06:41 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი, ანუ „ეძებეთ ქალი“

© Sputnik/ Василий Малышев
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე (24)
50251

სოფიკოს პირველი სიყვარული ექვსი წლისას სწვევია — მშობლების მეგობარი, ცნობილი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე შეჰყვარებია, რომელსაც თურმე, ეჭვიანობის სცენებსაც კი უწყობდა.

Sputnik–ის კოლუმნისტი იგორ ობოლენსკი  სოფიკო ჭიაურელთან შეხვედრა–საუბრებს იხსენებს.

ვუყურებ ალა სურიკოვას ფილმს „ეძიეთ ქალი“ და მახსენდება, როგორ ვოცნებობდი ოციოდე წლის წინ მთავარი როლის შემსრულებლის გაცნობას. ერთ დღესაც სოფია მიხაილოვნა — სწორედ ასე, რუსულ მანერაზე მოვიხსენიებდი მაშინ ცნობილ აქტრისას — მოსკოვში ჩამოვიდა. შეხვედრა სასტუმროში დავთქვით, თუმცა საუბარმა ჰოლში, ლიფტის კარის გაღება–დახურვის ფონზე მოგვიწია. თურმე ჩვენი ინტერვიუ დროში ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციას დამთხვევია, ხოლო სოფიკოს მეუღლეს, კოტე მახარაძეს, არაფრით შეეძლო მატჩის გამოტოვება, აუცილებლად უნდა ეყურებინა.

კოტემ გაცნობისას ხელი გამომიწოდა თუ არა, დააყოლა: "გამარჯობათ, მე სოფიკოს საყვარელი ვარ… ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე დაწერა გუშინ ერთმა მოსკოვურმა გაზეთმა…"

სოფიკო და კოტე
Sputnik/ ედუარდ პესოვი
სოფიკო და კოტე

ღირს კი იმის თქმა, რომ სასტუმროს ნომერი თავისი ტელევიზორით კოტე მახარაძის „მფლობელობაში“ გადავიდა, ხოლო მე და ქალბატონი სოფიკო (მერე გავიგე, რომ საქართველოში ქალებს ასე მიმართავენ, ყოველგვარი მამის სახელის გარეშე) ჰოლში, ლიფტის წინ მდგარ სავარძლებში მოვთავსდით.

არასდროს დამავიწყდება ლიფტიდან გამოსული სასტუმროს ბინადრების სახეები, რომლებიც, კარი გაიღებოდა თუ არა, მაშინვე  სავარძელში დედოფლურად ჩაბრძანებულ და მარაომომარჯვებულ ცნობილ აქტრისას ხედავდნენ.

ვლაპარაკობდით სიყვარულზე.

მახსოვს, პირველ სიყვარულზე დავუსვი კითხვა. გაეღიმა. „პირველად ექვსი წლისას შემიყვარდა და ეს ნიჭიერი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე გახლდათ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დიდ თეატრში. ერთ ბედნიერ ზაფხულს დედამ გაგრაში წამიყვანა… ძლივს მეღირსა მასთან ერთად ყოფნა. მთელი ბავშვობა მენატრებოდა, იმიტომ რომ ხან რეპეტიციაზე ეჩქარებოდა, ხან — გადაღებაზე და ფრაზა, „დედა, მალე მოხვალ?“ დღემდე მახსენებს თავს. მონატრების მტკივნეულ შეგრძნებას ვერ ვიშორებდი. მართალია, დედას ბოშა ქალივით სულ თან დავყავდი გასტროლებზე (და მერე მეც ასე ვიქცეოდი — ჩემს ბიჭებს ასე დავატარებდი ყველგან), მაგრამ იქაც იგივე ხდებოდა — სპექტაკლები და რეპეტიციები…  და უცბად დედამ ათი დღით გაგრაში წამიყვანა. ჩავედით და მეორე დღესვე ტელეგრამით გვაცნობეს, რომ დედას უფროსი ძმა გარდაცვლილიყო. უკან უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ სოლიკომ, რომელიც ჩემი მშობლების ახლო მეგობარი იყო, დედას უთხრა, მე დავიტოვებ სოფიკოსო.

სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად
© Sputnik/ Edward Pesov
სოფიკო მშობლებთან — მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად

დედაც დათანხმდა და წავიდა. დავრჩი სოლიკოსთან, რომელიც იმხანად ერთ ძალიან ლამაზ გოგოს ეთაყვანებოდა და გამუდმებით ყვავილებს უგზავნიდა. და მოულოდნელად ეჭვიანობის სცენა მოვაწყე: თი კიდევ ერთხელ გაუგზავნით ყვავილებს იმ გოგოს და ყურადღებას არ მომაქცევთ, ავდგები და წავალ–მეთქი. იცით, როგორი რეაქცია ჰქონდა? სოლიკო სულით–ხორცამდე არისტოკრატი გახლდათ და მეც კი, ექვსი წლის ღლაპს „თქვენობით“ მომმართავდა. ბოდიში მომიხადა და იმის მერე ყოველ დილას ბალიშთან ყვავილების თაიგულს მახვედრებდა.

ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გრძნობა იყო, პატარა მხეცუნას დავემსგავსე. უკვე კარგად ვცურავდი (5 წლისა ვიყავი, დედამ ნავიდან რომ გადამაგდო წყალში და ჩემით გამოვედი ნაპირზე, ახლაც კი შემიძლია თურქეთამდე გავცურო) სოლიკომ კი არ იცოდა ცურვა და რომ ვბრაზდებოდი, ზღვაში შევრბოდი და წყალში შორს გავდიოდი. ის კი იდგა და ნაპირიდან მიყვიროდა, გევედრებით, უკან დაბრუნდითო.

გუშინდელი ამბები არ მახსოვს, ეს სურათი კი გონებაში ჩამეჭედა, როგორ იდგა და მეძახდა, დაბრუნდით, თქვენი დახატვა მინდაო. ეს არასდროს დამავიწყდება.

მისი ნახატი შემომრჩა: თეთრ წინწკლებიანი წითელი ტრუსით მდგომი სოფიკო…

კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე
Sputnik/ ედუარდ პესოვი
კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე

აი ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც ექვსი წლისას მეწვია. საერთოდ კი სიყვარული, ისევე როგორც ადამიანი, ასაკთან ერთად იცვლება. ადამიანი ხან სუქდება და ხანაც — ხდება. სწორედ ასე იცვლება სიყვარულის ფორმა და ხარისხი.

დედა 87–ში გარდაიცვალა, მე კი დღემდე არ მიხლია ხელი მისი ტრელაჟის უჯრისთვის, სადაც მისი პუდრა და სუნამო ინახება. არ შემიძლია. დროდადრო გამოვწევ, შევიყნოსავ მის სურნელს და ისევ ვხურავ. ეს არის მონატრების ყველაზე საშინელი შეგრძნება. მენატრება დედა და მისი სურნელი. ტრელაჟს რომ ვაღებ, თითქოს დედა მიბრუნდება…“

მაშინ ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი მაინც შეხვედრის ბოლოს მოხდა — სოფიკომ თბილისში დამპატიჟა სტუმრად.

გავიდა ორიოდე წელი და ახლა უკვე მე ვიჯექი სასტუმროს ნომერში, რომლის მიღმაც მტკვარი ხმაურობდა და გამალებით ვიწერდი სოფიკოს ახსნა–განმარტებას, როგორ მივსულიყავი მის სახლამდე ფიქრის გორაზე.

ჰმ, მიამიტი, გულუბრყვილო ბიჭი! რაში მჭირდებოდა გზის სწავლება? ტაქსისტს როგორც კი ვუთხარი, ვის სახლშიც მივდიოდი, მაშინვე მითხრა არ მინდა სწავლება, ვიცი, სადაც ცხოვრობსო.

რამდენიმე წუთში სამსართულიანი სახლის წინ ვიდექი, რომლის ყურძნის ტალავრით გადახურული ეზოდან მრისხანედ მიყეფდა ძაღლი. ზარი დავრეკე და მაშინვე გვერდზე გავდექი ვინ იცის, რა მგლების მჭამელი მელოდა კარს მიღმა? ჭიშკარი გაიღო და დავინახე სოფიკო, რომელსაც ხელში წითური პეკინესი ეჭირა…

სოფიკო ჭიაურელის ძეგლი ძველ თბილისში
Sputnik/ Alexander Imedashvili
სოფიკო ჭიაურელის ძეგლი ძველ თბილისში

სუფრა უკვე გაშლილი იყო და „ქინძმარაულიც“ ჩამოსხმული (როგორც მითხრეს, ეს მიხეილ ჭიაურელის საყვარელი ღვინო ყოფილა), მაგრამ ჯერ სახლის დათვალიერება მინდოდა.

