რას ითხოვდნენ „მომღერალი ხელები“

პანტომიმის თეატრი
პანტომიმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე, თეატრის პატარა დარბაზში უცხოელ სტუმრებთან და ქართველ მაყურებელთან ერთად, ტურისტებსაც შეამჩნევდით. ფესტივალი დღესასწაულია, მაგრამ ამ ზეიმში პრობლემაც იჩენს თავს.

პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ ჩატარდა. რამდენიმე დღის მანძილზე, ყოველ საღამოს, სცენაზე სხვადასხვა ეროვნების პანტომიმის მსახიობებს იხილავდით: ქართველი, აზერბაიჯანელი, პოლონელი, ებრაელი, იაპონელი. ეს არტისტები იმ იდეალური ოჯახის წევრებს მოგაგონებდათ, რომლებსაც უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. უცხოელ მსახიობებს, მსოფლიოში აღიარებული პანტომიმის დიდოსტატის, მარსელ მარსოს სახელი აერთიანებდათ.

აზერბაიჯანის პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი, ბახტიარ ჰანიზადე: ჩვენ სპექტაკლში „უკანასკნელი შტრიხი“ ერთი ოსტატია, რომელიც თავის საქმით არის დაკავებული, თუმც გარესამყაროს  მისი არ ესმის. ის ტყდება, ბრუნდება, ტყდება, ბრუნდება, მაგრამ თავისი საქმის გასაგრძელებლად ყოველთვის იკრებს ძალებს. 

- რა არის თქვენთვის პანტომიმა?

— მეიერხოლდის სიტყვებით გიპასუხებთ: თუ რომელიმე თეატრი დაბერებას იგრძნობს, დაუბრუნდეს პანტომიმას, მოიკრიბოს ახალი ძალები და წავიდეს წინ. რას ნიშნავს ეს? პანტომიმა დრამატული თეატრის უძველესი ფესვებია და აქ ჟან-ლუი ბაროს სიტყვებს მოვიშველიებ: „სცენაზე ჩემი დუმილი არ ნიშნავს, რომ მუნჯი ვარ ან ლაპარაკი არ შემიძლია, არა! ამ მომენტში არაფრის თქმა არ მინდა!“

ამირან შალიკაშვილ-უფროსმა სპექტაკლი სიტყვით დაიწყო: საქართველოში შედგა პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი, ჩამოვიდნენ სტუმრები და კარგია, რომ მთავრობის არც ერთი წევრი აქ არ არის, ყველა შემოქმედებითი ხალხი ბრძანდებით და არც არის საჭირო. მთავრობას თეატრი არ უნდა, თეატრი ჩვენ გვინდა, თქვენ გინდათ!

ჩემი ხელები მღერიან და აი, ამ სიმღერას მოგასმენინებთ ახლა. „ხელების სიმღერა“ დაკავშირებულია გენიოსთან — მარსელ მარსოსთან, რომელიც 1965 წელს თბილისში ჩამოვიდა. პარკში ვართ და ჩემ მეგობრებს ვუხსნი — რა არის პანტომიმა. იქ იყო მარსელ მარსოც, რომელმაც ყურადღება შეაჩერა ჩემ ხელებზე. მე ფრანგული არ ვიცი და თარჯიმანს ვკითხე: რა მოხდა? მერე მან ინტერვიუში ასე თქვა: საოცარი ხელებიაო…. ევროპაში ხშირად წერდნენ „მომღერალი ხელები“. როგორც ხმას აქვს თავისი სიმდიდრე, ისევე ჩვენს ხელებს. ხელები უფრო მეტად მეტყველია, ვიდრე თვალები. როცა ქალს უახლოვდება ნაღდი სიყვარულის ხელები, იქ დამთავრებულია ყველაფერი.

„წვიმა“, „შეყვარებული ხელები“, „ცრემლები“… ეს ეტიუდები შეასრულა ამირან შალიკაშვილ — უფროსმა და სპექტაკლი დაასრულა სიტყვებით: „77 წლის ვარ და ჩვენი მთავრობის ჯინაზე სცენიდან არ ჩამოვდივარ!“

იაპონელი მაკოტო ინოუე, რომელმაც პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე „რიჩარდი“ წარმოადგინა. მისი მონოსპექტაკლი შექმნილია შექსპირის „რიჩარდ III“-ის მიხედვით: ჯერ დრამის მსახიობობა შევისწავლე, მერე ქორეოგრაფია, შემდეგ მიმი გავხდი. მარსელ მარსოს მასტერ-კლასებს ვესწრებოდი, ვარ 42 წლის და პანტომიმა ჩემი ცხოვრების აზრია!

