საახალწლო „მიწუნწკლება“ და რაჭაში დაკარგული სამი დღე

© http://www.graf.geრაჭა, სოფელი გონა
რაჭა, სოფელი გონა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თამაზ ჩიქვანაია

რომ არა ეს შემთხვევა, ალბათ, არასდროს მეცოდინებოდა, რომ ამბროლაურის რაიონში არის ასეთი სოფელი კვაცხუთი და იქ ერთობ საინტერესო ხალხი სახლობს.

1982 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე დავალება მივიღე:  სასწრაფო წესით უნდა გამეკეთებინა გადაცემა ქუთაისზე —რუბრიკით: „ვაშა ამ ახალ საქართველოს,ვაშა შენებას“.

ჩოხოსანი რაინდი ზაალ სიხარულიძე - Sputnik საქართველო
მეეზოვე და მინისტრი ერთ სუფრასთან, ანუ ქართველი მსახურად არ დაგიდგება

ნუ გაიკვირვებთ, იმ დროს ლოზუნგებით ვცხოვრობდით. ქუთაისში ჩასულმა, სამ დღეში სცენარი  დავწერე და ადგილობრივი კორ-პუნქტის ბიჭებს გადავეცი გადასაღებად. 30 დეკემბრის დილას, ალმანახ „განთიადის“ რედაქციაში შევიარე ბატონი კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოსანახულებლად. შესასვლელში, იმავე მიზნით, თბილისიდან ჩამოსულ გურამ ფანჯიკიძეს შევეჩეხე. გაუხარდა ჩემი დანახვა და მოდი მანქანაში ჩამიჯექი, პატარა საქმე მაქვს, ბატონ კონსტანტინეს მაინც ვერ ნახავ, თბილისში გაგვასწროო მითხრა.

საქმე უკვე წკიპზე მქონდა მიყვანილი და დავთანხმდი. როგორც გამოირკვა ნიკორწმინდაში მივდიოდით. იქ ჩასულებს, ერთი გურამის ნაცნობი ბათუმელი კაცი გამოგველაპარაკა. შემდეგ, ყველაფერი ჩვეული ქართული სცენარით განვითარდა. ამირან კილასონია, წარმოშობით ამბროლაურის რაიონიდან ყოფილა, თავი მოიკლა სანამ თავის სოფელში არ აგვიყვანა. 

როგორც უკვე მოგახსენეთ, სოფელს კვაცხუთი ერქვა. მოვლილმა ეზო-კარმა,დიდებულმა ხედმა და მასპინძელთა თავაზიანმა დახვედრამ ისე მოგვხიბლა, ვერც კი გავიგეთ როგორ აღმოვჩნდით საგულდაგულოდ გაშლილ სუფრასთან. ნომინალურმა მასპინძელმა(ამირანს ვგულისხმობ) გაგვაფრთხილა, სანამ ბაბუა არ გამოვა და სუფრას არ დალოცავს, ხელი არაფერზე წაგიცდეთო.

მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
შვეიცარიელი პროფესორი, ქართული სუფრა, მოპარული მატარებელი და ალპინისტი დაცვაში

მოშიებული კაცისთვის ცოტა მძიმე სასჯელია, თუმცა სხვა რა გზა იყო. მალე, „ზალის“ კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა თეთრწვერა, ახოვანი მოხუცი, ზუსტად ისეთი, როგორადაც წარმომედგინა დიდებული ისტორიული პიროვნება როსტომ რაჭის ერისთავი. ღიმილით მოგვესალმა, სუფრის თავში მოკალათდა და ხავერდოვანი ბარიტონით „მამაო ჩვენო“ ჩააბუბუნა. მის ნებისმიერ სიტყვასა თუ ქცევაში, გულზვიადი ერისთავის ბუნება იგრძნობოდა.

ამირანმა ჩვენი თავი წარუდგინა, ბატონმა როსტომმა(თქვენი ნებართვით ასე მოვიხსენიებ) გაგვიღიმა და ყმაწვილებო, ქალაქური წესით მივირთვათ თუ აქოურითო გვკითხა. გურამმა უპასუხა, გამიგია სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ძალიან კარგიო, ბრძანა თამადამ და დააყოლა: დღეს მიწუნწკლებით ვიქეიფებთო.

