08:55 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საბჭოთა პოეტი ბელა ახმადულინა ავტომანქანის საჭესთან

მესერერის საჩუქარი ქართველ მეგობრებს და ახმადულინას „გამარდჟობა საკარტველოს“

© Sputnik/ Тейтельбаум
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
13241

Sputnik-ის ავტორი იგორ ობოლენსკი მხატვარ ბორის მესერერს ეწვია და სწორედ მისგან შეიტყო პოეტ ბელა ახმადულინას საქართველოსადმი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ.

იგორ ობოლენსკი

ის-ის იყო „სამოციანელებისადმი“ მიძღვნილი სერიალის „იდუმალი ვნების“ პრემიერა გაიმართა, რომ წიგნის დახლებზე მხატვარ ბორის მესერერის მემუარები Промельк Беллы გამოჩნდა, რომელშიც სწორედ სერიალის გმირებზე იყო მოთხრობილი. 

რაღა თქმა უნდა, წიგნი შევიძინე, გადავშალე და პირდაპირ საქართველოსადმი მიძღვნილ თავს გადავაწყდი.

კიდევ ერთი დამთხვევა: ჯიბეში უკვე რომ არ მდებოდა ბილეთი თბილისისკენ, აუცილებლად შევიძენდი და გეზს საქართველოსკენ ავიღებდი. იმიტომ რომ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს მესერერის მიერ აღწერილი და ახმადულინას მიერ ხოტბაშესხმული საქართველო.

იგორ ობოლენსკი და ბორის მესერერი
იგორ ობოლენსკი
იგორ ობოლენსკი და ბორის მესერერი

მეორე დილით ბორის მესერერის სახელოსნოს ვესტუმრე პოვარსკაიაზე; ლეგენდარულ ადგილს, სადაც თავის დროზე ХХ ასწლეულის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა — დაწყებული ვლადიმირ ვისოცკით, დასრულებული ანტონიონითა და გუერათი.

ამ სახელოსნოში მოხვედრა — ეს ბიოგრაფიის ნაწილია და მინდოდა, ყველა კუთხე-კუნჭული ყურადღებით დამეთვალიერებინა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, კედელზე გამოფენილი მართლმადიდებლური ხატები, ძველებური გრამოფონები და ბელა ახმადულინას ბრინჯაოს ქანდაკების გასაოცარი ესკიზი იყო…

გამოგიტყდებით, ზღურბლზე რომ ფეხი შევდგი, უკვე მონუსხული ვიყავი მესერერის მონათხრობით მისი და ბელა ახმადულინას საქართველოში მოგზაურობების შესახებ. ახმადულინამ თავის დროზე  გალაკტიონის ლექსი თარგმნა, რომელიც ჩემმა სათაყვანო ქართველმა პოეტმა მერი შერვაშიძეს მიუძღვნა. რუსული საზოგადოება გალაკტიონის „მერის“ სწორედ ახმადულინას ნათარგმნით იცნობს.

ბელა ახმადულინას პორტრეტი ბორის მესერერის სახელოსნოში
იგორ ობოლენსკი
ბელა ახმადულინას პორტრეტი ბორის მესერერის სახელოსნოში

როცა თავად დავიწყე ქართული ენის შესწავლა, აღმოვაჩინე, რომ ლექსის ქართულ და რუსულ ვარიანტებში შინაარსობრივი სხვაობა იყო. ჩანდა, რომ ბელას საკუთარი ნაწარმოები შეექმნა. თავდაპირველად ამან რაღაცნაირად შემაშფოთა, ვერ ვხვდებოდი, რაში დასჭირდა ახმადულინას ასე მოქცევა. მერე კი მივხვდი, რომ, როგორც ანდრეი ბიტოვმა ბრძანა, რუსი პოეტესა პწკარების მიხედვით კი არ თარგმნიდა, არამედ სიყვარულის კარნახით… და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.  

მესერერი მემუარებში იხსენებს, როგორ გაემგზავრა 70-იან წლებში ბელასთან ერთად პარიზში. როცა გაუგია, რომ გალაკტიონის მუზა მერი ცოცხალი იყო და იქ ცხოვრობდა, შეხვედრა მოუნდომებია, მაგრამ შერვაშიძეების ასულს აუდიენციაზე უარი უთქვამს.

