12:50 25 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
მარსელ კაპანაძე

ჭიათურის სასურველი მეკვლე, „დიელო“ და აფრიკული „შენ გამოდი“

© FB/ Marsel Kapanadze
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
16260

რუბრიკაში „ის, რაც გვახსოვს“ დღეს წარსულში ცნობილ მომღერალს, ანსამბლ „დიელოს“ სოლისტს, არაჩვეულებრივ ადამიანს, მარსელ კაპანაძის მოგონებებს გავეცნობით.

- ბატონო მარსელ, თქვენ შემთხვევაში ხშირად გასახსენებელი ამბების კატეგორიაში რა შედის?

— ასეთი ამბების კატეგორიაში, პირველ რიგში, ბავშვობის ამბები შედის. ბავშვობა ჭიათურაში გავატარე. ომის პერიოდში დავიბადე და რა თქმა უნდა, მაშინ გაჭირვება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დრო მაინც ტკბილად მახსენდება. საჭმელ-სასმელი თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ სიყვარული იყო დიდი და ყველას გვყოფნიდა. მაშინ უფრო ვიცოდით ერთმანეთის გვერდით დგომა  და მეზობლებს, ახლობლებსა და ნათესავებს შორის თბილი ურთიერთობა იყო. ჩვენს რაიონში საგუნდო ხელოვნების დიდი სკოლა იყო.  ჩვენთან ჩამოდიოდნენ ცნობილი ლოტბარები: მიხეილ ესებუა, ანზორ კავსაძე, მამია ხატელიშვილი. ისინი დირიჟორობაში მავარჯიშებდნენ და მათი კონცერტების წამყვანიც ვიყავი. ქართულ ხალხურ შემოქმედებას მამია ხატელიშვილმა მაზიარა.  

მარსელ კაპანაძე ქალიშვილთან იასთან ერთად
მარსელ კაპანაძე ქალიშვილთან იასთან ერთად

- მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო?

— მე მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, სადაც ყველა მღეროდა: დედა, მამა,  უფროსი ძმები და ამიტომ, თავისთავად მეც ავმღერდი. ჭიათურაში ყველა ისე გვიცნობდა, როგორც მომღერალ ოჯახს, იმ გაჭირვების წლებში ერთმა მეზობელმა თურმე ასეთი რამ თქვა: ეს კაპანაძეები გადამრევენ, შემოუსხდებიან ამ ცარიელ ჭურს და სიმღერას დასცხებენო, მართლაც ასე იყო. ჭიათურაში საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, კარგად მახსოვს იყო უფროსი, საშუალო და პატარა ჯგუფი, მე საშუალოში ვიყავი. ჩვენი მასწავლებელი შესანიშნავი ქალბატონი ლილი ჯაჯანიძე იყო. ერთხელ საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმისთვის ვემზადებოდით,  მასწავლებელმა ჩამოუარა ბავშვებს და ყველას რაღაც ფრაზის წამღერება სთხოვა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი, სიტყვებიც მახსოვს: „ასე იზრდება ყაყაჩო“ — ეს უნდა გვეთქვა სიმღერით და მთელ ჯგუფში მარტო მე გამომივიდა კარგად, იქიდან დაიწყო ჩემი სიმღერასთან ურთიერთობაც… 

ანსამბლი დიელო
ანსამბლი "დიელო"

-  თქვენ „გპი“-ს დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდით, თბილისში როდის გადმოხვედით?

— ჭიათურაში „გპი“-ს ფილიალის რამდენიმე ფაკულტეტი იხსნებოდა. მაშინ დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთხელ ჩვენთან პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორმა ბუაჩიძემ თავისი ორკესტრი ჩამოიყვანა. საღამოს ჯაზ-ორკესტრი საღამოს კონცერტს მართავდა და მე დარბაზში ვიჯექი.  უცებ ჩვენი დეკანის მოადგილე მოვიდა ჩემთან და მეუბნება:  უნდა ახვიდე სცენაზე და იმღეროო. თურმე, ბატონი სერგო გოცირიძე ცუდად გამხდარა და სცენაზე ვერ გამოვიდოდა. მოკლედ, ამიყვანა სცენაზე და სოსო ტუღუშს ეუბნება, ეს იმღერებსო! ამ საუბარს მედეა გოგლიაშვილი შეესწრო. მან მიმიყვანა როიალთან, აიღო აკორდი და მითხრა: აბა, დაიწყე სიმღერაო. ვიმღერე, მედეა სოსო მიუბრუნდა  და უთხრა: ეს იმღერებსო, დაიწყე კონცერტიო! ჭიათურელებმა რომ დამინახეს სცენაზე, გაოცდნენ. იმ კონცერტის შემდეგ მეორე დღეს მითხრეს, რომ ორკესტრში უნდა მემღერა და დასწრებულ ფაკულტეტზე გადავსულიყავი. ასე გადმოვედი თბილისში. ამის შემდეგ  „დიელოში“ მოვხვდი. როცა აქტიურ საესტრადო სცენას თავი დავანებე, უკვე მაღალი თანამდებობიც მეკავა ჩემს სფეროში. ყველა ეტაპი გავიარე: ვიყავი უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, მერე ტრესტის მმართველი. შემდეგ ხელოვნებას დავუბრუნდი, გოგი ქავთარაძემ ახმეტელის თეატრის დირექტორად დამნიშნა და ათი წელი იქ ვიმუშავე.

