01:36 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
ნილს ბორი

მსოფლიო ფიზიკის ღმერთისა და პირველი ატომური ბომბის შემქმნელის მოგზაურობა თბილისში

Национальный архив Грузии
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)
95973

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ დაფუძნებულია ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნზე. მორიგ ნარკვევში ავტორი გამოჩენილ ფიზიკოსზე, ნობელის პრემიის ლაურეატზე ნილს ბორიზე მოგითხრობთ.

ბესიკ ფიფია

ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ნილს ბორი… ამ თანმიმდევრობით წარმოთქვამენ მსოფლიოს სამი უდიდესი ფიზიკოსის სახელს. დიდი დანიელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნილს ბორი 1961 წლის 9 მაისს მესამედ ჩავიდა მოსკოვს. შერემეტიევოს აეროპორტში მას სხვებთან ერთად დახვდა ელეფთერ ანდრონიკაშვილი — აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.

ელეფთერ ანდრონიკაშვილმა საპატიო სტუმარი საქართველოში მოიწვია. “თქვენთვის საინტერესო იქნება, ერთმანეთისთვის შეგედარებინათ მეცნიერების განვითარების შესაძლებლობანი ორ პატარა ქვეყანაში, საქართველოსა და დანიაში _ სოციალისტურსა და კაპიტალისტურში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობაც თანაბარია, — მიმართა ქართველმა მეცნიერმა. — ჩამობრძანდით ჩვენთან, კავკასიაში”. 

დანიელი ფიზიკოსის ვიზიტი მოსკოვში.
Э. Безуглов
დანიელი ფიზიკოსის ვიზიტი მოსკოვში.

ნილს ბორმა მადლობა გადაუხადა მას, თუმცა უარი თქვა — მოსკოვის შემდეგ ლენინგრადში წასვლა და მის მეგობართან, აკადემიკოს ვლადიმერ ფოკთან შეხვედრა ჰქონდა განზრახული. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ეშინოდა, რომ ვლადიმერ ფოკი, რომელიც ხელისუფლებას მოძულებული ჰყავდა და ქვეყნიდან გასვლაც აკრძალული ჰქონდა, დანიელ მეგობარს კომუნისტების მხრიდან დევნის შესახებ უამბობდა, ის კი ამას მთელ მსოფლიოს მოსდებდა. “რუხტანსაცმლიანებმა” ნილს ბორს აცნობეს, რომ ვლადიმერ ფოკი შეუძლოდაა და კავკასიაში მკურნალობს. მაშინ თანამედროვე ფიზიკის მამამ თბილისში გაფრენა გადაწყვიტა იმის იმედით, რომ მტკვრის ნაპირებზე თავის მეგობარს შეხვდებოდა. 

ნილს ბორი მეუღლესთან და აკადემიკოს ელიფთერ ანდრონიკაშვილთან ერთად
Sputnik/
ნილს ბორი მეუღლესთან და აკადემიკოს ელიფთერ ანდრონიკაშვილთან ერთად

ელეფთერ ანდრონიკაშვილი: “1961 წლის 14 მაისის საღამოს თბილისელმა ფიზიკოსებმა აეროპორტი აავსეს. რეაქტიული თვითმფრინავის ძრავების გრუხუნმა იმის შესახებ გვამცნო, რომ ღრუბლებიდან ჩვენს მიწაზე ეშვება თანამედროვე ფიზიკის ღმერთი საბაოთი — ყველაზე დიდი დიდთა შორის — ნილს ბორი… შავებში გამოწყობილმა მაღალმა ფიგურამ, ხელში წვრილი შავი ქოლგით, თავი დახარა და გამოვიდა ტრაპის ზედა ბაქანზე. ამ დროს ატყდა ტაშისცემა და გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები: “ბორი! ბორი!..” მან თავი უკან გადასწია, რათა დამხვედრი ხალხისთვის შეეხედა სქელი წარბების ქვემოდან, რომლებიც მას მხედველობას უფარავდნენ. აქ ბორმა მისასალმებელი ჟესტი გააკეთა და ტაშიც გაორმაგდა. მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: “ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ერთმანეთს შევადარო ორი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის განვითარების პირობები, ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა თანაბარია და რომლებიც ასეთი განსხვავებული სოციალური კანონებით ცხოვრობენ”. 