— ეს ის სახლია, არა, რომელიც მამათქვენმა იმ ადგილას ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს?— ვიკითხე მე.

— დიახ, სწორედ ასეა, — გაეცინა სოფიკოს. — ეს ის სახლია, სადაც გულები იბზარება…

ოჰ, რა ექსკურსია იყო, რა ისტორიები მოვისმინე! სოფიკო ჭიაურელთან საუბრები წიგნშიც აღვწერე, რომელსაც „ჩვენი ქართველები მემუარები. ნანი, ბუბა, სოფიკო“ ჰქვია.

ხშირად მახსენდება სოფიკოს ბრძნული სიტყვები ბედნიერებაზე: „ეს ძალიან ხანმოკლე გრძნობაა. ფეხსაცმელი რომ გიჭერს, შინ მიხვალ და გაიხდი, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მაგრამ არის სხვაგვარი ბედნიერებაც… რემონტს ვაკეთებდი სახლში, საქმეებში ვიყავი ჩაფლული და უცბად ოთახში თავით ფეხამდე გასისხლიანებული ჩემი შვილი შემოვიდა. დედა, „გრუზავიკი“ დამეჯახაო თქვა და წაიქცა…

კარგად რომ გახდა. მერე დავფიქრდი: ღმერთო, რა სულელი ვიყავი, რაზე ვშფოთავდი, რატომ ვახარჯავდი ნერვებს მუშებთან კამათს–მეთქი. შვილი რომ საავადმყოფოდან გამოვიყვანე, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერი ვიყავი.

იგორ ობოლენსკი და ნიკოლოზ შენგელაია
იგორ ობოლენსკის არქივიდან
იგორ ობოლენსკი და ნიკოლოზ შენგელაია

იცით, ქართველებს პირველი სადღეგრძელო მშვიდობისა გვაქვს. ადრე ეს ბანალურად გვეჩვენებოდა, ახლა კი, სამოქალაქო ომის შემდეგ, როცა მეზობელი მეზობელს მოეკიდა მტრად, ამ სადღეგრძელოს სულ სხვა დატვირთვა მიეცა. თურმე მშვიდობა ყოფილა ყველაზე მთავარი — მშვიდობა ქვეყანაში“.

სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა, მაგრამ  ფიქრის გორაზე ვიზიტებს არ ვწყვეტ. მსახიობის უფროსი ვაჟის ნებართვით, სახლის დასათვალიერებლად ხშირად დამყავს ის ხალხი, ვინც საქართველოს ეცნობა.

აქ ყველაფერი ისეა, როგორც სოფიკოს სიცოცხლეში… და ხანდახან მგონია, რომ ის სადღაც აქვეა, უბრალოდ გასულია და მალე დაბრუნდება, შეიძლება რეპეტიციაზე წავიდა, ან სულაც ბაზარში შეიარა…

ჩემი სოფიკო მარადიულია.

  • სოფიკო ჭიაურელი
    სოფიკო ჭიაურელი
    © Sputnik/ Эдуард Песов
  • ჭიაურელების სახლის ინტერიერი
    ჭიაურელების სახლის ინტერიერი
    Игорь Оболенский
  • ჭიაურელების სახლის ინტერიერი
    ჭიაურელების სახლის ინტერიერი
    Игорь Оболенский
  • იგორ ობოლენსკის საავტორო ექსკურსია ჭიაურელების სახლში
    იგორ ობოლენსკის საავტორო ექსკურსია ჭიაურელების სახლში
    Игорь Оболенский
  • იგორ ობოლენსკის საავტორო ექსკურსია ჭიაურელების სახლში
    იგორ ობოლენსკის საავტორო ექსკურსია ჭიაურელების სახლში
    Игорь Оболенский
1 / 5
© Sputnik/ Эдуард Песов
სოფიკო ჭიაურელი

 

თემები:
სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე (24)

მთავარი თემები