„მეორე მხრიდან მეგრელი, გამოძვრა როგორც ტურაო, რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო“

© ოჯახის არქივიპუბლიცისტი იოსებ იმედაშვილი და ნესტორ ესებუა
პუბლიცისტი იოსებ იმედაშვილი და ნესტორ ესებუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტული ისტორიები

 თამაზ ჩიქვანაია

 სპორტსმენი, რომლის შესახებაც გიამბობთ, არათუ ოლიმპიურ ასპარეზობაზე არასდროს გამოსულა, არც მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარა და სპორტი მისთვის უფრო გართობა და თავის გამოჩენის საშუალება იყო, ვიდრე პროფესია. საერთოდაც, 130 წლით უკან უნდა გადავწიოთ კალენდარი, რათა ჩვენი დღევანდელი გმირის შესახებ გიამბოთ, მანამდე კი მცირე ექსკურსი უნდა შემოგთავაზოთ. მე-19-ე საუკუნის ბოლოსკენ საქართველოში სპორტის კლასიკური სახეობებიდან მხოლოდ ჭიდაობას თუ გამოვარჩევთ, იყო კიდევ ხტომა, ქვის გდება, რკინობა და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები, რომლებიც უმთავრესად სოფლად ტარდებოდა. 

 აი, ჭიდაობა კი, 1870-იანი წლებიდან უკვე თბილისელთა საყვარელ სანახაობად ქცეულიყო. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები (ივერია, დროება და სხვები) დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას და ყველა მეტნაკლებად დიდ შეჯიბრს ფართოდ აშუქებდნენ. სპეციალურად ამ მიზნით საჭიდაო მოედნებიც არსებობდა, რომლებსაც „კრუგებს“ (ანუ წრეებს) ეძახდნენ. ასეთი ასპარეზი იყო მთაწმინდაზე, დიდუბის ბაღში, ფიქრის გორაზე, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლანდელი წინამძღვრიშვილის ქ.) ავლაბარში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის პირას) ელიას ზევით მახათაზე და ა.შ. პაექრობები ძირითადად უქმე დღეებში იმართებოდა, რათა მაყურებელი არ მოჰკლებოდათ. მსაჯებად ინიშნებოდნენ და ჭიდაობას წარმართავდნენ პატივსაცემი პირები, რომლებიც ხალხში დიდი სახელით სარგებლობდნენ, მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისში ფიქრის გორაზე ჭიდაობის ჩატარებს ხელმძღვანელობდა ცნობილი ყარაჩოხელი გოლა ლეჟავა, მეტსახელად „ბაბაჭუა“, თქვენ წარმოადგინეთ სახელგანთქმული მომღერალ ვანო სარაჯიშვილსაც არაერთხელ უმსაჯია, იყო ცნობილი მსაჯი ვანო ჩიბალოვი, იურისტი შალვა მესხიშვილი და სხვები. წესრიგის დასამყარებლად ახალგაზრდა ბიჭებს ირჩევდნენ და სახრეებს ურიგებდნენ, რომლებიც აზარტში შესულ მაყურებელს უკან ახევინებდნენ, რომ წრე არ დავიწროებულიყო. ყველა უბანს თავისი საყვარელი ფალავანი ჰყავდა, ესენი დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.

 მოკლედ, რა ვითარება სუფევდა იმდროის თბილისში, უკვე მოგახსენეთ, ახლა დროა, ჩვენი დღევანდელი გმირიც გაგაცნოთ. 20 წლის ნესტორ ესებუა ბათუმში როტშილდის ქარხანაში მუშაობდა მტვირთავად და ერთი საინტერესო ამბავი შემოგვინახა ისტორიამ. ნესტორს მედუქნის ვალი დასდებია. ამას უთქვამს, ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალს იმაში გაგიქვითავო. ერთ დღესაც ნესტორს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და ქარხნიდან ღამით დუქანში მიუტანია. კარგა ხანს ეჯაჯგურნენ მედუქნე და მისი ხელის ბიჭები ამ ყუთებს, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს. თავად ნესტორს დაუწყია მერე სასწორზე და 16 ფუთი გამოსულა… უფრო გასაგები რომ იყოს, კილოგრამებში გადმოვიყვანოთ ეს წონა და გამოდის, 180 კილოიანი ყუთები ამხელა გზაზე უტარებია. როგორც ამბობენ ამ ამბიდან კარგა ხნის მანძილზე დუქანში მუქთად საუზმობდაო… სწორედ იმ პერიოდში ბათუმში საჭიდაოდ ჩასულა საქართველოში უკვე სახელგანთქმული ფალავანი კულა გლდანელი და ერთიმეორის მიყოლებით 12 მოჭიდავე წაუქცევია. ხალხი ნესტორ ესებუას მიაწყდა, არიქა გვიშველე შეგვარცხვინა ამ თბილისელმაო. სწორედ ამ დღეს 1885 წლის 14 აპრილს დაიწყო ამ ორი დიდი ფალავანის დაპირისპირება. ბათუმელთა გასახარად ნესტორს გაუმარჯვია. სულ ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ყველა ეს დაჭიდება ნამდვილი ზეიმი იყო სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის, უნდა ითქვას რომ ოთხივეჯერ ნესტორს გაუმარჯვია. ყველაზე გახმაურებული კი მეორე შეხვედრა გამოდგა, რომელიც თბილისში იტალიელების ბაღში გამართულა 1886 წლის 1 აგვისტოს.

ამ პაექრობას დიდი აკაკი წერეთელიც დასწრებია და მერე ლექსიც დაუწერია, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

„ეს ქუთაისში შეიტყვეს შუბლში იტკლიცეს ხელია, 

ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, 

აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია

უნდა უშველოთ როგორმე თუ სადმე მისაშველია.

როგორ თუ მთელი ქვეყანა მან ასე აიბუაო?

მოდი გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო.

ისე დაბლაგვოს, იცოდეთ, როგორც რომ დანის ყუაო.

მაშინ იტლინკოს გლდანელმა, მერე ისწავლოს ჭკუაო”.

„გამოდის კულა გლდანელი მხარბეჭადაშიშველია, 

ჯეირანივით ნავარდობს,მაღლა ხტის როგორც შველია,

 მეორე მხრიდან მეგრელი გამოძვრა როგორც ტურაო, 

რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო.

მკლავებში ხელი მოავლო და ერბომ აიცურაო.

კინაღამ უცბად გაფუჭდა და ბედმა მოიმდურაო.

განზე გადუხტა მატყუარს,სისწრაფით მოიშორაო.

ამბობს, ხელს ვერსად ვკიდებ, რა ცუდათ მომაღორაო.

მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო.

ვეფხვივით ზურგზე დაახტა, დათვივით მოიტორაო.

ფეხებში ხელი მოჰკიდა, თავდაღმა დააყირაო, 

საცეცხლურივით დაკმევა ოთხკუთხივით დაუპირაო.

იმისი მაყურებელი სუყველა გააკვირაო, 

კულა გლდანელის მომხრენიც უწყალოდ აატირაო”.

 

აკაკიწერეთელი 1886 წ.


ყველა ახალი ამბავი
0