01:51 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
პუშკინის ძეგლი

ალექსანდრე პუშკინი: არ მახსოვს დღე, დღევანდელზე უფრო მხიარული ვყოფილიყავი

Sputnik/ Леван Авлабрели
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (32)
170231

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ დაფუძნებულია ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნზე. მორიგ ნარკვევში ავტორი ალექსანდრე პუშკინის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც თავისი 30 წლის იუბილე საქართველოში აღნიშნა და აქ ორი კვირა გაჩერდა.

ბესიკ ფიფია

ალექსანდრე პუშკინს კავკასიაში ჩასვლის სურვილი ჯერ კიდევ 1827 წელს გაუჩნდა. მოსკოვიდან ძმას, ლევ პუშკინს, რომელიც ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა, 18 მაისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა: „ხვალ პეტერბურგში მივდივარ ძვირფასი მშობლების მოსანახულებლად… პეტერბურგიდან ან უცხო მხარეში წავალ, ანუ ევროპაში, ან შინისკენ, ანუ ფსკოვისკენ მოვუსვამ, მაგრამ მაინც უფრო საქართველოში წავალ”.

სურვილი ორი წლის შემდეგ აისრულა…

თბილისში პუშკინი 26 მაისს ჩამოვიდა. სწორედ იმ დღეს შეუსრულდა 30 წელი. თბილისის საზოგადოება, რომელთა შორის მისი ლიცეუმელი მეგობრებიც  აღმოჩნდნენ,  სიხარულით შეეგება პოეტს. სტუმრის პატივსაცემად ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ბაღში, მტკვრის ნაპირას, ევროპულ-აღმოსავლური საზეიმო საღამო გაიმართა. ეს შეხვედრა „კოლეჟსკი ასესორ“ კონსტანტინ სავოსტიანოვს აქვს აღწერილი: 

პუშკინი საქართველოში, ავტორები - უ. ჯაფარიშე. გ. ჯაში, მ. ხვიტია
"პუშკინი საქართველოში", ავტორები - უ. ჯაფარიშე. გ. ჯაში, მ. ხვიტია

„შეკრებილნი იყვნენ: მომღერლები, მოცეკვავეები, აზიელი ტრუბადურები, რომლებიც მაშინ საქართველოში იმყოფებოდნენ. ისმოდა ნაირგვარი მუსიკა. მთელი ბაღი გაჩახჩახებული იყო სხვადასხვა ფერის ფარნებითა და ხეების ფოთლებზე დამაგრებული ცვილის სანთლებით. ბაღის შუაში კი დღესასწაულის გმირის მონოგრამა იყო აღმართული. ოცდაათზე მეტი მასპინძელი ბაღის შესასვლელში წინასწარ შეკრებილიყო ძვირფასი სტუმრის დასახვედრად.

როგორც კი პუშკინი გამოჩნდა, მისკენ ხმამაღალი „ვაშას“ ძახილით გაქანდნენ… 

საღამომ შეუმჩნევლად გაირბინა სხვადასხვა ამბებისა და ანეკდოტების მოყოლაში…

ჩვენმა მოკრძალებულმა პუშკინმა საინტერესო მოთხრობებითა და კალამბურებით ყველა აღაფრთოვანა. 

პუშკინი ამ საღამოს, მხიარულების აპოთეოზში იყო… ასეთ მხიარულ გუნებაზე არავის უნახავს იგი. უბრალოდ კი არ ლაპარაკობდა, არამედ მჭევრმეტყველებდა, სრულიად საპირისპირო იყო ჩვეულებრივ მდუმარე და მოღუშული პუშკინისა…  

ნახატი პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძესთან. ავტორი ა. თომაშვილი
ნახატი "პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძესთან". ავტორი ა. თომაშვილი

პოეტის სადღეგრძელოს დროს ევროპულმა ორკესტრმა მარში დაუკრა, მეგობრებმა რუს ტორკვატოს (ტორკვატო ტასო — მე–16 საუკუნის იტალიელი პოეტი. — რედ.)  თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს, სავარძელში ჩასვეს და მხრებზე შეიდგეს… და ყვავილებითა და სხვა მცენარეებით მორთულ შემაღლებულ ადგილზე დასვეს.   თითოეული ჩვენგანი ჭიქით ხელში მიდიოდა მასთან და, როგორც შეეძლო, ისე გამოხატავდა მისდამი სიყვარულს…

პუშკინი დუმდა. და მხოლოდ ღაწვებზე გადმოღვრილი ცრემლები ამჟღავნებდა იმ ღრმა და სასიამოვნო შეგრძნებას, რომლითაც ის იყო განმსჭვალული. 

