ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: ქართველი ოსტაპი, „კაგებეს“ პოლკოვნიკი და ბრეჟნევი

© photo: Sputnik / Галина Кмит / გადასვლა მედიაბანკშიტატიანა ლიოზნოვა
ტატიანა ლიოზნოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ იგორ ობოლენსკის მონათხრობს გთავაზობთ.

ნაწილი ΙΙ

კინორეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოტყდა, სერგო ფარაჯანოვი ჩემი ერთ-ერთი გატაცება იყოო. თურმე, თბილისში ყველა ჩამოსვლაზე აუცილებლად ნახულობდა მას.
არავინ იცის, გრძნობდა თუ არა იმავეს ფარაჯანოვი ქალის მიმართ. იქნებ მისთვის ეს მხოლოდ ფაქიზი მეგობრობა იყო და მეტი არაფერი?

თუმცა ფილმების „კარნავალისა“ და „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ ავტორ ტატიანა ლიოზნოვას მართლაც ვნებიანი და ბობოქარი სიყვარულით სულ სხვა კაცი უყვარდა — მსახიობი არჩილ გომიაშვილი.

„მე ის მიყვარდა, მასთან რომანი მქონდა და თანაც დედაჩემს მოსწონდა“, — წერდა რეჟისორი ქალი.

© Sputnuk/ჩიგლიაკოვიარჩილ გომიაშვილი - რეჟისორ ლიოზნოვას სიყვარული და ვნება
არჩილ გომიაშვილი - რეჟისორ ლიოზნოვას სიყვარული და ვნება - Sputnik საქართველო
არჩილ გომიაშვილი - რეჟისორ ლიოზნოვას სიყვარული და ვნება

სწორედ გომიაშვილს ხედავდა ის შტირლიცის როლში, მაგრამ „უმაღლესმა ხელმძღვანელობამ რუსი მზვერავის როლში ქართველის გადაღება აკრძალა“.

მაშინ ლიოზნოვამ გომიაშვილს მიულერის როლის შესრულება შესთავაზა — ფიქრობდა, რომ ლეონიდ ბრონევოიზე უკეთ გამოუვიდოდა ამ სახის შექმნა.

„მაგრამ არჩილი შტირლიცზე ნაკლებზე თანახმა არ იყო. ვიკამათეთ კიდეც ამის გამო და მოსკოვიდან თბილისშიც კი გაიქცა“, — იხსენებდა ტატიანა.

და თითქოს განგებ, ლიოზნოვამ ფილმის ნაწილის გადაღება საქართველოში გადაწყვიტა. ბერნის ზოოპარკის სცენა, როდესაც პროფესორი პლეიშნერი დათვების ცქერით ტკბება, თბილისის ზოოლოგიურ ბაღში, ხოლო პასტორ შლაგის ბავარიული ალპების სცენა ბაკურიანში გადაიღეს.

„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ დიდი წარმატებით გადიოდა საკავშირო ტელევიზიით, ხოლო თბილისში რეჟისორმა სპეციალური ჩვენება მოაწყო.

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

ისე მოხდა, რომ ტატიანა ლიოზნოვა მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავში არჩილ გომიაშვილის ოჯახთან ერთად აღმოჩნდა. მსახიობი ასე იხსენებდა ამ ფრენის დეტალებს:

„სანამ ლიოზნოვა „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“ იღებდა, მეუღლემ გოგონა გამიჩინა. ერთხელაც თვითმფრინავში ვჯდები და თბილისში მივფრინავ. ვხედავ, ტატიანა ლიოზნოვა და მთელი გადამღები ჯგუფი ამავე თვითმფრინავში ზის და თბილისში ჩვენებაზე მოფრინავს. ჩემმა ორი წლის ნინიკომ თვითმფრინავში სირბილი დაიწყო, გაქანდა და პირდაპირ ტანია ლიოზნოვას ჩაუხტა კალთაში. მივედი, ბავშვს ხელი მოვკიდე, რომ წამომეყვანა და ტანიას ვუთხარი: ხედავ, შენ რკინის ყუთებს დაატარებ ფილმით, მე კიდევ პატარა ადამიანი დამყავს-მეთქი. ბედის ირონია იყო…“

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ფილმის თანაავტორი იყო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაწილი აქ გადაიღეს, არამედ იმიტომაც, რომ შტირლიცისა და მისი ცოლის შეხვედრის ცნობილი სცენის მუსიკა თბილისელმა კომპოზიტორმა მიქაელ ტარივერდიევმა დაწერა.

