რვეული, კალამი, პამპერსი უმცროსი და-ძმისთვის... ბავშვების წინასაახალწლო სურვილები

გამოწერა
ახალი წელი გასაკუთრებით ბავშვებს უყვართ, რადგან ეს დღე სანტა-კლაუსთან თუ თოვლის პაპასთან, საჩუქრებთან და იმედთან ასოცირდება. თუმცა უამრავი ბავშვია ისეთი, რომელიც სანტა-კლაუსსა და თოვლის პაპას არა ბრჭვიალა სათამაშოებს, არამედ საჭმელს, წიგნს, თბილ ტანსაცმელს სთხოვს...

ნინი რაზმაძე

ეკუნა კობაიძე, ნათია ხარაიშვილი, ნანუკა ბაგალიშვილი და ანი ჩომახიძე – რა გამოარჩევს ამ ახალგაზრდებს ჩვენგან? ისინი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და შექმნეს ინტერნეტ-გვერდი „ავუსრულოთ ბავშებს საახალწლო სურვილები“. ამ გოგონებმა წელს სანტას როლი მოირგეს და ბავშვებს კეთილი ხალხის დახმარებით საახალწლო სურვილებს უსრულებენ. 

© FB/ავუსრულოთ ბავშვებს საახალწლო სურვილებიპატარების წერილები სანტას
პატარების წერილები სანტას - Sputnik საქართველო
პატარების წერილები სანტას

– როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?

ეკუნა: ყოველთვის მქონდა სურვილი ბავშვებს დავხმარებოდი. ეს სურვილი, გარკვეულწილად, ჩემი სკოლის დამსახურებაა… ჩვენი სკოლა პერიოდულად ეხმარებოდა ბავშვთა სახლებს, რაშიც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, ისინიც მოდიოდნენ ჩვენ სკოლაში, გარკვეული ნაწილი ჩვენთან სწავლობდა კიდეც და მათთან ურთიერთობა ჩემთვის უცხო არაა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 44-ე საჯარო სკოლას. ზოგადად, სიკეთე რომ გააკეთო, საჭირო არაა სხვამ დაინახოს და გაიგოს. წინა ახალ წელს ჩემი მეუღლის მეგობრებმა გააკეთეს მსგავსი პროექტი და რამდენიმე ოჯახს დაეხმარნენ. ვათვალიერებდი დავით კინწურაშვილის ფონდ „მომავლის გზის“ წერილებს, რომელთა ავტორების დიდი ნაწილი ელემენტარულ ნივთებს და საკვებს ითხოვდა. ამიტომ გადავწყვიტე მეც დამეწყო ეს პროექტი და ამ ბავშვების სურვილები ამესრულებინა ახლო მეგობრებთან ერთად. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა მასშტაბური, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა. 

– თავიდან როგორ დაიწყეთ, როგორ შეიკრიბეთ ერთი იდეის გარშემო?

ეკუნა: ამ პროექტის შესახებ ჩემს მეგობრებს გავაგებინე, რომლებმაც აიტაცეს ეს იდეა და ისე მოხდა, რომ ლამის ერთ საათში ყველაფერი მზად მქონდა. წერილებიც განვათავსე ინტერნეტ-გვერდზე, რომელიც ფონდ „მომავლის გზას“ ჰქონდა და დავიწყეთ სურვილების ასრულება… იდეა იყო მხოლოდ ერთი – გვერდი ყოფილიყო მათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდებოდა დახმარება. მივიღეთ წერილები, რომლებშიც ითხოვდნენ პლანშეტებს, აიფონებს და ა.შ. თუმცა ამ წერილების გამოქვეყნება არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რადგან ჩვენს პროფილს ეწინააღმდეგებოდა. ხალხი საკვებს და თბილ ფეხსაცმელს ითხოვდა, ჩვენი გვერდი კი სწორედ ამ ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება. 

© FB/ავუსრულოთ ბავშვებს საახალწლო სურვილები პატარების წერილები სანტას
 პატარების წერილები სანტას - Sputnik საქართველო
პატარების წერილები სანტას

თავიდან მეგობრებმა ფუნქციები გადავინაწილეთ და მუშაობა ერთობლივად დავიწყეთ. ვიზიარებდით სურათებს და წერილებს ჩვენ პირად ფეისბუქ-გვერდებზე. თავიდან სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ არ გვიცნობდა ხალხი და, რა თქმა უნდა, ნდობაც ნაკლები იყო, ამიტომ შევეცადეთ ყველაფერი გამჭირვალე ყოფილიყო და ნდობაც ნელ-ნელა გაჩნდა.

– რატომ გადაწყვიტეთ ინკოგნიტოდ დარჩენა?

ეკუნა: ინკოგნიტოდ არ დავრჩენილვართ, უბრალოდ ჩვენს თავს აფიშირება არ გავუკეთეთ, ვფიქრობთ, არაა საჭირო… იმისათვის, რომ დაგვეკონტაქტონ და ბავშვებს დაეხმარონ, გვაქვს გვერდი, სადაც აქტიურად ვპასუხობთ ყველას და ეს არის მთავარი.

