გორბაჩოვის „დამღუპველი“ მაგი და ილუზიონისტი ური გელერი

© Flickr / FL/ TaylorHerringური გელერი
ური გელერი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, თუ ვინმე „ურწმუნო თომა“ ბრძანდებით ან სკეპტიკურად ხართ განწყობილი საოცრებების მიმართ, მათ შორის, ადამიანის შესაძლებლობებს რაც ეხება, და მიგაჩნიათ, რომ ვოლფ მესინგი, ვანგა, როზა კულეშოვა, ნინელ კულაგინა, ჯუნა, კაშპიროვსკი და ჩუმაკი, რბილად რომ ვთქვათ, გვატყუებდნენ, მოემზადეთ: გადაგარწმუნებთ, ან, ყოველ შემთხვევაში, ყველანაირად ვეცდები ამის გაკეთებას. და ამაში დამეხმარება ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი.

© Flickr / FL/ TaylorHerringური გელერი
ური გელერი - Sputnik საქართველო
ური გელერი

ადამიანი, რომელიც ერთი შეხებით ღუნავს კოვზებს, წყვეტს ლითონის რგოლებს, შორიდან აჩერებს და ამუშავებს საათებსა და საბაგირო გზებს. ეს გახლავთ ბრიტანელი ტელეპატი, ექსტრასენსი, მაგი და ილუზიონისტი ური გელერი, რომელიც დაიბადა ზუსტად 70 წლის წინ, 1946 წლის 20 დეკემბერს ქალაქ თელ-ავივში. მის ფენომენს დღემდე სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში და მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ის, რის დემონსტრირებასაც ახდენს ეს საოცარი ადამიანი, არ არის არც ჰიპნოზი და არც დარწმუნების ეფექტი; ეს არის რეალური ფსიქოფიზიკური მოვლენა, რომლის ბუნების შეცნობა ვერ ხერხდება.

1976 წელს ბოსტონის უნივერსიტეტმა გამოსცა მონოგრაფია ური გელერზე დაკვირვებების შესახებ, რომლის ავტორიცაა ცნობილი ფიზიკოსი ჩარლზ პანატი. ის ამტკიცებს, რომ ური გელერს აზროვნების ძალით ნამდვილად შეუძლია ზემოქმედება ცოცხალ და არაცოცხალ მატერიაზე.

თავად ური კი ამბობს, რომ ის ღრმად რელიგიური ადამიანია და სწამს ღმერთის, მაგრამ ამავე დროს სჯერა ზებუნებრივი ძალებისა და „მფრინავი თეფშებისა“, რომლებიც მას არაერთხელ უნახავს, კონტაქტშიც შესულა მათთან და სურათიც კი გადაუღია მათ ფონზე. გელერს მიაჩნია, რომ მისი ფენომენის ახსნა შეიძლება სამი მიზეზით: პირველი — რომ ის რაღაც კოსმოსური ენერგიების გადაცემის შუამავალია; მეორე — რომ ღმერთის წყალობით მას, სხვა ადმიანებისგან განსხვავებით, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ტვინის მაქსიმალური შესაძლებლობები; ხოლო მესამე თეორია კი იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა ცივილიზაციის წარმოგზავნილია. თუმცა პირველი ვარიანტი ყველაზე მეტად მოსწონს.

© FB/ Uri Gellerური გელერი
ური გელერი - Sputnik საქართველო
ური გელერი

გელერის ახლობლები ამბობენ, რომ ისინი უკვე დიდი ხანია შეეჩვივნენ, რომ მის ირგვლივ სრულიად მოულოდნელად საგნები ფრენას იწყებენ, მერე სადღაც ქრებიან და ჩნდებიან აბსოლუტურად მოულოდნელ ადგილებში. ურიც, რა თქმა უნდა, შეჩვეულია ამ ყველაფერს, მაგრამ ამბავმა, რაც მას ცხოვრებაში ერთადერთხელ გადახდა 1973 წლის 9 ნოემბერს, თავად ურიც კი გააკვირვა.

ამ დღეს ის ნიუ-იორკში პაემანზე მიიჩქაროდა და უცბად მოეჩვენა, რომ წინ წასვლის ნაცვლად უკან მიდიოდა. მერე რაღაცა ძალამ ზემოთ აიტაცა და იგრძნო, რომ სხეულმა წონა დაკარგა. ურიმ თვალები დახუჭა და როდესაც რამდენიმე წამში გაახილა, დაინახა, რომ რაღაც ვერანდაზე იყო. უცნაურმა ძალამ მას ვერანდის შუშა ჩაატეხინა და ის აღმოჩნდა თავისი მეგობრის ანდრია პუხარიჩის სახლში, რომელიც მანჰეტენიდან, სადაც გელერი მანდილოსანს უნდა შეხვედროდა, მანქანით ერთი საათის სავალში მდებარეობდა. და ეს სულ რაღაც ერთ გაელვებაში…

ვიცი, რომ გეღიმებათ და მესმის, რომ ასეთი ისტორიის დაჯერება თითქმის შეუძლებელია, თუ, მაგალითად, ჩემსავით გამოუსწორებელი ფანტაზიორი არ ხართ.  მაგრამ, მეორე მხრივ, დედამიწიდან პირველი თანამგზავრის გაშვებამდე ერთი წლით ადრე ამის წარმოდგენაც კი არავის შეეძლო.