სხვათა შორის, მტრის ზურგში ჩანერგილ მზვერავებს ასეთ შეხვედრებს მართლა უწყობდნენ ხოლმე. ამის თაობაზე ტანია ლიოზნოვას ფილმის ერთ-ერთმა კონსულტანტმა, „კაგებეს“ პოლკოვნიკმა გიორგი ფიფიამ უამბო…

არა, მის სახელს ფილმის ტიტრებში ვერ ამოიკითხავთ. ქართველ პოლკოვნიკს ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა ლუბიანკაზე მდებარე უწყებაში და ამიტომ ნამდვილი გვარის ნაცვლად ტიტრებში ფსევდონიმით დააფიქსირეს: „კოლხი“.

სიცოცხლის ბოლო წლებში გიორგი ფიფია მოსკოვიდან მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა და აჭარაში დასახლდა. ბოლომდე დიდი სიამოვნებით იხსენებდა იმ პერიოდს, როცა ლიოზნოვას „ჩვიდმეტი გაელვებისთვის“ კონსულტაციებს უწევდა…

სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
ესენინის მისტიური თავგადასავალი ტფილისში — ახდენილი წინასწარმეტყველება და პაოლოს თოფი

და, მაინც, ფილმის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი ლეონიდ ბრეჟნევი იყო, რომელმაც სურათის შემქმნელებს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდოები გადასცა.

ამბობდნენ, გენმდივანი ისე მოიხიბლა ფილმით, რომ შტირლიცის როლის შემსრულებლისთვის ვიაჩესლავ ტიხონოვისთვის საბჭოთა კავშირის გმირის, ხოლო ეკატერინა გრადოვასთვის (ფილმში რადისტი კეტი) გმირი დედის წოდების მინიჭება უნდოდაო…

ჰო, მართლა, თბილისი არც ბრეჟნევის ოჯახისთვის იყო უცხო ქალაქი. სწორედ აქ დაიბადა გალინა ბრეჟნევას პირველი ქმარი და მისი ერთადერთი ქალიშვილის ვიქტორიას მამა ევგენი მილაევი. და, როგორც ვიქტორია ამბობდა, გალინამ სწორედ მილაევთან გაატარა ცხოვრების საუკეთესო წლები.

© Sputnik/ედუარდ პესოვილეონიდ ბრეჟნევი თბილისის აეროპორტში
ლეონიდ ბრეჟნევი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ლეონიდ ბრეჟნევი თბილისის აეროპორტში

მოგვიანებით ევგენი მოსკოვში, ვერნადსკის პროსპექტზე მდებარე ცირკის დირექტორად დანიშნეს, ხოლო გალინა ბრეჟნევას მეორე ქმრის, ილუზიონისტ იგორ კიოს შემოქმედებითი კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის ცირკთან…

ერთი სიტყვით, ჩვენი ყველა გმირის გზა თბილისისკენ მოდიოდა და აქ იხლართებოდა. ბედისწერა მართლაც რომ უცნაურად აბამდა ერთმანეთს ადამიანებს…

იდგა 1978 წელი. რუსთაველის პროსპექტიდან მთაწმინდისკენ მანქანების კორტეჟი მიქროდა. თბილისს ლეონიდ ბრეჟნევი სწვეოდა, რომლისთვისაც ფუნიკულიორის რესტორანში ბანკეტი გაემართათ. 

საბჭოთა ლიდერი არაჩვეულებრივ გუნებაზე ბრძანდებოდა, იმდენად კარგზე, რომ ფეხზე წამომდგარა და…

ამ ამბავს დღემდე იხსენებენ იმ ნადიმზე დამსწრენი. არავინ იცის, რამ იმოქმედა, საქართველოს კლიმატმა, ფეხთით გადაშლილმა ულამაზესმა ქალაქმა თუ კახურმა ღვინომ, მაგრამ ბრეჟნევი იმ საღამოს საერთოდ არ ჰგვანებია პარტიულ ბელადს, რომელსაც, წესითა და რიგით, მარქსიზმ-ლენინიზმის სახელმძღვანელოებიდან წინასწარ გაზეპირებული ფრაზებით უნდა ელაპარაკა…

გვერდში საყვარელი მსახიობები მიუსხია, ადგილიდან წამომდგარა და ზეპირად წაუკითხავს სერგეი ესენინის ლექსი К сестре, რომელიც პოეტმა სწორედ ტფილისში უკანასკნელი ვიზიტისას დაწერა.

ბრეჟნევმა ესენინის უამრავი ლექსი იცოდა და შეეძლო საათობით ეკითხა ისინი. ის კი არა, თურმე მისი საყვარელი სადღეგრძელო ასე ჟღერდა: „მოდით, შევსვათ სერგეი ესენინის სადღეგრძელო, რომლის ლექსებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს“. მაგრამ ამ უამრავიდან ის გამოარჩია, რომელიც ტფილისს უკავშირდებოდა…

ყველა ახალი ამბავი
0