კარგად ნაცნობი და მაინც გამოუცნობი სესილია

სესილია თაყაიშვილი
სესილია თაყაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკმარისი იყო ქუჩაში მისი ხმა გაეგონათ, რომ ყველა მისკენ იცქირებოდა. ცნობდნენ ბაზარში, მაღაზიებში, აეროპორტში, რკინიგზის სადგურზე... ესალმებოდნენ ტაქსის მძღოლები, მილიციელები, უცხო გამვლელები... სესილია არაჩვეულებრივად პოპულარული იყო, ყველას მიერ აღიარებული დიდ მსახიობად.

1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა სესილია თაყაიშვილი, დღეს მისი 110 წლის იუბილეა. დიდმა მსახიობმა თავისი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ თანადროულობა ასაკით არ განისაზღვრება — მთავარია, დროის ძახილი გესმოდეს. 

სესილია თაყაიშვილს გამორჩეული გარეგნობა არ ჰქონია — არც ნაკვთები, არც ფერები… მაგრამ მისი სახე და სხეული ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად იყო. სურათის გადაღება არ უყვარდა და არც გადაღებულის შენახვა და გაფრთხილება იცოდა. როცა სახელი მოიხვეჭა და კორესპონდენტებს ვერ იგერიებდა, თუკი სთხოვდნენ სურათს, უარს არ ეუბნებოდა. ისინი აღარ უბრუნებდნენ და სულ არ წუხდა ამის გამო. საკუთარ გარეგნობას არასოდეს წახმარებია — არც თვალი შეულამაზებია და არც თმის ვარცხნილობის გაუმჯობესება უცდია. 

© საარქივო ფონდი მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.
 მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.  - Sputnik საქართველო
მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.

ძალზე პოპულარულსაც არ ჰქონია სახელოვანი ქალის ჩაცმა-დახურვა და მოქცევა. მოდას არასოდეს აჰყოლია — არც სურვილი ჰქონია, არც სახსარი. ჩაცმულობით ძველი სკოლის მასწავლებელს მოგაგონებდათ.

უყვარდა სტუმრად სიარული, იქ ხომ ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა შეეძლო. ბუნებით მორცხვი, სხვასთან წასვლაზე ადვილად დაგთანხმდებოდათ. მისი მეგობრების წრე ძალიან ფართო იყო: მეზობლები, ექიმები, ახალგაზრდა მსახიობები, ასაკს და პროფესიას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ შემოქმედება არ იყო, მას ცხოვრება აინტერესებდა. 

როგორც ყველა ჭეშმარიტ მსახიობს სჩვევია, მასაც იზიდავდა მოვლენის, ადამიანის მდუმარების, შემთხვევით წამოცდენილი სიტყვების საიდუმლო შინაარსი.

მშვიდად  ლაპარაკი არ შეეძლო. არაფრის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ სენტიმენტალური და ცრემლმორეული, ალბათ, არავის უნახავს.

პირადული კადრი არ დაუტოვებია. ოფიციალურ თავყრილობაზე სიტყვით არ გამოსულა, არც სესიებში მიუღია მონაწილეობა. არც ერთი პრეზიდიუმისა და კოლეგიის წევრი არ ყოფილა. თუკი კოლეგების საიუბილეო ზეიმს უნდა დასწრებოდა ან კიდევ უარესი — უნდა ეთქვა რამე, იტანჯებოდა. 

© საარქივო ფონდიკადრი ფილმიდან "თოჯინები იცინიან".
კადრი ფილმიდან თოჯინები იცინიან. - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "თოჯინები იცინიან".

დღენიადაგ შრომობდა. ყველაფერი მისი საზრუნავი იყო — შვილიშვილების სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საგზურები, აგარაკი, ბინის საკითხი. 