ერთი პირობა გაღიმება ვცადეთ, მაგრამ მოხუცის სერიოზულმა მზერამ უმალ მოგვისხიპა სურვილი. ისევ ბატონი როსტომის ხმამ დაგვაბრუნა სუფრასთან: ვაჟიკო, ბაბუ, სად ხარო იკითხა. სამზარეულოდან, ასე 4-5 წლის წითელლოყება ბიჭუნა გამოვიდა. ხომ გაიგონე, ბაბუ, რაც ვთქვიო და იმანაც კვერი დაუკრა. გურამს და ამირანს გადავხედე და მივხვდი, ისინიც ჩემსავით გაურკვევლობაში იყვნენ.

ამასობაში როსტომ ბაბუმ მოზრდილი სასმისი შეავსო და მშვიდობის სადღეგრძელო შესვა. ჩვენც მივბაძეთ, უეცრად, პატარა ვაჟიკო, ეს ანგელოზივით ბავშვი, ჩემთან მოვიდა, მაგიდაზე დადგმული სასმისი აიღო და ზრლდილობისთვის ჩატოვებული რამდენიმე წვეთი ღვინო… სახეში შემასხა.

გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
ქართული სუფრა "ჩუნგა-ჩანგას" სიმღერის თანხლებით

რა თქმა უნდა, წყენა გადავყლაპე, უკვე მაშინ მივხვდი, რომ გვარიან შარში გავეხვიეთ. გასაგები გახდა მიწუნწკლებით ქეიფის წესებიც. თუმცა იყო ერთი მომენტი, გურამი კარგად სვამდა, მეც არა მიშავდა და ვიფიქრე, ამ მოხუცმა რა უნდა დაგვაკლოს-მეთქი.

სამი ოთხი სადღეგრძელოს მერე ის ანგელოზივით ვაჟიკო თემურ-ლენგის პირსისხლიან მეომარს დაემსგავსა. არ ვიცი, მასპინძლის ფსიქოლოგიურმა ფანდმა იმოქმედა თუ ვაჟიკოს მრისხანე გამოხედვამ, მაგრამ დიასახლისი მოსასვენებლად რომ წაგვიძღვა, სამივე გვარიანად ნასვამები გახლდით.

დილაუთენია, სანდომიანმა ქალბატონმა(სავარაუდოდ ვაჟიკოს დედამ), დოქით წყალი და „ტაშტი“ შემოგვიტანა ხელ-პირის დასაბანად, უკან, ისევ ანგელოზად ქცეული წითელლოყება ბიჭუნა მოსდევდა პირსახოცით ხელში. ბევრი ვიცინეთ წინა დღის თავგადასავალზე და საუზმეზე იმ განწყობით შევედით, რომ მალევე გავუდგებოდით გზას.

როსტომ ბაბუ სუფრის თავში დაგვხვდა, გაგვიღიმა, მოგვიკითხა და დაამატა: ჩვენში ბაბუებო, ასეთი წესია, ერთხელ ნათქვამი სიტყვიდან გადახვევა სამშობლოს ღალატის ტოლფასიაო და… „მალენკოვის“ ჭიქები ჭაჭის არყით შეავსო. ის იყო მტკიცე უარზე უნდა დავმდგარიყავით, რომ ბუნჩულა ვაჟიკო ჩვენს უკან აისვეტა. გავხედე და აღმოვაჩინე, რომ უკვე არა თემურ ლენგს,  არამედ ინკვიზიციის მამა იგნასიო ლოიოლას ერთგულ მსახურს მიაგავდა…

თბილისში 2 იანვარს დავბრუნდით. სამსახურიდან განთავისუფლებას ჩემმა ქუთაისელმა კოლეგებმა გადამარჩინეს, რომელთაც დროულად დაუსრულებიათ გადაცემა და თბილისშიც თავის დროზე მოუწოდებიათ. თუმცა, ჩემი კვაცხუთელი მასპინძლების გადამკიდე დაკარგულ სამ დღეს, ვეღარავინ ამინაზღაურებდა.

P.S.თუ ეს წერილი რაჭაში ჩააღწევს, ან თუ ვინმე იცნობთ ლოყაწითელ ვაჟიკოს (წესით, ახლა, 40 წელს უნდა იყოს მიღწეული), გთხოვთ გამაგებინეთ, საახალწლოდ მინდა მოვიპატიჟო და ჩემი 6 წლის შვილიშვილი უნდა გავაცნო.

 

ყველა ახალი ამბავი
0