ნილს ბორი შვილთან ერთად
Sputnik
ნილს ბორი შვილთან ერთად

ნილს ბორს თან ახლდნენ მეუღლე მარგარეტი და ვაჟიშვილი ოგე (ასევე მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში) ცოლთან ერთად. საპატიო სტუმრები აეროპორტის სამთავრობო აპარტამენტებამდე მიაცილეს, რათა ვიზიტის პროგრამა განეხილათ. დიდმა მეცნიერმა პროგრამიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამოშლა ითხოვა. ამავე დროს ელეფთერ ანდრონიკაშვილს უთხრა, რომ სიამოვნებით ეწვეოდა მას სახლში, რათა საოჯახო გარემოში ესაუბრათ. შემდეგ სტუმრები სასტუმრო “ინტურისტში” მიიყვანეს და ვახშამი შესთავაზეს. “თუ ღმერთი გწამთ, არავითარი ვახშამი! — წამოიძახა ნილს ბორმა. — მხოლოდ ორი ბოთლი მინერალური წყალი. დიდი მადლობა, ხვალამდე”.

მეორე დილით ნილს ბორი თბილისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მას შესასვლელთან პროფესორებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფი დახვდა. სტუმარს დიდი ოვაციები გაუმართეს, გაისმა შეძახილი:

“დიდი ბორი ჩვენთანაა!” მოხუცი მეცნიერის თვალებზე, რომელსაც სხვა მრავალი შეხვედრაც უნახავს, ცრემლი აკიაფდა. ნილს ბორმა სტუდენტების წინაშე მოკლე სიტყვა წარმოთქვა და უნივერსიტეტი დაათვალიერა. 

ელეფთერ ანდრონიკაშვილმა დანიელი სტუმრები სადილზე შინ მიიწვია. მას ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ ამის შესახებ ნილს ბორისთვის არაფერი უთქვამთ, და მას დროებით გამოუყვეს “მეუღლე”, ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა სიმპათიური თანამშრომელი, რომელზეც ის, სხვათა შორის, შემდეგ მართლაც დაქორწინდა. “დიასახლისმა” სახლი მოაწესრიგა და სტუმრების მისაღებად ყველაფერი მოამზადა.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან:

“ნილს ბორის სახელი ყველასთვის სათაყვანებელი იყო და დამსწრეთაგან საუბრის ინიციატივას ვერავინ იღებდა. მაგრამ როგორც კი სტუმრები მაგიდას მიუსხდნენ, ვითარება გამოსწორდა: ვიღაცას ჭიქა წაექცა წითელი ღვინით. შეშფოთებულმა ხელები აიქნია და ხურდაში ბოთლიც მიაყოლა. “შენ ხომ ყოველთვის რაღაცა უნდა დაგემართოს”, — გაუწყრა მეუღლე დამნაშავეს. დაიწყო სადღეგრძელოები. როდესაც წვნიანი შემოიტანეს, ჩემგან მარჯვნივ მჯდომი ნილს ბორი წამოდგა და საუბარი დაიწყო. ამ დროს ხელებით მაგიდას ეყრდნობოდა. რაც მეტს ლაპარაკობდა, მაგიდასაც სულ უფრო ძლიერ ეყრდნობოდა.

უცბად რაღაც გაუგებარი ხდება: ოვალურ გასაშლელ მაგიდასთან ნილს ბორის ზუსტად პირდაპირ მჯდარი აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რომელიც ერთი წუთის წინ მშვიდად მიირთმევდა წვნიანს და კოვზი ქვემოდან ზემოთ პირთან მიჰქონდა, ახლა მოულოდნელად თეფშის დონეზე აღმოჩნდა, თითქოს უეცრად ძალიან დაბალ სკამზე გადაჯდა… კიდევ ერთი წამი და ყალყზე შემდგარ მაგიდაზე ჭურჭელი დაცურდა… ნილს ბორმა მშვიდად დაიწყო მისკენ დაცურებული ჭურჭლის უკან დაბრუნება, თან ისე, რომ არც სიტყვა გაუწყვეტია და არც მაგიდაზე დაწოლა _ სულ უფრო და უფრო მეტი ძალით.