ური გელერი, სხვათა შორის, გახლავთ დიდი ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი. დედის აზრით, ურის სწორედ მისი გენები გადაეცა, რამაც ის ყველასგან განსხვავებული გახადა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - Sputnik საქართველო
ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მაგია და საიდუმლო...

ბავშვობაში ურის ძალიან უჭირდა და დედასთან ერთად პაწაწინა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მაგრამ გასული საუკუნის 70-იან წლებში ის ძალიან ცნობილი გახდა და ნიჭმა სერიოზული სიმდიდრე მოუტანა. იმ პერიოდში ის წინასწარმეტყველებდა, თუ სად ჯობდა ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოების აღმოჩენა და, შესაბამისად, ზღაპრულ ჰონორარებსაც იღებდა.

ური იხსენებს, რომ ვერ გაუძლო ფულით გამოცდას, რომ შედიოდა რესტორნებში და უაზროდ უკვეთდა კერძებს, იცვლიდა ბინებსა და მანქანებს… მისი თქმით, ამ სიგიჟისგან მეგობარმა ჯონ ლენონმა იხსნა, რომელმაც დაინახა, რომ ის იღუპებოდა და სულიერების დაბრუნებისკენ მოუწოდა.

საინტერესოა, რომ, ურის შეფასებით, ჯონ ლენონი მასავით არაამქვეყნიური და კოსმოსური მოვლენა იყო.

© photo: Sputnik / Алексей Бойцов / გადასვლა მედიაბანკშიიული ვორონცოვი - საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-სსრკ-ის მოლაპარაკებებზე შვეიცარიაში
იული ვორონცოვი - საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-სსრკ-ის მოლაპარაკებებზე შვეიცარიაში - Sputnik საქართველო
იული ვორონცოვი - საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-სსრკ-ის მოლაპარაკებებზე შვეიცარიაში

ური იხსენებს საინტერესო ისტორიას: როდესაც 1987 წელს შვეიცარიაში საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა განიარაღების შესახებ, აშშ-ის ელჩმა ის შეხვედრის მოსამზადებელ ჯგუფში მიიწვია. ურის თქმით, მას ევალებოდა ტელეპათიური გავლენის მოხდენა საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელზე იული ვორონცოვზე. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, გელერმა ვორონცოვს აჩვენა რამდენიმე ცდა, აჩუქა თავისი წიგნი და სთხოვა, მოეყოლა გორბაჩოვისთვის მათი შეხვედრის შესახებ. ური დარწმუნებულია, რომ მისმა ტელეპათიურმა ნიჭმა ვორონცოვის გავლით გორბაჩოვამდე მიაღწია.

ყოველ შემთხვევაში, მხარეთა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ხოლო გაზეთმა Sunday Times-მა დაბეჭდა წერილი სათაურით „ური გელერმა მიხეილ გორბაჩოვის ნებისყოფა გატეხა“.

ური გელერსა და მის ნახევრად რუს მეუღლეს ჰყავთ ორი შვილი, თუმცა, სამწუხაროდ, მათ მამის ნიჭი არ გამოჰყოლიათ. თავის დროზე მშობლებს მათ აღზრდასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდათ, რადგან ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიული ბავშვები იყვნენ. მაშინ მამამ შვილები წაიყვანა ბრაზილიაში, სადაც მოატარა ყველაზე ღარიბი კვარტლები და აჩვენა, როგორ უჭირთ ადამიანებს და ბავშვებს, რომელთაც არც მათსავით მდიდრული ტანსაცმელი აქვთ და არც ნარჩევი კერძებით იკვებებიან.

ურის თქმით, ამ მოგზაურობის შემდეგ მის შვილებს არასდროს აღარაფერი მოუთხოვიათ. 

ური ვეგეტარიანელია, თავშეკავებულ და მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და აქვს ერთი ოცნება: შეკრიბოს (რატომღაც ლას-ვეგასში) მთელი მსოფლიოდან ის ადამიანები, ვისაც ფენომენალური ნიჭი გააჩნია და, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, ვინ არის მათში ყველაზე ძლიერი.

გელერის წინასწარმეტყველებით, კაცობრიობის განვითარების ორი სცენარი არსებობს. პირველი: ათასი წლის შემდეგ ადამიანის სხეული შეიცვლება, ხელები და ფეხები დაგვისუსტდება, თავი ოდნავ გაგვეზრდება, განსაკუთრებით, შუბლის ნაწილი, რადგან განვითარდება თავის ტვინი, მნიშვნელობას დაკარგავს შიდა ორგანოები და მთავარ ფუნქციებს გონება იტვირთავს, ადამიანი ისწავლის ხედვას თვალების გარეშე, გადაადგილებას ფეხების გარეშე და გამრავლებას… ცნობილი მეთოდის გამოუყენებლად. მერე ქვეყანაზე გაქრებიან ქალები და მამაკაცები, ადამიანები იქცევიან ცნობიერების ერთნაირად დამუხტულ ველებად და შეძლებენ უსასრულო მოგზაურობას დროსა და სივრცეში; და მეორე: 200-300 წელიწადში კაცობრიობა მიატოვებს დედამიწას და გადასახლდება ახალ პლანეტაზე, სადაც შექმნის ახალ და მშვენიერ ცივილიზაციას.

მართალი რომ გითხრათ, მე არც ერთი სცენარი არ მაწყობს. ყველაფერს ისევ ეს ჩვენი გემრიელი და მყუდრო აივანი მირჩევნია…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და საოცრებებით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0