- ბატონო მარსელ, თქვენ წლების მანძილზე ანსამბლ „დიელოს“ სოლისტი იყავით და მთელი მსოფლიო გაქვთ მოვლილი, ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი სად გახსენდებათ?

— ახალ წელს ძირითადად საკუთარ ოჯახებში ვხვდებოდით,  სხვაგან იშვიათად.  წინასაახალწლო კონცერტები, რა თქმა უნდა, ტარდებოდა, მაგრამ ერთი თვით ადრე. მახსენდება გასტროლები, რომელსაც ერქვა „საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავები“, ის საბჭოთა კავშირის მასშტაბით ტარდებოდა. ეს კონცერტები დეკემბრის თვეში, ანუ წინასაახალწლოდ იმართებოდა.  

-  საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო აფრიკული სიმღერა „შეიკი“, რომელსაც იმ დროს ასრულებდით… 

— ასე იყო, ამ სიმღერას ხუმრობით „შენ გამოდის“ ეძახდნენ, რადგან აფრიკული „შეიკ ამოდი“ ასე ისმოდა. აფრიკაშიც გვქონდა გასტროლები. იუგოსლავიაში პროფკავშირების ხაზით  შესანიშნავი ტურნე გვქონდა. იქ კონცერტის დროს ჩვენთან ახალგაზრდა გოგო მოვიდა და გაგვეცნო, სამწუხაროდ მისი სახელი არ მახსოვს. გოგონა სახალხო თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა ქალაქ ტიტოგრადში. მან სახლში მიგვიწვია. ძალიან დიდხანს ვიყავით ამ ქალაქში და ეს გოგო და მისი მეუღლე, რომელსაც მიშა ერქვა, სულ დაგვყვებოდა ყველა ქალაქში და ჩვენს ყველა კონცერტს ესწრებოდა. ძალიან თბილი ოჯახი იყო და ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება. 

- ბატონო მარსელ, არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი რამ. თქვენი სავიზიტო სიმღერა იყო „ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“, რომელიც პირველად, ფაქტობრივად, თქვენი შესრულების შემდეგ გახდა პოპულარული…

— ჩემამდე ამ  სიმღერას ბუბა კიკაბიძე ასრულებდა, ის იყო მისი პირველი შემსრულებელი, მაგრამ მაშინ მას მართლაც არ ჰქონია ასეთი წარმატება, ალბათ ჩემგან უფრო გაჟღერდა.. კიდევ მიყვარს გოგი ცაბაძის „სიმღერა საქართველოზე“, რომელიც ანსამბლ „რეროს“ ახალმა ხელმძღვანელმა გამიორკესტრა. აქვე გეტყვით, რომ დღეს „გპი“-ის ორკესტრი აღადგინეს და მისი საპატიო წევრი ვარ. კონცერტი რამდენიმე ხნის წინაც იყო და პირველკურსელებს შევხვდით და გოგი ცაბაძის ეს სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს, იმ კონცერტზეც შევასრულე.  

ანსამბლი დიელო
ანსამბლი "დიელო"

- თუ გაქვთ რაიმე საახალწლო ტრადიცია?

— ახალ წელს ჩემს დროს მეკვლეობა იყო ძალიან გავრცელებული. ჩემთან ურთიერთობა ყველას უყვარდა, თან ჩემი ფეხიც კარგად ჰქონდა ხალხს დაცდილი და თითქმის ნახევარი სამეზობლოს მეკვლე ვიყავი. მივდიოდი და თან ვმღეროდი. მიმქონდა ორი ცალი კანფეტი, იქიდან ასს მატანდნენ, მერე ის კანფეტებიც სხვასთან მიმქონდა და ასე… 

- საახალწლოდ რას გვისურვებთ?

— დაუშვებელია, რომ ბავშვებს შიოდეთ და ელემენტარული სარჩო არ ჰქონდეთ. ასეთი რამ XXI საუკუნის საქართველოში არ უნდა ხდებოდეს — ქვეყანაში, რომლის ერთ გოჯ მიწაზე შეიძლება, რომ 20 კაცის სარჩო მოიყვანო!… პირველ რიგში ქართველმა ქართველი უნდა შეიყვაროს! 25 წელია ჩვენი ქვეყანა გასაჭირში ცხოვრობს, არადა, ჩვენი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ბედნიერი იყოს. ყველას მინდა ბედნიერება, ჯანმრთელობა ვუსურვო, ოჯახებში ხვავი და ბარაქა ჰქონდეთ.


მთავარი თემები