ერლომ ახვლედიანის მეფური საჩუქარი, მისი პერსონაჟის პროტოტიპი და სიჭაბუკის მეგობარი

გამოწერა

ბატონი ნიკო გამყრელიძე მოსკოვიდან თბილისში არდადეგებზე ჩამოდის. ის მათემატიკოსია, გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტის პროფესორი. სტუდენტებს ბოლო ლექციაზე აღიარებული ქართველი მწერლის, სცენარისტის, პედაგოგისა და უზადო პიროვნების ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებს — „კეთილი კაცის ამბავს“ უკითხავს. ერლომ ახვლედიანი 1933 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. „მისი დაბადების დღე არ გამიცდენია, ერთად აღვნიშნავდით“, – გვითხრა ბატონმა ნიკომ და ამ არაჩვეულებრივი ადამიანის არსი გააცოცხლა.

© FB/ FB/ ერლომ ახვლედიანი - Erlom Akhvledianiარჩილ კუხიანიძის ნახატი "ერლომი"
ერლომ ახვლედიანის მეფური საჩუქარი, მისი პერსონაჟის პროტოტიპი და სიჭაბუკის მეგობარი - Sputnik საქართველო
არჩილ კუხიანიძის ნახატი "ერლომი"

ნიკო გამყრელიძე: ერლომი ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც ერთი თაობის ხალხი ვართ. ჩემი უახლოესი სკოლის მეგობრები იყვნენ ვანო ყვავილაშვილი და გოგი ხოშტარია, თქვენთვის ნაცნობი ხელოვნებათმცოდნე. ერლომთან მეგობრობა კინოს გადაღებით განმტკიცდა. ერლომი თამაშობდა, მე კინოოპერატორი ვიყავი, ლევან მალაზონია და ედიშერ გიორგაძე – ამ გადაღების აქტიური წევრები. 1957 წელია, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. „ანეკდოტი ეკრანზე“ — ამ ფილმს ვიღებდით ბელინსკის ქუჩაზე, ედიშერ გიორგაძის სახლში. ფირზე ვიღებდით და მისი გამჟღავნება რთული, მრავალსაფეხურიანი პროცედურა იყო. ხშირად დილის 5 საათამდე ვმუშაობდით. დეიდაჩემმა თავის ბინაში შეგვიფარა და ჩვენი გაუთავებელი წრიალი და ყაყანი მოითმინა. მაშინ თბილისის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სერიოზული დატვირთვა მქონდა და ამ გადაღებებს ლამის ჩემი პროფესია შეეწირა, გარიცხვას გადავურჩი.

ერლომი ძალიან დაბნეული კაცი იყო, მაგრამ მას ხედვა ჰქონდა. მერე და მერე ცხოვრებაში ვამჩნევდი — აი, ეს ერლომის გმირია, ეს მან დაინახა! როცა მან „ვანო და ნიკო“ დაწერა, ვხუმრობდით — არ თქვას, რომ ჩვენ რამე წვლილი მიგვიძღვის ამ მოთხრობის შექმნაში. მაშინ ერლომი კამოს ქუჩაზე ცხოვრობდა, მე და გოგი ხოშტარია მასთან შინ მივდიოდით და ამ მოთხრობას გვიკითხავდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების კითხვა ძალიან მიყვარდა და წიგნებმა გამზარდეს, ეს ჩემთვის ახალი სტილი იყო. თავიდან არც მიფიქრია, რომ ნიკო მე ვარ და ვანო — ვანო ყვავილაშვილია. მერე აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეში ჩვენ ვგავართ ერთმანეთს. და რას ვგულისხმობ — ლიტერატურულ გემოვნებას, პოლიტიკური მოვლენების შეფასებას. მაგალითად, მე თბილისის უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ერთადერთი არაკომკავშირელი სტუდენტი ვიყავი, იდეური მოსაზრებიდან გამომდინარე. ასევე იყო ვანო ყვავილაშვილი ფიზიკის ფაკულტეტზე. დღეს ერლომი, ვანო ამქვეყნად აღარ არიან…

© FB/ ერლომ ახვლედიანი - Erlom Akhvledianiერლომ ახვლედიანი
ერლომ ახვლედიანის მეფური საჩუქარი, მისი პერსონაჟის პროტოტიპი და სიჭაბუკის მეგობარი - Sputnik საქართველო
ერლომ ახვლედიანი

– ბატონო ნიკო, როგორი იყო ლიტერატურული გმირის პროტოტიპისა და მისი ავტორის ისტორიები?

— ერლომი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, როგორც კი არდადეგებზე მოსკოვიდან ჩამოვიდოდი, დარეკავდა: „ლობიო გაქვს? – მოვდივარ!“ მე ვეუბნებოდი: „ღვინოც მაქვს, ლობიოც. აი, პური არ მაქვს“. „შენ პური სულ არ გაქვს, მე მოვიტან“, — მეტყოდა. შეიძლება 10 წუთში მოსულიყო, შეიძლება 3 საათში, მაგრამ უფრო ხშირად დროზე მოდიოდა და ქოქოლას მაყრიდა: „შინ პური არ უნდა გქონდეს?!“

თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგალითად, ფულს — მანეთიანი იყო ეს, თუ ორმანეთიანი ან ხურდა, ყველაფერს ერთად, მუჭით ამოიღებდა და ხელიდან უსხლტებოდა. ამას სიმდიდრის თვალსაზრისით კი არ აკეთებდა, არა. ფულს ის ხელის ჭუჭყად თვლიდა. ვეუბნებოდი – „ერლომ, დაგიკეცავ ამ ფულს“. მერე მივხვდი, რომ ეს იყო ფულის მიმართ მისი შინაგანი დამოკიდებულება. 