მომხდარის მექანიკა მალე გასაგები გახდა: მაგიდა შეცდომით მხოლოდ ცალ მხარეს გაეშალათ, იმ მხარეს კი, სადაც მე და ბორი ვისხედით, ბრჯენი არ ჰქონდა. როგორც კი ამოცანის არსში გავერკვიე, უმალვე გამოვნახე გამოსავალიც: მუშტი მუშტს დავადე და ჩემს მუხლებსა და მაგიდის თავს შორის შევუყენე”…

როდესაც ნილს ბორი დაჯდა, მასპინძელმა, რომელიც ჯერ კიდევ მაგიდას აკავებდა, იხუმრა: “ახალგაზრდა ქართულმა ფიზიკამ მსოფლიო მეცნიერების ფიზიკურ დაწოლას გაუძლო”. 

ნილს ბორი და ალბერტ აინშტაინი
საქართველოს ეროვნული არქივი
ნილს ბორი და ალბერტ აინშტაინი

ნილს ბორმა დაახლოებით 15-20 წუთი ისაუბრა სტუმართმოყვარე საქართველოს შესახებ, შეაქო საუნივერსიტეტო განათლება. და მთელი ამ დროის განმავლობაში სახლის პატრონს მაგიდის ქვემოდან “წონასწორობაში მოჰყავდა” ორატორის თითქმის მთელი სიმძიმე. თეთრ სუფრაზე დაღვრილი ღვინის ლაქა კი უკვე აღარავის ახსოვდა. შემდეგ იყო საუბარი “ხვანჭკარის” ღირსებებზე, რომლის ერთ ბოთლს გენიოსი ფიზიკოსი მარტო ცლიდა, ასევე ნიკო ფიროსმანზე, ქართულ ეროვნულ ხელოვნებაზე, საერთოდ, ხელოვნებაზე. სადილის დროს ნილს ბორმა სახლის პატრონს ჰკითხა, შეუძლია თუ არა ხვალ შეხვდეს პროფესორ ვლადიმერ ფოკს? “მაგრამ ფოკი აქ არ არის — თავის სახლშია, ლენინგრადში”, — უპასუხა ელეფთერ ანდრონიკაშვილმა. “როგორ თუ ლენინგრადში?!” — წამოიძახა ნილს ბორმა. ხელისუფლების სიცრუით აღშფოთებულმა სტუმარმა მეორე დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ოფიციალურ მიღებაზე უარი განაცხადა.

სტუმარი კახეთში წაიყვანეს. იქ წინასწარ გაგზავნეს სატვირთო მანქანა, რომელსაც მიჰქონდა მაგიდები და სკამები, ცხვრის ხორცი სამწვადედ, ღვინო, ხილი, ლიმონათი, ქვაბით ჩიხირთმა, ლობიო ნიგვზით, ბადრიჯანი. 

ახალი შუამთის მონასტერი
© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin
ახალი შუამთის მონასტერი

კახეთში XVI საუკუნის შუამთის მონასტერი დაათვალიერეს, ასევე იმ შენობის ნანგრევები, რომელშიც XII საუკუნეში ორიდან ერთ-ერთი ქართული აკადემია მოქმედებდა და სადაც, გადმოცემით, შოთა რუსთაველი სწავლობდა. უცბად ქართული სიმღერა მოესმათ. ნილს ბორი დაინტერესდა: “ეს რა არის?” აუხსნეს, რომ ხის ქვეშ ქართველი გლეხები ქეიფობენ. მეცნიერმა მათი გაცნობა ისურვა.

ელეფთერ ანდრონიკაშვილი: დაახლოებით 10 კაცი, უმეტესად ხანდაზმულები, მოწყობილიყვნენ ხალიჩის ირგვლის, რომელზეც საჭმელი, დოქები და თასები ელაგა. ამ “მაგიდის” თავში ღვინის ცარიელ პატარა კასრზე თამადა იჯდა… ჩვენ დანახვაზე თამადა წამოდგა, მისალმებაზე გვიპასუხა და გვკითხა:

— ვინ არიან ეს უცხოელები?

— ეს ყველაზე დიდი მეცნიერი ნილს ბორია… დაიწყო განმარტება ერთ-ერთმა ჩემმა თანამგზავრმა.

თამადამ მოსაუბრეს ხელის მოძრაობით გაჩერება ანიშნა. 

