21:34 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული სადღესასწაულო სუფრა

რა ღირს 2017 წლის საახალწლო სუფრა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)
135650

„Sputnik-საქართველოს“ ავტორმა ეკატერინე მიქარიძემ თბილისის ბაზრები და სუპერმარკეტები მოიარა და დათვალა, დაახლოებით რამდენი დაჯდება ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა.

აღიარეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ირგვლივ მყოფთა წუწუნი თემაზე, რომ ახალი წელი მხოლოდ ერთი დიდი და უსასრულო ქეიფია. და ეს ყველაფერი ძველ ახალ წლამდე გრძელდება.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ახალ წელს ვყიდულობთ უამრავ პროდუქტს და ვამზადებთ კერძებს. ასეთი ტრადიცია გვაქვს. თანაც იმდენს ვამზადებთ, რომ ამდენის ათვისება არარეალურია. ჩვენ გვინდა, რომ სუფრაზე კერძები ერთმანეთზე სართულებად ელაგოს. ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისევე გაატარებო. და ამის გვჯერა! აბა, ნათელი მომავლის იმედს ხომ არ დავკარგავთ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპისკენ და მისი ტრადიციებისკენ მივილტვით, და ამავე დროს კავკასიურად არაფერში ზომა არ ვიცით. ამიტომ როდესაც ახალი წელი მოდის, ფულს ნავთობის მაგნატებივით ვფლანგავთ. აქ მთავარია დროულად შევჩერდეთ, მერე გვიანი რომ არ იყოს. მით უმეტეს, რომ ლარი დიდი სისწრაფით უფასურდება.

მაგრამ დღესასწაული დღესასწაულია. და გემრიელი კერძების დაგემოვნების სურვილიც დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რა დაგვიჯდება ეს სიამოვნება.

სადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით
© Sputnik / Alexander Imedashvili
სადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით

საცივი

საახალწლო სუფრაზე სამეფო ადგილი ეთმობა საცივს. საცივის მომზადების რეცეპტი ინდაურის ყიდვას მოითხოვს. ინდაური, მისი ზომიდან გამომდინარე, საშუალოდ 60-100 ლარი ღირს. ინდაურის ნაცვლად ქათამიც გამოგადგებათ, რომლის ერთი კილოგრამის ფასი 6-7 ლარია.

საცივის შემდეგი აუცილებელი კომპონენტი ნიგოზია. ერთი კილოგრამი ნიგოზი 22-28 ლარი ღირს, ნიორი — 8-10 ლარი, ორი-სამი ლარის სანელებლებიც და თქვენი საცივი დაახლოებით 95 ლარი დაჯდა.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

ფხალი

ყველაზე პოპულარულია ისპანახის ფხალი, რომლის ერთი კილოგრამი 1,5-2 ლარი ღირს. ბადრიჯნის ფასი ბაზარშიც და სუპერმარკეტების ქსელებშიც 3,5 ლარს შეადგენს.

სალათის ფურცლები
© Sputnik / Levan Avlabreli
სალათის ფურცლები

მწნილი

მწნილი საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. მისი არომატი გულგრილს არავის დატოვებს. ერთი კილოგრამი მწნილი საშუალოდ 3-7 ლარი ღირს.

მწნილეული
© Sputnik / Levan Avlabreli
მწნილეული

"ოლივიე"

ეს სალათი, როგორც წარსულის ნოსტალგია, ბევრ ოჯახში უყვართ და საახალწლოდ მზადდება. ეს ნოსტალგია დაახლოებით ათი ლარი დაგიჯდებათ.

მაიონეზის სალათი ოლივიე
© Sputnik/ ალექსეი კუდენკო
მაიონეზის სალათი ოლივიე

ხაჭაპური

გადავდივართ ცხელ კერძებზე. კარგი სახაჭაპურე იმერული ყველი 9 ლარი ღირს, სულგუნი — 12-14 ლარი. თუ ცომისთვის საჭირო მასალის ღირებულებასაც მივუმატებთ, ხაჭაპური დაახლოებით 20 ლარი დაგვიჯდება.

ყველი
© Sputnik / Levan Avlabreli
ყველი

ტოლმა

ტოლმისთვის ერთი კილოგრამი ძროხის ან ღორის ხორცი საშუალოდ 12 ლარი ღირს. ამას ვაზის ფოთოლი, ბრინჯი, ხახვი, მწვანილი მივუმატოთ. ტოლმის ფასი სადღაც 20 ლარის ფარგლებში გამოვა.

ლაბა

აქ დაგვჭირდება ღორის ფეხები და თავი, საქონლის არტალის ნაჭერი. ჯამში ეს ყველაფერი 30 ლარის ფარგლებში დაჯდება.

ხილი და ბოსტნეული
© Sputnik / Levan Avlabreli
ხილი და ბოსტნეული

გოჭი

ითვლება, რომ გოჭის სიმსუქნეზე ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული. და ეს კეთილდღეობა 80 ლარიდან და ზემოთ დაჯდება.

გოჭები
© Sputnik / Levan Avlabreli
გოჭები

მწვადი

მწვადისთვის დაახლოებით ორი კილოგრამი ღორის ხორცი დაგჭირდებათ. ხორცის არჩევას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწვადე ხორცი (სუკი) უფრო ძვირი ღირს — 16-18 ლარი.

მწვადის შეწვა ქართულად
© Sputnik / Alexander Imedashvili
მწვადის შეწვა ქართულად

გოზინაყი

ამ ზღაპრული ტკბილეულის გასაკეთებლად დაგვჭირდება ნიგოზი და თაფლი. ნამდვილი თაფლი (ერთი კილოგრამი) 20-25 ლარი ღირს, ნიგოზი უკვე ზემოთ ვახსენეთ. შესაბამისად, გოზინაყის გასაკეთებლად 35 ლარი დაგვჭირდება.

ნიგოზი
© Sputnik / Levan Avlabreli
ნიგოზი

დაგვრჩა ჩურჩხელები (1,5-3 ლარი), ჩირი (7-10 ლარი), კანფეტები და ნამცხვრები. ამ ყველაფრისთვის სადღაც 30 ლარი დაგვჭირდება.

ჩურჩხელები და ჩირები
© Sputnik / Levan Avlabreli
ჩურჩხელები და ჩირები

სასმელები

ქარხნის ღვინის ფასის დიაპაზონი ძალიან ფართოა, იგივე შეიძლება ითქვას არაყზეც. ოჯახის ღვინო კი სამიდან ხუთ ლარამდე ღირს, სახლის ჭაჭა — 4 ლარი. ერთლიტრიანი ლიმონათის ბოთლი 1,5 ლარი ჯდება.

ქართული ღვინო
© Sputnik / Anna Yarovikova ანა იაროვიკოვა
ქართული ღვინო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. საახალწლოდ ფასებმა შიძლება მოიმატოს, ამიტომ იჩქარეთ!

თუ ყველაფერს შევაჯამებთ, საახალწლო სუფრა მინიმუმ 500 ლარი დაჯდება!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

თემები:
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)

მთავარი თემები