი წელი უნდა გქონდეს და მეკვლედაც კარგი ადამიანი შეარჩიე, დაემთხვევა!.. თუ შენ ტრადიცია და ადათი უგულებელყავი და თან განწყობაც არ გქონია შესაბამისი, ანუ საზეიმო, ვერაფერი გამოვა. რიტუალს ხომ შესაბამისი პატივისცემით დამოკიდებულება და ამავე დროს გეგმაზომიერი შესრულება სჭირდება?… 

- შესრულებაში რას გულისხმობთ სავალდებულო ტექსტის წარმოთქმას: „ვინ არ უნდა იყოს მანდ, შენი ბედი დამებედოს“?….

— რა თქმა უნდა, მაგასაც თავისთავად, მაგრამ მე ახლა ვგულისხმობდი იმას, რომ ყველაფერს შენი ემოციური მოლოდინი ქმნის, როცა გიხარია და შინაგანი ფორიაქი და შემართება გაქვს — სურვილებიც აუცილებლად ასრულდება. საახალწლო რჩევაც მაქვს: რამდენ ახალგაზრდას სჭირდება დღეს ღირსეული მრჩეველი — ვისთან ჰქონდეს სიყვარული, რა პროფესია აირჩიოს, რა უნარ-ჩვევები აითვისოს, რომელ გარემოში იცხოვროს, რა წაიკითხოს, ვის დაუთმოს და ვის კიდევ არა… რამდენი ნატრობს ელემენტარულ დახმარებას, ამიტომ ყველას მოვიწოდებ: იყავით მზად, რომ ღმერთის მიერ წარგზავნილი ადამიანი გახდეთ!..

- ჩემი აზრით, საახალწლო სურვილებში თქვენი სიმღერების ნახვების რაოდენობიდან გამომდინარე ასეთი სურვილი შეიძლება, ჩამოყალიბდეს: ღმერთმა ქნას, იმდენი გავხდეთ და ისე ვიბარტყოთ, რამდენი ნახვაც სოსო მიქელაძის სიმღერებს აქვს. თქვენი საახალწლო მილოცვა-დალოცვა როგორი იქნება?

— ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო, რომ 2017 წელს  ოთხი სტიქიის: ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი თანაფარდობა არ მოაკლოს, მაგრამ არც ჭარბად ჰქონდეს. ანუ მინდა ქართველებს დაბალანსებული წელი ჰქონდეთ. უდიდესი ძალა უხვად უბოძოს; ვუსურვებ ათასმაგად ძლიერ გონს, რათა ნებისმიერი მიღწევა თუ ჩავარდნა, ნებისმიერი ძალა ჩემმა ხალხმა ღირსეულად მიიღოს, ადამიანურად ატაროს და ჰარმონიულად განკარგოს!… ბედნიერი ახალი წელი ყველას…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0