შექსპირს ძალიან რთული პერსონაჟები ჰყავს, პანტომიმაში მათი გამოხატვაც რთულია, მაგრამ რიჩარდის განსახიერება, შედარებით ადვილია, იმიტომ რომ მას სპეციფიკური სიარულის მანერა აქვს. ამ მონოსპექტაკლში ხუთ პერსონაჟს ვთამაშობ. მაგრამ ჩემთვის მთავარია რიჩარდისა და დედის ურთიერთობა. 

ჩვენ შევხვდით ისრაელიდან ჩამოსულ პანტომიმის მსახიობს, მსოფლიო მიმების ორგანიზაციის წარმომადგენელს,  ბატონ ოფერ ბლუმს, რომელმაც მასტერ კლასი ჩაატარა: ჩემთვის პანტომიმა ცხოვრების აზრია! როცა ამითი არ ვარ დაკავებული, მე ცოცხალი არ ვარ. 10 წლიდან ამ საქმეს ვაკეთებ, 47 წლის შევსრულდი და ამის მეტი არაფერი ვიცი. მარსელ მარსოსთან ვსწავლობდი და ეს სახელი იყო ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ თქვენთან შვილმა გააგრძელა მამის მოღვაწეობა. 

ვოცნებობ, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ქართული პანტომიმის თეატრის საკითხი. ამ თეატრს, ხომ ყველა ენაზე  ლაპარაკი შეუძლია… ტურიზმი თუ ვითარდება საქართველოში, ეს ხომ ერთ-ერთი კარგი ადგილი იქნება ტურისტებისთვის, იმიტომ რომ მათი ენა ყველას ესმის. ჩვენ არ გვადარდებს ვინ არის პოლიტიკაში წამყვანი ფიგურა, ჩვენ მხოლოდ ვთამაშობთ. ყველას ვაფასებთ, თუმცა აუცილებელია, რომ ჩვენც დაგვაფასონ.

- ამირან, ჩვენ ვიცით პანტომიმის თეატრის შენობის საკითხთან დაკავშირებული რთული მდგომარეობა, დღეს რა ვითარებაა?

პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ამირან შალიკაშვილი-უმცროსი: ყველამ იცის, რომ შენობა გაიყიდა და მის ნაცვლად „9 აპრილის“ პარკში გადმოგვცეს 919 კვადრატული მეტი, სადაც თეატრი უნდა აგვეშენებინა. რამდენიმე თვის წინ  ესკიზზე მუშაობა დავიწყეთ, კონკურსიც გამოვაცხადეთ, მაგრამ არქიტექტურის საბჭომ და გამწვანების სამსახურმა ეს პროცესი შეაჩერა. არადა, იქ ნარგავები არ არის და მე მგონია, რომ პარკს თეატრი მოუხდება  - ასეთია ჩემი განაცხადი! თეატრის აშენების უფლება უნდა მოგვცენ, იმიტომ რომ ჩვენი დასისთვისაც უკეთესი იქნება. დღეს რეალურად თეატრი ჩიხშია მოქცეული. ჩვენ გვაფინანსებს ქალაქის მერია…

- შეიძლება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მერიამ უარი განაცადოს თქვენ დაფინანსებაზე? რა ბერკეტები გაქვთ?

— არ შეიძლება. ამხელა ისტორიის თეატრს ვერ გადააგდებენ.

- თუ გაყიდულია ეს შენობა, ერთ დღესაც ხომ შემოვა კანონიერი მფლობელი?

— ვინც იყიდა, ნორმალური ადამიანია და მან გვითხრა: სანამ თეატრის ბედი არ გადაწყდება, დასს ქუჩაში არ გავუშვებთო. ჩვენ საქმეში კულტურის სამინისტროც უნდა ჩაერიოს, თუმცა ერთ-ორჯერ გვითხრეს — ეს ჩვენ არ გვეხებაო. მე რომ მკითხო, კულტურის სამინისტროს ყველა ხელოვანი ადამიანის ბედი ეხება, ყველა ძეგლი ეხება… ასევე უნდა ჩაერიოს ეკონომიკის სამინისტროც.

- ამ ფესტივალს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?

— ეს ფესტივალი აღნიშნავს იმას, რომ ამ თეატრს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ ხელოვნებას ტურისტების მოზიდვა შეუძლია. ჩვენ აქ ვთამაშობთ „სტუმარ-მასპინძელს“, „ფიროსმანს“… შექსპირსაც ვთამაშობთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მაყურებლების 80% უცხოელია, მათ უფრო ქართული თემები აინტერესებთ. ჩვენი უსიტყვო თამაში, ხომ ყველას ესმის?

 

ყველა ახალი ამბავი
0