წიგნის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია, არც სპექტაკლებისა და ფილმების გარეშე… თვითკრიტიკით გამორჩეული, ამბობდა, რომ სრულყოფის, სრულქმნის სურვილს საზღვარი არ აქვსო. უკვე აღიარებული დიდოსტატიც კი, არასოდეს სხვას ჭკუას არ ასწავლიდა, მხოლოდ ღელავდა და ამტკიცებდა იმას, რასაც ფიქრობდა, რაც სწამდა, გარწმუნებდა კიდეც, რადგან თვითონ იყო დარწმუნებული.

ქმნადობის პატივმოყვარეობა არ მოჰკლებია და ეჯიბრებოდა მხოლოდ საკუთარ თავს — ყოველი ახალი როლი ადრინდელზე უკეთ სურდა განეხორცილებინა.

სხვის მიერ დაკისრებულ მოვალეობას ვერ იტანდა, მაგრამ, თუკი თვითონ იკისრებდა რასმე — წმინდად ასრულებდა.

ყოველ მის გმირ ქალს მოძრაობის თავისი მანერა ჰქონდა, ბებრებიც კი განსხვავებულად მოძრაობდნენ. 

© საარქივო ფონდიფილმი "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"-ს შემოქმედებითი ჯგუფი.
ფილმი ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი-ს შემოქმედებითი ჯგუფი. - Sputnik საქართველო
ფილმი "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"-ს შემოქმედებითი ჯგუფი.

თეორიული მსჯელობა არ უყვარდა, პრაქტიკოსი იყო. ყველაფერს თავისი გასაოცარი ინტუიციის წყალობით აგნებდა.

მიაჩნდა, რომ წარუმატებლობა თავისებურად ზრდის მსახიობს, თუკი ის შეიგნებს, რომ ეს წარუმატებლობაა და მის მიზეზებს გააცნობიერებს. 

სცენური შემოქმედების მწვერვალზე მყოფი წავიდა თეატრიდან და შემდეგ არც ერთ სხვა სცენაზე არ გამოსულა, თუმცაღა ბევრი სთხოვდა. იცოდა, რომ მას ნამდვილად ელიან ყოფილი პარტნიორები, ელის მაყურებელი… იცოდა, რადგან გრძნობდა ამას ქუჩაში, ბაზარში, ტაქსის მძღოლთან საუბარში.

სესილია თაყაიშვილის არც ერთი სცენური სახე არ არის ფირზე გადაღებული. სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობას დიდხანს არიდებდა თავს. ამბობდა: მე იმაზე ვლაპარაკობ, რაც მაღელვებს, მსმენელი კი ამ დროს, იქნებ, ხახვს ჭრის თავის სახლშიო. რამდენჯერმე მოხერხდა მისი გამოყვანა, მაგრამ ყველგან იგრძნობა, რომ არ უნოდოდა ლაპარაკი და თავს ძალას ატანდა.

თეატრზე წუხდა, კინოს ბედით შეშფოთებული არ მინახავს — აღნიშნავს ნათელა ურუშაძე.

სესილია თაყაიშვილს ადამიანებისთვის სიხარული მოჰქონდა, ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. მაყურებელს მასთან შეხვედრა უყვარდა, მაგრამ დიდი მსახიობი ცდუნებას არ აჰყოლია, არ უცდია იაფფასიანი ხერხით გაერთო და გაეცინებინა იგი. 

© საარქივო ფონდიკადრი ფილმიდან ”არ დაიდარდო"
კადრი ფილმიდან ”არ დაიდარდო - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან ”არ დაიდარდო"

სესილია თაყაიშვილის მიერ შექმნილი როლების სიმართლეს ყველა სცნობდა და ყველა აღიარებდა. ამბობდა: ცხოვრებიდან ვიღებ ყველაფერს და იმიტომო. ისიც უთქვამს — რა საჭიროა არარსებულის გამოგონება, როდესაც არსებული ასე საინტერესოაო.

სესილია თაყაიშვილის სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ვკითხულობთ

„…რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!“

წერილში გამოყენებული ყველა მოსაზრება და ინფორმაცია ეკუთვნის აღიარებულ მეცნიერსა და თეატრის მკვლევარს, ქალბატონ ნათელა ურუშაძეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0