შემოდგომა კახეთში
ВЛАДИМИР ВДОВИН
შემოდგომა კახეთში

— მეგობრებო, — მიმართა მან მისი სუფრის წევრებს ქართულად, —  ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მეცნიერი, პროფესორი ნილს ბორი. მან შექმნა ატომური ფიზიკა. მის მიერ შექმნილს მოსწავლეები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სწავლობენ. იგი ჩვენთან დანიიდან ჩამოვიდა. ვუსურვოთ პროფესორ ბორს და მის თანამგზავრებს დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობა…”
როდესაც თამადის სიტყვები ინგლისურად უთარგმნეს, ნილს ბორმა არ დაიჯერა, რომ მივარდნილ ქართულ სოფელში ასეთი გათვითცნობიერებული იქნებოდნენ მეცნიერის შესახებ. მან ჩათვალა, რომ რაღაც სპექტაკლი თამაშდება. ელეფთერ ანდრონიკაშვილმა პატიოსნება დაიფიცა, რომ აქ სპეციალურად მოწყობილი არაფერია. “ვინ არის ეს კაცი?” — იკითხა დიდმა ფიზიკოსმა. “ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი, — უპასუხეს მას, — ფიზიკის მასწავლებელი”… “თუ ეს სიმართლეა, — განაგრძო ნილს ბორმა, _ აინშტაინის განტოლება დაწეროს”. “კეთილი, — თქვა სკოლის მასწავლებელმა და ქაღალდის ნაგლეჯზე ფორმულა დაწერა. — თუ გნებავთ, შრედინგერის განტოლებასაც დავწერ”… 

ჯვრის მონასტერი
https://www.flickr.com/photos/luigi_and_linda/5960640316/in/photolist-tnFQd-a5HQMb-a5HQKG-dcFUTR-a5EYJK-a5HQTs-a5HQQ5-a5EYsK-a5HQCj-a5HQGC-a5HQy5
ჯვრის მონასტერი

ერთი სიტყვით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. შემდეგ სუფრის ერთი წევრი — დაბალი ტანის მოხუცი კახური ნაბდის ქუდით — წამოდგა და დიდ მეცნიერს მიუახლოვდა. იგი დაიხარა, ფრთხილად აიღო მისი ხელი და აკოცა. ჩამოგორებულმა ცრემლმა ნილს ბორს სახე დაუღარა. ღრმად ჩაფიქრებულს ვიღაცამ ღვინის სასმისი მიაწოდა, გამოართვა და ჩუმად შესვა.

გლეხებთან გამომშვიდობების შემდეგ სტუმრები სადილად მიიწვიეს. მაგიდა ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი. წარმოთქვამდნენ სადღეგრძელოებს, გაისმოდა აღტაცებული შეძახილები, ლაპარაკობდნენ მეგობრობაზე. როდესაც ერთ-ერთმა ხელი წაიღო “ხვანჭკარის”  ბოთლისკენ, რომელიც ნილს ბორის წინ იდგა, მეცნიერმა თქვა: “ეს ჩემი ბოთლია!” და იგი გამოწვდილი ხელიდან მოშორებით გადადგა.

“საუცხოო ღვინოა, მე ის ჯერ კიდევ გუშინ მომეწონა თქვენთან სადილის დროს”. შემდეგ კი, როდესაც ტყეში მხიარული ნადიმი უკვე მთავრდებოდა, ხოლო ის ყველასთვის მოულოდნელად ადვილად ცლიდა მისი მოწონებული “ხვანჭკარის” უკვე მეორე ბოთლს, ყველამ გაიგონა ბორის დაბალი ხმით წარმოთქმული სადღეგრძელო: “დღევანდელი მოგზაურობისას მე ვტკბებოდი თქვენი ულამაზესი მწვანე ველებითა და მათ თავზე წამომართული თოვლიანი მწვერვალებით. დიდი სიამოვნება მომანიჭა თქვენმა შესანიშნავმა, გასაოცარმა მელოდიურმა სიმღერებმა. ამ ბუნებამ და სიმღერებმა მომაგონა შორეული შოტლანდია, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს თქვენს მხარეს. და, ალბათ, ამიტომ გამახსენდა შოტლანდიური ლეგენდა, რომელიც მინდა, თქვენ გიამბოთ…

