19:08 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ჯოჯოხეთი

რატომ კლავენ ხელები...

© Flickr/ FL/ Justin Vidamo
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
17671

რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს? რატომ იმეტებენ ასე უმოწყალოდ და დაუფიქრებლად? როგორ და როდის ჩამოყალიბდა ეს სოციუმი ცალკე კასტად? სტატისტიკა მშრალია და მკაცრი, ემოციებისგან დაცლილი, როგორც მიცვალებულის სახე, შვილმკვდარი დედა ან თავად მკვლელი!

ანა ქათამაძე

ცივმა შემოდგომამ გააშიშვლა ყოველდღიურობა. ქუჩა, ბილიკი, ორღობე ბეღურებივით მობუზულან და მიიკლაკნებიან ღამის წყვდიადში. სითბო, როგორც თითებშუა ქვიშა, ისე გვეცლება ხელიდან. ხელები კი ისე გვაქვს დამძიმებული, ერთმანეთისკენ გაწვდენასაც ვეღარ ვახერხებთ. 

ხელები!!!

რამდენი მილიარდი ხელია ამ სამყაროში აზელილი და ვნებით დამთვრალი...
რამდენი მილიარდი ხელია ამ სამყაროში აზელილი და ვნებით დამთვრალი...

რისთვის ჩნდებიან, ვისთვის და რატომ?! დანიშნულება მრავალმხრივია, მიზანი – სუბიექტური და ინდივიდუალური, ისევე, როგორც ფორმა და ფერი…

რამდენი მილიარდი ხელია ამ სამყაროში, რამდენი მომლოდინე ხელი უკანასკნელად ჩამოშვებულა. რამდენი ხელის დაქნევა ყოფილა ცხოვრებაში საბოლოოდ დასმული ყველაზე დიდი წერტილი. რამდენი ხელის შეხება ყოფილა სიცოცხლის საწყისი. რამდენი მილიარდი ხელია ამ სამყაროში აზელილი და ვნებით დამთვრალი…

ყველა ყველაფერს ეძებს ცხოვრებაში, ყველას სადღაც ეჩქარება და ყველა სადღაც აგვიანებს. ამ „ყველაში“ ვართ მეც, შენც, ისიც, მთელი სამყარო. ამ „ყველაში“ ცხოვრობენ ბედნიერები, უბედურები, იმედგაცრუებულები, მეოცნებენი, მკვლელებიც!..

მკვლელები… მოხუცების, დედების, მამების, შვილების… თითქოს მათი გახდა ჩვენი ყოველდღიურობა, თითქოს ისინი გვიგეგმავენ განწყობას, წამიერად გვიკრძალავენ ღიმილს, სიხარულის შეგრძნებას, უფლებას გვართმევენ, ვიცხოვროთ ცხოვრებაში ბედნიერი თვალებით.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე
რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე

ისინიც ყოველდღიურად სადღაც და ვიღაცას ხვდებიან, სადღაც და ვიღაცას საკუთარ სიმართლეს უმტკიცებენ, სადღაც და ვიღაცას სიყვარულს უხსნიან, სადღაც და ვიღაცას ემალებიან, თუმცა სისხლის სუნი ასდის მათ ხელებს, სიტყვებს, მოფერებას, სიყვარულს…

რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს? რატომ იმეტებენ ასე უმოწყალოდ და დაუფიქრებლად? როგორ და როდის ჩამოყალიბდა ეს სოციუმი ცალკე კასტად?

სტატისტიკა მშრალია და მკაცრი, ემოციებისგან დაცლილი, როგორც მიცვალებულის სახე, შვილმკვდარი დედა ან თავად მკვლელი!

ციფრები კი ისეთი სასტიკია, როგორც რეალობა, რომელიც, როგორც მოცემულობა, უნდა მივიღოთ.

იქნებ სიკეთე გავაქრეთ ჩვენ თვითონ და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ და გავაცამტვერეთ ცხოვრება, რომელშიც  ცისარტყელას ფერები აღარ სახლობენ...
იქნებ სიკეთე გავაქრეთ ჩვენ თვითონ და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ და გავაცამტვერეთ ცხოვრება, რომელშიც ცისარტყელას ფერები აღარ სახლობენ...

შვილმა მეგობრებთან ერთად საკუთარი დედა მოკლა, დაანაწევრა და ორგანოები შეჭამა…

შვილმა ასაკოვან მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა…

ჩანთაში დანაწევრებული ცხედარი იპოვეს…

ახალგაზრდამ თანასოფლელი შენიშვნის მიცემის გამო მოკლა…

ეს მცირე ჩამონათვალია იმ „გმირობებისა“, რამაც ნოემბერს თალხი ჩააცვა.

სიტყვები ამ დროს ისეთი უსუსური და არაფრისმთქმელია, ისეთი საცოდავი და უტყვი. ამ დროს სურვილი გიჩნდება, რომ ხმამაღლა იბღავლო, ქვეყნიერება შეყარო და სამყარო გამოაფხიზლო…

გამომიწოდეთ ხელები, რომ ერთმანეთს ცრემლები მოვწმინდოთ, სიკეთე მოვძებნოთ და ადამიანებს ცხოვრების მზეები დავუბრუნოთ
გამომიწოდეთ ხელები, რომ ერთმანეთს ცრემლები მოვწმინდოთ, სიკეთე მოვძებნოთ და ადამიანებს ცხოვრების მზეები დავუბრუნოთ

სიკვდილიცაა და სიკვდილიც… ბედისწერა კი ის უფალია, რომელსაც მუხლის ჩოქზე რომც დაუდგე, მაინც არ მოგეშვება და თავის უხეშ ხელს იმ წუთსა და წამს შეგახებს, როდესაც მას მოესურვება.

ხელები. რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე. რატომ და როდის გაგვიუხეშდა ასე ხელები? იქნებ სითბო დავაკელით, იქნებ სადღაც გაგვეყინა, იქნებ პატარაობაში ბევრჯერ დავსაჯეთ, კუთხეში დავაყენეთ და უმიზეზოდ ვურტყით კიდეც? იქნებ ზომაზე მეტად უყვარდათ კიდეც?

იქნებ დიდები მაშინ ვიყავით, როცა ძალიან პატარა ასაკში მხოლოდ სიკეთის არსებობის გჯეროდა?..

რამდენჯერ ამ ხელებს მოუწმენდიათ დედისთვის ცრემლები, რამდენჯერ ამ ხელებს ძილში დედა მოუძებნიათ და მისი სითბოს შეგრძნებისას თავი მშვიდად უგრძვნიათ, რამდენჯერ ამ ხელებს უცდიათ მამასავით თმა გადაევარცხნათ, რამდენჯერ ამ ხელებს დაყრდნობიან და ბედნიერება მიუნიჭებიათ სხვისთვის… რამდენჯერ ამ ხელებს…

იქნებ სიკეთე ჩვენ თვითონ გავაქრეთ და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ და გავაცამტვერეთ ცხოვრება, რომელშიც ცისარტყელას ფერები აღარ სახლობენ. 

ხელები კი… გამომიწოდეთ ხელები, რომ ერთმანეთს ცრემლები მოვწმინდოთ, სიკეთე მოვძებნოთ და ადამიანებს ცხოვრების მზეები დავუბრუნოთ.

იქნებ ჩვენ არც არაფერ შუაში ვართ, იქნებ ეს ქალაქი გაგვეყინა უბრალოდ, ქალაქი რომელსაც „თბილისი“ ჰქვია?..

მთავარი თემები