– პირველი პოსტი და პირველი გამოხმაურება…

ეკუნა: პირველი პოსტი იყო ინფორმაცია ჩვენი გვერდის შესახებ და მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ ბევრი ადამიანი დამდგარიყო ჩვენ გვერდით. ჩვენი გვერდი პოპულარული მალე გახდა და, შეიძლება ითქვას, რომ 20 ბავშვის სანტა ერთ დღე-ღამეში ვიპოვეთ. ღამეში. პირველ დღეებში ფაქტობრივად, არც გვეძინა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ჩვენ გვყავს ბევრი ბედნიერი ბავშვი, რომელთა რიგებს კიდევ ბევრი შეემატება. 

– წინასაახალწლო სურვილები როგორია, ყველაზე მეტად რას სთხოვენ ბავშვები სანტას? 

ნათია: ბავშვები პირველ რიგში ყველაზე ხშირად ითხოვენ საკვებს, თბილ ტანსაცმელს, წამლებს და საოჯახო საჭიროების ნივთებს, და შემდეგ უკვე სათამაშოებს. ჩვენ რამდენიმე ოჯახში ვიყავით და ვნახეთ მათი გაუსაძლისი ყოველდღიურობა. ერთი წერილი მახსენდება, დედა გვწერდა, მშიერ შვილს წყალს ვასმევ, რომ მოვატყუო და საჭმელი არ მომთხოვოსო. მახსოვს, როცა ამ წერილს ვკითხულობდით, ცრემლებს ვერ ვიკავებდით. მსგავსი შინაარსის წერილები ბევრი გვაქვს. ზოგს ბავშვების დასაძინებლად საკმარისი საწოლი არ აქვს, ზოგს ელემენტარული აუცილებელი ნივთები, ზოგს თბილი ტანსაცმელი, საკვები. ყველა წერილის ავტორი შობა-ახალი წლის ბედნიერად გათენებას გვთხოვს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გავხადოთ ბედნიერი…

– სურვილები, რომლებმაც გაგაკვირვათ?

ნანუკა: რა თქმა უნდა, არის სურვილები, რამაც გაგვაკვირვა — მხოლოდ ტკბილეულს რომ გვთხოვდნენ, პროდუქტს, პატარა და-ძმისთვის პამპერსს, წამალს ოჯახის წევრისთვის, პასტას და რვეულს. გაგვიკვირდა იმიტომ, რომ ყოველივე ამას ბავშვები ითხოვდნენ… წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელსაც თავისი ბავშვური სურვილები და ოცნებები უნდა ჰქონდეს, ის კი წერილში გწერს, რომ უბრალოდ არ აქვს კანფეტი და საჭმელი ახალ წელს. არასდროს ჰქონია ახალი თოჯინა, პულტიანი მანქანა, ძალიან უნდა სწავლა, წიგნების წაკითხვა, თუმცა, არც ერთი წიგნი არ აქვს, გაჭირვებით დადის სკოლაში, რადგან არ აქვს ტანსაცმელი და ფეხები ეყინება. 

© FB/ავუსრულოთ ბავშვებს საახალწლო სურვილებიპატარების წერილები სანტას
პატარების წერილები სანტას - Sputnik საქართველო
პატარების წერილები სანტას

– ბავშვებისთვის საახალწლო ოცნებების ასრულებაში ვინ გეხმარებათ? 

ნანუკა: ბავშვებისთვის საჩუქრების მოტანა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც კი გადაწყვეტს რაიმე სახით მათ დახმარებას. ბედნიერები ვართ, რომ ძალიან ბევრი დახმარების მოსურნე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. ბავშვების სურვილებს ჩვენი თანამოქალაქეები, რიგითი ადამიანები ასრულებენ, რომლებიც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ წერილებს კითხულობენ. დახმარების სურვილით გვიკავშირდებიან ჩვენი ემიგრანტებიც.

– რა ფორმით ხდება საჩუქრების გადაცემა?

ნანუკა: ჩვენ გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა წერილს კომენტარში აუცილებლად თანდართული აქვს მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, დახმარების სურვილის მქონე ადამიანები მიდიან კონკრეტულ მისამართზე, მიაქვთ საჩუქრები და ჩვენ გვიგზავნიან სამახსოვრო სურათებს. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც დახმარების სურვლი აქვთ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებენ, გვიტოვებენ საჩუქრებს და ჩვენ გადავცემთ ბავშვებს.  

– წერილებს მხოლოდ ბავშვები გწერენ?

ანი: არა, წერილებს უფროსებისგანაც ვიღებთ, რადგან პატარა ბავშვებმა წერა არ იციან. წერილებს გვწერენ ბებიები, მამები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველები, ობოლი ბავშვები.  

– როდის მიიღებენ ბავშვები საჩუქრებს, ახალი წლის ღამეს?

ანი: როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრ მათგანს სურვილი უკვე აუსრულდა, ბევრიც სანტას გამოჩენას ელოდება. იმის გამო, რომ ბევრი წერილი და საჩუქრებია, რომელთაც ჯერჯერობით არ ჰყავს ადრესატი, მოგვიხდა მათი დარიგება პერიოდულად ახალ წლამდე. სულ რამდენიმე დღის წინ ვესტუმრეთ ოჯახებს, სადაც ბავშვები დიდი სიხარულით დაგვხვდნენ და სანტას საჩუქრები გადავეცით. თუმცა გვყავს სანტები, რომლებიც აპირებენ, რომ ბავშვებს 31 დეკემბრის ღამეს ნამდვილი ჯადოსნური ახალი წელი აჩუქონ.

ყველა ახალი ამბავი
0