მთებში მივარდნილი პატარა შოტლანდიური სოფლის მცხოვრებლებმა ერთი სიმღერა იცოდნენ, რომელიც ძალიან უყვარდათ. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ იგი დაივიწყეს. ერთ მშვენიერ დღეს ამ სოფელში მოხეტიალე მუსიკოსი გამოჩნდა. მოსულს მთელი სოფელი შეევედრა — მათი “დაკარგული სიმღერა” ემღერა. მან აღიარა, რომ იცის, მაგრამ ეშინია, ვაითუ, სიმღერამ სოფელს დიდი უბედურება მოუტანოს. მაგრამ ხალხი თავისაზე იდგა… როდესაც სიმღერა მოისმინა, ხალხი შინ წავიდ-წამოვიდა, მეორე დღეს ამ სოფლის ყველა ახალგაზრდა სალაშქროდ გაემზადა… ისინი მთელს დედამიწაზე მიმოიფანტნენ და ხმლით ხელში საშინელ ურჩხულებს ებრძოდნენ, რომელთაც მზეთუნახავები ჰყავდათ გამომწყვდეული. მალე სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩა.

ახლა ყველამ იცის, რომ ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულები ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ჩვენს დროში ადამიანმა თავად შექმნა ახალი, სავსებით რეალური ურჩხულები, გაცილებით უფრო საშინელი. ეს ახალი ურჩხულები მთელ კაცობრიობას განადგურებით ემუქრებიან. და მათთან ბრძოლა ხმლებით შეუძლებელია. მათთან საბრძოლველად ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საშიშროება. ისინი უნდა შეკავშირდნენ ამ ბრძოლისთვის… ხალხმა უნდა მიაღწიოს მტკიცე მშვიდობას. თქვენი შესანიშნავი სიმღერები გვეუბნება, რომ თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ადამიანის ხელით შექმნილ ურჩხულებთან იბრძოლებს”.
ქალაქში დაბრუნებისას ნილს ბორის ყურადღება გაჩახჩახებულმა ფუნიკულიორმა მიიპყრო და იქ ასვლა მოისურვა. სტუმარ-მასპინძლები მთაწმინდის პლატოზე ავიდნენ და დიდხანს ათვალიერებდნენ თბილისის პანორამას. 

ნილს ბორი
საქართველოს ეროვნული არქივი
ნილს ბორი

მეორე დღეს ფიზიკის ინსტიტუტს ეწვივნენ, დაათვალიერეს ლაბორატორიები. როდესაც ლიფტით ჩამოდიოდნენ, კარი კი დაიხურა, მაგრამ კაბინა ადგილზე გაიყინა. “თავისი სიცოცხლის 76 წლის განმავლობაში ლიფტში პირველად გაჭედილმა ნილს ბორმა მორალური ტრავმა მიიღო, — იხსენებს ელეფთერ ანდრონიკაშვილი. — მან იდაყვში ხელი მტაცა და რაღაც გაურკვეველი და შეშინებული ბგერები გამოსცა. მე ღილაკებს ვაჭერდი — ყველას, რაც იყო… ბორი ახალ-ახალ ბგერებს გამოსცემდა, მისი თითები სულ უფრო მეტად მიჭერდნენ მხარში. ლიფტის გარეთ დაახლოებით ათი კაცი თავზარდაცემული იდგა და არ იცოდნენ, რა ეღონათ. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, როგორც იქნა, ძირს დავეშვით”. თუმცა განცდილმა შოკმა სტუმარს ხელი არ შეუშალა ინსტიტუტის საპატიო სტუმართა წიგნში გულთბილი ჩანაწერი გაეკეთებინა.

შემდეგ ქართულ ატომურ რეაქტორსაც გაეცნო, რომელიც საქართველოს სამხედრო გზასთან მდებარეობდა. ბოლოს კი ჯვრის მონასტრისკენ გაემართნენ და ქართული საგალობლები მოისმინეს, VI საუკუნის მონასტერთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს.

…დანიაში დაბრუნების შემდეგ დიდმა ნილს ბორმა თბილისში ასეთი შინაარსის წერილი გამოგზავნა: “ძვირფასო პროფესორო ანდრონიკაშვილო! საქართველოს დღეები ყველა ჩვენგანისთვის ჭეშმარიტად საუცხოო იყო, და ჩვენ თან წამოვიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებანი ქვეყნის სილამაზის, უძველესი ძეგლებისა და ხალხის სულის შესახებ. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო პიკნიკი მთის ხეობის შესანიშნავ ტყეში, სადაც დავტკბით გულითადი და პოეტური ატმოსფეროთი, რაც ასე ჰარმონიულად ეხამებოდა სიმღერებსა და ცეკვებს”.

თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)

მთავარი თემები