00:44 27 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ანა რუბიკონი

ანა რუბიკონის საქართველო: ყველასგან განსხვავებული ქართველები და უწესრიგო მძღოლები

© Sputnik / Levan Avlabreli
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
38931

Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ გერმანელ ანა რუბიკონს გაგაცნობთ, რომელიც მკითხველს საქართველოში თავისი ცხოვრების და საქმიანობის ისტორიას უზიარებს.

ანა რუბიკონი ახალგაზრდა იურისტია. საქართველოში მოხალისეთა პროგრამით მოხვდა. აქ, ძირითადად, ადამიანის უფლებების საკითხებით არის დაკავებული. საქართველოში ანამ ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრების გემო გაიგო.

საქართველოში ჩამოსვლა

ყოველთვის მინდოდა ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა. დამოუკიდებელი ცხოვრება რომ მეცადა, დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი სხვადასხვა შესაძლებლობას — სტაჟირებებს, გრანტებს, სტიპენდიებს. ბოლოს გამიმართლა, კონკურსში გავიმარჯვე და ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციის მოხალისე გავხდი. ასე მოვხვდი საქართველოში.

ანა რუბიკონი: ქართველებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ახალგაცნობილი ადამიანებიც კი ძველი მეგობრებივით მექცევიან.
© Sputnik / Levan Avlabreli
ანა რუბიკონი: ქართველებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ახალგაცნობილი ადამიანებიც კი ძველი მეგობრებივით მექცევიან.

როდესაც გავიგე, რომ პატარა კავკასიურ ქვეყანაში მგზავნიდნენ, მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ინტერნეტში ორი ძირითადი საკითხი იყო გამოყოფილი. პირველი: სტუმართმოყვარეობა, რომლის შესახებ ბევრი ლაპარაკობს და ეს მართლაც ასეა — აქ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობს. მეორე: რომ საქართველო ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე მდებარეობს და აქ ორი კულტურა ერწყმის ერთმანეთს, რაც თავისთავად უკვე ძალიან საინტერესოა.

ძალიან კარგად მახსოვს თბილისში გატარებული პირველი ღამე. თვითმფრინავი დაეშვა, აეროპორტიდან გამოვედით და გეზი ქალაქისკენ ავიღეთ. თბილისი პირველი დანახვისთანავე მომეწონა და ქალაქისა და მისი ისტორიის უფრო ახლოს გაცნობა მომინდა. თვალში მომხვდა მშვენიერი არქიტექტურა, რომელიც ძალიან განსხვავდება გერმანიის არქიტექტურისგან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ქალაქის, მაინის ფრანკფურტისგან.

განსხვავებით გერმანიისგან…

გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოში, მათ შორის, თბილისში ძალიან ბევრი ძველი მანქანა მოძრაობს. ჩემთვის ეს საკმაოდ უჩვეულოა, თუმცა მესმის, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და, პრინციპში, ეს ნორმალურია.

საქართველოში მძღოლები ძალიან უწესრიგოდ მოძრაობენ. გერმანიაში კი პირიქით, კარგად ორგანიზებულად. ამიტომ საქართველოში ქუჩაზე გადასვლისაც კი მეშინია საშინელი მოძრაობის გამო.

გერმანიისგან განსხვავებით საქართველოში ბუნება ძალიან დანაგვიანებულია. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ლამაზი და მდიდარი ბუნება გაქვთ, რომელსაც მოვლა, გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება და არა დანაგვიანება.

ქართველებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ყველა ძალიან კეთილგანწყობილია, ახალგაცნობილი ადამიანებიც კი ძველი მეგობრებივით მექცევიან. ასეთი რამ გერმანიაში არ ხდება. საქართველოში ყველას შენი დახმარება სურს — ქუჩაშიც, სამსახურშიც და სხვა ყველგან.

მხიბლავს, რომ აქ ურთიერთობებისთვის დროს ყოველთვის პოულობენ. მაგალითად, სამსახურში ყველას ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ ფინჯან ყავაზე მაინც ვახერხებთ შეკრებას. ერთმანეთს ახალ ამბებს ვუზიარებთ, საქმეებს განვიხილავთ, ენერგიით ვივსებით და მერე მთელი დღე მიგვყვება კარგი განწყობა.

გერმანიაში კი სამსახურში მხოლოდ სამუშაოდ დადიან, იქ მეგობრებს არ იძენენ, კოლეგების ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი საკითხებით შემოიფარგლება.

საქმიანობა საქართველოში

გერმანიაში იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. სტაჟირებაზე ახალგაზრდა იურისტის სტატუსით ჩამოვედი. საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებთან ვმუშაობ. ეს საკითხი საკმაოდ ღრმად შევისწავლე. ახლა IDP Women Association "Consent"-ში ვმუშაობ.

კარგია, რომ ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრია. სხვადასხვა დასახლებაში ვმუშაობთ, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ — დავდივართ და ხალხის დასაქმების, ცხოვრების დონის საკითხებს ვიკვლევთ.

ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ ამ ხალხის უფლებები სრულად არის დაცული. და თუ ეს უფლებები ირღვევა, ვარკვევთ – როგორ, რა მასშტაბით ირღვევა და რამდენად რთული იქნება ამ პრობლემების აღმოფხვრა. ერთი სიტყვით, ორგანიზაცია სადამკვირვებლო და კვლევითი საქმიანობით არის დაკავებული.

ანა რუბიკონი
© Sputnik / Levan Avlabreli
ანა რუბიკონი

საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია ქალთა უფლებების მონიტორინგი. ოჯახური ძალადობა რეგიონებში ჯერ კიდევ საკმაოდაა გავრცელებული, რაც ძალზე სამწუხაროა. თუ ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, უნდა ებრძოლოს ამას. ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვცდილობთ.

პროექტის წამოწყებას ვაპირებ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ჩემი გეგმის მიხედვით, ახალი ორგანიზაცია ახალგაზრდა ქალებთან იმუშავებს. მათ უნდა დავანახოთ, რომ დამოუკიდებლობისა და უფლებების დასაცავად საჭიროა ბრძოლა. საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ქალიშვილების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება არ უნდათ, დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ახალგაზრდა გოგონებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, ცხოვრებაში რეალიზების რა პერსპექტივები გააჩნიათ. ჰიპერმეურვეობა ძალიან ტიპიურია როგორც საქართველოსთვის, ისე აზიის სხვა ქვეყნებისთვის. ამასთან ბრძოლაა საჭირო.

მიმაჩნია, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია: ხალხის განათლების დონის ამაღლება. ინფორმაცია ძალაა. ისეთი ორგანიზაციები უნდა შეიქმნას, რომლებიც ოჯახური ძალადობის ან ადამიანის უფლებების სხვა რომელიმე დარღვევის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება, ასევე ამ თემებზე ტრენინგებს, სემინარებს და კონფერენციებს ჩაატარებს.

ნურავინ იფიქრებს, რომ დასავლეთში ყველაფერი კარგადაა. პრობლემები ყველგან არსებობს, ჩვენი ცნობიერებაც არ არის ჯერ მთლიანად შეცვლილი. ბევრს ჯერ კიდევ აქვს დომინირების სურვილი, ეს კი ადამიანის უფლებებს ავტომატურად არღვევს.

დასტურად ჩემი ოჯახის მაგალითის მოტანა შემიძლია. მათ ძალიან არ უნდოდათ, რომ სადმე წავსულიყავი. მე კი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება მსურდა.

ახლა სავსებით დამოუკიდებლად ვცხოვრობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოსი, რომელმაც ასე თბილად მიმიღო!

მთავარი თემები