ერთხელ ვეუბნები, სწავლა მეწყება და უნდა წავიდე, ჩემი სტუდენტებისგან განსხვავებით „ის მაინც ვიცი, რაც არ ვიცი“–მეთქი. ერლომმა მიყურა, მიყურა და მითხრა: „მე ისიც არ ვიცი, რაც არ ვიცი“. თითქოს უაზრო გამონათქვამია, მაგრამ სინამდვილეში ზუსტი გადმოცემაა იმ სიტუაციის, რომელშიც მოხვდა.

მისი მოთხრობა „კეთილი კაცის ამბავი“ ხომ გახსოვთ? რუსულად ვთარგმნე. ჩვენ უნივერსიტეტში, იცით, როგორ არის? ორი წელიწადი მიმყავს ერთი ჯგუფი, მეორე კურსზე ამთავრებენ მათემატიკას და ბოლო ლექციაზე, როცა ამ ნაკადს ვეთხოვები, ვუკითხავ „კეთილი კაცის ამბავს“, თან ვაფრთხილებ, რომ ეს დიდების ზღაპარია, სიურრელისტური ზღაპარი! რუსულ ენაზე ცოტა თავისუფალი თარგმანი გავაკეთე და ერლომს ყველაფერს ვუთანხმებდი. თან იმდენი ვეკამათე და ველაპარაკე, რომ ბოლოს მითხრა: „მიჩუქებია შენთვის ეს მოთხრობა!“ მე ვუთხარი: „ოოო, საჩუქარიც ასეთი უნდა, ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დააწერე „ნიკო გამყრელიძეს“. და მართლაც, როცა ერლომის კრებული გამოიცა, მისი მეფური საჩუქარი მივიღე. 

© FB/ ერლომ ახვლედიანი - Erlom Akhvledianiერლომ ახვლედიანი
ერლომ ახვლედიანის მეფური საჩუქარი, მისი პერსონაჟის პროტოტიპი და სიჭაბუკის მეგობარი - Sputnik საქართველო
ერლომ ახვლედიანი

– ბატონო ნიკო, თქვენ ახლა ბრძანეთ იმ მუხტზე, რომელიც მოდიოდა ბატონი ერლომის ნაწარმოებებიდან, მაგრამ თვით მისგან როგორი მუხტი მოდიოდა?

— სიყვარულის მუხტი მოდიოდა. ერლომი თავისი ხასიათით, უშუალობით, ფიროსმანის სულის მონათესავე იყო. სხვათა შორის, ერლომის სცენარი და გიორგი შენგელაიას ფილმი ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. მე მადლობელი ვარ, რომ გადაიღო, მაგრამ ერლომთან ფინალური სცენა იმდენად გენიალურია, რომ გავკადნიერდი და გიორგის ვკითხე, რატომ შეცვალე ფინალი–მეთქი.

– სცენარში როგორი ფინალი იყო?

— სცენარის მიხედვით, ფინალში ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში მეეტლეს ნიკოს ცხედარი მიჰყავს. ცხენს ხესთან დააბამს და ფიროსმანის სულის მოსახსენებლად სარდაფში ერთი ჭიქა ღვინის დასალევად ჩადის. ამ დროს ცხენი თავს აიშვებს და ეს ეტლი ძველი თბილისის ქუჩებში იკარგება. ეს ეპიზოდი ემოციურად დატვირთულია და არსებითად ფიროსმანის დასასრულს გამოხატავს. გიორგიმ მითხრა, არაკინემატოგრაფიული არისო. ახლა, კინოს თვალთახედვა ლიტერატურისგან განსხვავდება.

ერლომის სიკეთე და ხელგაშლილობა შიგნიდან მოდიოდა, მას საჩვენებელი უშუალობა არ ჰქონდა. ძალიან მიყვარს ფიროსმანის „ჟირაფი“. კედელზე მიკიდია და როცა ვუყურებ, ასე მგონია, ჟირაფი კი არ არის, ადამიანია, რომელიც გელაპარაკება და მისას ვერ გებულობ… „ჟირაფის“ უამრავი რეპროდუქცია არსებობს, მაგრამ ის ნაპერწკალი, რომელიც ფიროსმანს აქვს თავის ტილოში ჩადებული, იქ გამქრალია. ერლომს ჰქონდა ეს ნაპერწკალი, რომელიც შიგნით ღვიოდა. ამასთან, ყველაფერში შენ გვერდით იყო. თავის დროზე ის ფინანსურად წელგამართული იყო, იმიტომ რომ ერთდროულად შეეძლო სამი-ოთხი სცენარი დაეწერა და საბჭოთა პერიოდში რაღაც გარკვეული თანხა ჰქონდა. მე მაშინ ასპირანტი, ხელშეზღუდული ვიყავი და მას სრულიად ღიად შეეძლო ამოეღო ფული და შენთვის მოეცა. უცნობ ხალხთანაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, სიკეთეს ასხივებდა. აი, მაგიდაზე მიდევს მათემატიკის პროფესიული სახელმძღვანელოები, იქვე ერლომის კრებულია, რომელსაც გადმოვიღებ თუ არა, მისი სითბოთი, მისი სიყვარულით ვიმუხტები და ვგრძნობ, რომ ერლომი ყოველთვის ჩემთან არის.

ყველა ახალი ამბავი
0