ბოლოს, როდესაც ხმები ოდნავ მიწყნარდა, პუშკინმა… ყველას მადლობა გადაგვიხადა დღევანდელი ზეიმისთვის და სიტყვა ასე დაასრულა: „არ მახსენდება დღე, როცა უფრო მხიარული ვიქნებოდი, ვიდრე დღეს. ვხედავ, როგორ ვუყვარვარ, ესმით ჩემი და მაფასებენ — და რაოდენ ბედნიერი ვარ ამის გამო!“

საუბარი დაასრულა დაგრძნობები მოეძალა, ყველას გულთბილად ეხვეოდა და გულითად მადლობას უხდიდა დაუვიწყარი სიტყვების გამო“.

პუშკინმა ტფილისში არასასიამოვნო ამბავი შეიტყო: ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკი ლაშქრობაში წასულიყო. პოეტმა კავკასიის კორპუსის მეთაურს, ფელდმარშალ გრაფ ივან პასკევიჩს მიმართა თხოვნით, არმიაში წასვლის ნებართვა მიეცა. პოეტს ომის თეატრის ახლოდან ნახვა უნდოდა… მთავარსარდალი ყარსში წასულიყო და პუშკინს ლოდინმა მოუწია — თბილისში ორი კვირა გაატარა.  

ნახატი პუშკინი ტფილისში. ავტორი ეკატერინე ბაღდავაძე
photo: courtesy of Ekaterine Bagdavadze
ნახატი "პუშკინი ტფილისში". ავტორი ეკატერინე ბაღდავაძე

აი, როგორ აღწერს თავად პოეტი თბილისთან პირველ შეხვედრას: 

„ტრაქტირში გავჩერდი. მეორე დღეს ტფილისის სახელგანთქმულ აბანოებში წავედი. ქალაქი ხალხმრავალი მომეჩვენა. აზიურმა ნაგებობებმა და ბაზრებმა კიშინიოვი გამახსენა. ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ხურჯინაკიდებული სახედრები დარბოდნენ, ხარებშებმული ურმები გზებს კეტავდნენ… უსწორმასწორო მოედანზე სომხები, ქართველები, ჩერქეზები, სპარსელები ირეოდნენ, ხოლო მათ შორის ყარაბაღულ ულაყებზე ამხედრებული ახალგაზრდა რუსი ჩინოვნიკები მიმოდიოდნენ. აბანოს წინ მისი პატრონი, მოხუცი სპარსელი იჯდა.  აბანოში შემიყვანა. ცხელი რკინა-გოგირდის წყარო კლდეში ნაკვეთ ღრმა აბაზანაში იღვრებოდა. არც რუსეთსა და არც თურქეთში დაბადებიდან არაფერი მინახავს ტფილისურ აბანოებზე უფრო დიდებული…

ქართველები მებრძოლი ხალხია… განათლების მისაღებად დიდი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. საერთოდ კი მხიარული და ერთად ცხოვრების მოყვარული ხალხია. დღესასწაულებზე მამაკაცები სვამენ და ქუჩებში დასეირნობენ. შავთვალა ბიჭუნები მღერიან, დახტიან და კოტრიალობენ; ქალები ლეკურს ცეკვავენ. ქართული სიმღერების ხმოვანება ფრიად სასიამოვნო მოსასმენია… 

