სიყვარული აქცენტით. ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი

© photo: Sputnik / Anatoly Garanin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი
ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „სიყვარულის ისტორია: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში Sputnik-ი წარმოგიდგენთ ტრილოგიას „სიყვარული აქცენტით“, რომლის მორიგი გმირები ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი გახდნენ.

იგორ ობოლენსკი

1970 წლის 13 იანვარს მოსკოვში ვლადიმირ ვისოცკისა და მარინა ვლადის ქორწილი გაიმართა. ახალგაზრდებს ფული არ ჰქონდათ, ამიტომ დაქორწინება ვისოცკის ბინაში მოკრძალებულად აღნიშნეს.

მაშინ ერთ-ერთმა სტუმარმა, მხატვარმა ზურაბ წერეთელმა შეყვარებულებს მეფური საჩუქარი გადასცა. ეს საქართველოში მოგზაურობა იყო. როგორც მარინა ვლადი იხსენებს, იქ მათ ყველაზე ბედნიერი დღეები გაატარეს.

„ძველ თბილისში ჩვენს შეუღლებას აღვნიშნავთ, რომელიც მოსკოვში სულ ნახევარი საათი გაგრძელდა. აქ ნამდვილ, ძველებურ ქორწილს გვიწყობენ. დიდ დარბაზში შავკაბიანი ქალები ფუსფუსებენ. ქართული სამზარეულოს ყველა დახვეწილი კერძი მაგიდებზე ვერცხლის ლანგრებზე აწყვია. აქაა ბუკეტივით ჩაწყობილი სურნელოვანი მწვანილი, დამწნილებული ნიორი, ლობიო და საცივი, ეზოში მწვადი იწვება — ყველგან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.

© Галина Кмитვლადიმირ ვისოცკი
ვლადიმირ ვისოცკი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვისოცკი

ჩვენ სუფრის ბოლოს ვსხედვართ, ორივეს თეთრი სამოსი გვაცვია, ხელები ჩაჭიდებული გვაქვს. კომპანია მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება. ქალები სუფრას აწყობენ, კერძები შემოაქვთ და მოშორებით დგებიან, ხელებს მუცელზე იწყობენ. მათ ლამაზ, მუქ სახეებს ღიმილი სირბილეს ანიჭებს.

თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს:

— დაე, თქვენი კუბო იმ მუხის ფიცრებისგან შეკრან, რომელსაც დღეს, თქვენი ქორწილის დღეს დავრგავთ.

ღვინოს ყანწში ასხამენ. პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს:

— დაე, თქვენმა შვილთაშვილებმა შავ ბაზარზეც კი ვერ იშოვონ ბილეთი თქვენს სპექტაკლებზე დასასწრებად!

მოაქვთ უფრო მოზრდილი ყანწები. ვცდილობ, ბოლომდე დავლიო, მაგრამ არ შემიძლია და ღვინოს ჩემ უკან მდგომ ახალგაზრდას ვაწვდი. სტუმრები კი, ტრადიციულად, ბოლომდე სვამენ და სუფრიდან არავინ დგება. გამასპინძლება მეფურია. სადღეგრძელოები — უსასრულო“.

ქორწილის ბოლოს ასეთი რამ მოხდა — ვისოცკი მაგიდას გამოედო, მისი გამოწეული ნაწილი დავარდა და ძვირფასი ჭურჭელი დაიმტვრა.

ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი ბიჭვინთაში
ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი ბიჭვინთაში - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი ბიჭვინთაში

მაგრამ საქმე ჭურჭელი არაა. საქართველოში ამბობენ, რომ თუ ქორწილში რამე ტყდება, ეს უბედურების ნიშანია.

რა თქმა უნდა, მასპინძლებმა არ შეიმჩნიეს, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ის, რომ მარინასა და ვლადიმირის ქორწინება ბედნიერი არ იქნება, მაშინ უკვე ცნობილი გახდა. თბილისელები ასეთ ნიშნებში არასდროს ცდებიან…

მარინა კი იხსენებდა:
 „უბრალოდ, აღარ ვიცით, სირცხვილისგან სად წავიდეთ. ჩვენი ბოდიშის საპასუხოდ მასპინძელი ხელის ერთი მოსმით მთელ ჭურჭელს იატაკზე ყრის. შემდეგ მეფურ განკარგულებას გასცემს, კვლავ გააწყონ სუფრა. სამზარეულოდან მოაქვთ ხორცი, ფრინველი, ნამცხვრები. მდუმარე, მოქნილი ქალები ნამსხვრევებს თვალის დახამხამებაში  იღებენ.

თამადა ამბობს:

— მით უკეთესი. თავიდან დავიწყოთ.

ლხინი გრძელდება.

… ეზოში მამლის ყივილი ისმის, ჩვენ კი კვლავ სუფრასთან ვსხედვართ.

ყველაზე საოცარი საჩუქარი მივიღეთ, როდესაც ჩვენი ოთახის კარი გავაღეთ. იატაკი სხვადასხვა ფერის ხილით იყო მოფენილი. ორსიტყვიანი წარწერა საწოლზე მიგდებულ ლამაზ ძველებურ შალზე იყო მიმაგრებული: „სერგო ფარაჯანოვი“.

ვცდილობთ, ხილის ხალიჩას ფეხი არ დავაბიჯოთ, საწოლზე უძლური ვეშვებით და მე შალის აბრეშუმის ქსოვილში გახვეული, მაშინვე ვიძინებ.

ვლადიმირ ვისოცკი ხშირად მოგზაურობდა საქართველოში.
ვლადიმირ ვისოცკი ხშირად მოგზაურობდა  საქართველოში. - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვისოცკი ხშირად მოგზაურობდა საქართველოში.

ვისოცკისა და ვლადის ურთიერთობები ათ წელს გაგრძელდა და პოეტის ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა. მაგრამ მაშინ თბილისში, როგორც საქართველოს შესახებ სხვა შეყვარებულმა პოეტმა სერგეი ესენინმა თქვა, მომავალი იდუმალებით მოსილი ნისლით იყო დაფარული, მარინაც და ვლადიმირიც, უბრალოდ, ბედნიერი იყვნენ.
დილაობით მათ სიონის ზარები აღვიძებდა…

ყველა ახალი ამბავი
0