06:56 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია

შაირობა ფემინისტებთან...ანუ: „არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“

http://ymt.ge
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
79721

  თამაზ ჩიქვანაია

 ორიოდე დღის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო განხილვაზე მიმიწვია; დროის უქონლობის გამო, მსგავს მიწვევებზე დასწრებისგან, ზოგადად, თავს ვიკავებ, მაგრამ ამჯერად ჩემი ყურადღება მიიქცია განსახილველმა თემამ: „ქალის უპირატესი როლი თანამედროვე სახელმწიფოს მოწყობაში“. ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერდა სიტყვა „უპირატესი“ და, რა თქმა უნდა, მივედი. 

 ამ გმირული ნაბიჯის გადადგმამდეც ცხადი იყო, რომ ფემინისტური მოსაზრებების მოზრდილი ლუკმის გადაყლაპვა მომიწევდა, თუმცა „უპირატესმა“ გადასძლია და ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს პრეს-კლუბში მისულმა აღმოვაჩინე, რომ გენდერული თანასწორობა აშკარად არ იყო ჩემს სასარგებლოდ. რომ არ გადაგღალოთ, მოგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა გამომსვლელი, აზრის დამაჯერებლობისთვის, უკვდავი „ვეფხისტყაოსნიდან“ იშველიებდა აფორიზმებს; მათგან ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. იყო წინასაარჩევნო შეგონებები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ მის გარემოცვაში მოღალატეები არიან მოკალათებული და მხოლოდ გამორჩენას ელიან, ამ აზრის გასამყარებლადაც შოთა რუსთაველი გამოიყენეს: „უხვსა ჰმორჩილებს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“…

ერთმა აშკარად გასათხოვარმა (ან გაუთხოვარმა) ქალბატონმა ასეთი აფორიზმიც მოიშველია: „ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში…“ აქ აქცენტი საკუთარ ასაკსა და უბიწობაზე გააკეთა.

საჯარო განხილვამ აღფრთოვანებით ჩაიარა, როდესაც აზრის გამოთქმა მთხოვეს, დელიკატურად თავი შევიკავე, რადგან უმცირესობას მივეკუთვნებოდი და რამე საწინააღმდეგოს თქმის მცდელობაც კი კრახით დამთავრდებოდა.

ზარ-ზეიმის შემდეგ, ქალთა ამ თავყრილობაში, ერთ ნაცნობ ქალბატონს ვთხოვე ჩემთვის ორიოდე წუთი დაეთმო და შევეცადე ამეხსნა, რომ მისი მეგობრები დიდი შოთას აფორიზმებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. მაგალითად: „ლეკვი ლომისა სწორია“…. – აქ მინიშნებაა არა ქალისა და კაცის თანასწორობაზე, არამედ იმაზე, რომ ლომის შვილი (სქესის მიუხედავად) ლომად გაიზრდება, მისი უნდობი მზერის გასანეიტრალებლად ისევ რუსთაველი მოვიშველიე: „მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“… 

 ასევე ავუხსენი (შევეცადე უფრო სწორი იქნება), რომ „უხვი“ მდიდარს და მილიარდერს კი არა ბრძენს ნიშნავს, ხოლო იმ კეთილშობილ ქალბატონთან კი დავაბარე აფორიზმში: „ხამს მიჯნური ხანიერი“.. სიტყვა ხანიერი ხნიერის შესატყვისი ნამდვილად არ არის და ხანგრძლივს, მუდმივს ნიშნავს. ამ ახსნა-განმარტებებში ისე გავერთე, რომ მოსაუბრეს აზრის დასრულების შემდეგღა შევხედე და… მივხვდი – ამიერიდან ერთი ნაცნობით ნაკლები მეყოლებოდა. გამომშვიდობებისას ჩემმა უკვე ყოფილმა ნაცნობმა მომაძახა: „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“…

პასუხი არ გამიცია (აბა როგორ გავბედავდი), თუმცა გულში კი გავიფიქრე: „აწ იგი ქმნას რაცა უნებს…"


მთავარი თემები