ბორის მესერერის სახელოსნო
იგორ ობოლენსკი
ბორის მესერერის სახელოსნო

მესერერის ინტერესი მე დავაკმაყოფილე ჩემ მიერ წიგნად აკინძული ისტორიებით, რომლებიც რუსეთის იმპერატრიცის ყოფილ ფრეილინასა და ემიგრაციაში კოკო შანელის მოდელად ქცეულ ქალბატონზე მსმენოდა. დიახ, მერი შერვაშიძე გახლავთ ერთ-ერთი გმირი ჩემი წიგნისა Судьба красоты. Истории грузинских жен („სილამაზის ბედისწერა: ქართველი ცოლების ისტორიები“). მასვე ეძღვნება ამ წიგნის დოკუმენტური ეკრანიზაციის ერთი სერიაც.

მხატვარმა ყურადღებით მოისმინა ჩემი ნაამბობი და მერე „ალავერდად“ თავად გაიხსენა შეხვედრა-ვერშეხვედრის ამბავი, როცა მას და ბელა ახმადულინას ანა ახმატოვას ვაჟთან ლევ გუმილიოვთან ვიზიტი მოუწადინებიათ და ამ უკანასკნელს უარი უთქვამს: თქვენ დედაზე დამიწყებთ გამოკითხვას და რა უნდა გითხრათ, ერთი თავისუფალი ქალი იყოო…

რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ახმადულინა, თურმე, აღმერთებდა ქართულ ენას. ის კი არა, საქართველოში ჩამოსული ყველას სთხოვდა, ჩემი თანდასწრებით მხოლოდ ქართულად ილაპარაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორიოდე სიტყვა იცოდა ამ ენაზე. და მაინც, მოსკოვის ქუჩებში ქართულად მოსაუბრეებს თუ გადააწყდებოდა, მივიდოდა და ეუბნებოდა: „გამარდჟობა საკარტველოს“.

ბორის მესერერის სახელოსნოში
იგორ ობოლენსკი
ბორის მესერერის სახელოსნოში

ახმადულინა ძალიან მეგობრობდა ბულატ ოკუჯავასთან. ერთხელ, თურმე, თბილისის ქუჩაში ვიღაც უცნობი მიუახლოვდა და თავი წარუდგინა, მე ბულატ ოკუჯავას ბიძაშვილი ვარო. ამის პასუხად ბელას უცნობი გადაუკოცნია და უთქვამს, მე კიდევ ღვიძლი ძმა ვარ თქვენი ბიძაშვილისაო.

ჰო, და კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორია — როგორ მონათლეს ბელა სვეტიცხოველში, სადაც მერე თავისი ქალიშვილი ლიზაც მონათლა.

აი, საიდან გაჩნდა მისი გულში ჩამწვდომი სტრიქონები:

Ни о чем я не жалею, ничего я не хочу.
В золотом Свети-Цховели ставлю бедную свечу…

ბორის მესერერი და ბელა ახმადულინა თეატრალური პრემიის, „ბროლის ტურანდოტის“ დაჯილდოებაზე
© Sputnik/ Сергей Пятаков
ბორის მესერერი და ბელა ახმადულინა თეატრალური პრემიის, „ბროლის ტურანდოტის“ დაჯილდოებაზე

ბორის მესერერმა ისიც გაიხსენა, როგორ დატრიალდა ბელა ახმადულინა მძიმე დღეში ჩავარდნილი სერგო ფარაჯანოვის დასახმარებლად; როგორ წერდა პირდაპირ თბილისური სახინკლის მაგიდაზე წერილებს შევარდნაძის სახელზე და მერე როგორ შეხვდა საქართველოს ლიდერს. მაშინ შევარდნაძეს მისთვის ფარაჯანოვთან დაკავშირებით უთქვამს, ვიფიქრებ მაგაზეო, ხოლო თავად ბელასთვის მეფური საჩუქარი მიურთმევია — აგარაკი შავი ზღვის პირას…

მაგრამ ახმადულინას უარი უთქვამს, ვინაიდან „აღმერთებდა მთელ საქართველოს და არაფერში სჭირდებოდა, დაუფლებოდა მის ნაწილს“. 

მესერერისგან წიგნებით დატვირთული წამოვედი, რომლებზეც ქართველი მეგობრებისადმი მიძღვნები წააწერა საკუთარი ხელით. ახლა თბილისში სასიამოვნო მისია მელოდება: ვიქცე მესერერისა და ახმადულინას სახლის შიკრიკად…

და ესეც ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია.

მთავარი თემები