ქართველები ჩვენგან განსხვავებულად სვამენ და გასაოცრად მაგრები არიან. მათი ღვინო მგზავრობას ვერ იტანს და მალე ფუჭდება, ადგილზე კი საუცხოოა. კახური და ყარაბაღური ზოგიერთ ბურგუნდიულს არ ჩამოუვარდება. ღვინოს მარნებში ინახავენ, მიწაში ჩაფლულ ქვევრებში. მათი გახსნისას საზეიმო წესებს ასრულებენ. ამას წინათ რუსმა დრაგუნმა ერთ ქვევრს მალულად მოხადა თავი, შიგ ჩავარდა და კახურ ღვინოში ჩაიხრჩო… 

© video: Sputnik . Levan Avlabreli
თბილისში პუშკინის ლექსები სხვადასხვა ენაზე გაჟღერდა

ტფილისი მტკვრის ნაპირებზე გადაშლილ  დაბლობზეა გაშენებული, გარს კი ქვიანი მთები აკრავს. მთები მას ყველა მხრიდან იცავენ ქარისგან, ხოლო მზით გახურებულები, უძრავ ჰაერს კი არ ათბობენ, ადუღებენ. ესაა ტფილისში გამეფებული გაუსაძლისი სიცხეების მიზეზი… 

ქალაქის დიდი ნაწილი აზიურადაა ნაგები: სახლები დაბალია, სახურავი — ბრტყელი. ჩრდილოეთ ნაწილში ევროპული არქიტექტურით ნაგები სახლები დგას, მათ სიახლოვეს კი სწორი მოედნები ჩნდება. ბაზარი რამდენიმე რიგად იყოფა. დახლები სავსეა თურქული და სპარსული საქონლით, რომელიც საკმაოდ იაფია, თუ მხედველობაში მივიღებთ საყოველთაო სიძვირეს. ტფილისური იარაღი მთელ აღმოსავლეთში ფასობს. გოლიათობით ცნობილი გრაფი სამოილოვი და გრაფი ვ., ჩვეულებისამებრს, ერთი მოქნევით ცხვრის შუაზე გაკვეთით, ან ხარისთვის თავის წაცლით ამოწმებდნენ ხოლმე ახალ ხმლებს…

ტფილისის მოსახლეობა მტკვრის წყალს სვამს, მღვრიეს, მაგრამ სასიამოვნოს. ყველა წყაროსა და ჭაში წყალს გოგირდის გემო აქვს. თუმცა ღვინოს ისე ხშირად იყენებენ, წყლის ნაკლებობა რომც იყოს, ვერც შეამჩნევდნენ.  

პუშკინის ძეგლის გახსნა თბილისში. 1892 წელი.
პუშკინის ძეგლის გახსნა თბილისში. 1892 წელი.
 

ტფილისში ფულის სიიაფემ გამაოცა. ეტლით ორი ქუჩის გავლასა და ნახევარი საათით დაცდაში ორი ვერცხლის რუბლი უნდა გადამეხადა. მეგონა, მეეტლე ახალჩამოსულის უცოდინრობით სარგებლობდა, მაგრამ მითხრეს, რომ ფასი სწორედ ასეთია… 

მოუთმენლად ველოდი, როგორ გადაწყდებოდა ჩემი ბედი. როგორც იქნა, რაევსკის წერილი მივიღე. მწერდა, ყარსისკენ მეჩქარა, ვინაიდან არმია რამდენიმე დღეში გზის განგრძობას აპირებდა. მეორე დღესვე გავემგზავრე…”

ომში პოეტმა მონაწილეობაც კი მიიღო ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც ერზრუმის აღებას უსწრებდა წინ…

6 აგვისტოს პუშკინი ტფილისიდან გავიდა და ვლადიკავკაზისკენ აიღო გეზი. გაზეთი „ტიფლისკიე ვედომოსტი“ 1829 წლის 9 აგვისტოს იუწყებოდა: „6 აგვისტოს პუშკინი, რომელიც ერზრუმიდან დაბრუნდა, ტფილისიდან გაემგზავრა. სიტყვაკაზმულობის მოყვარულები ახლა საუცხოო საჩუქრებს უნდა ელოდნენ, რომლებსაც კავკასიის მხარის შთაბეჭდილებებით აღძრული პუშკინის გენია ლიტერატურას შესძენს“. 


თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (32)

მთავარი თემები