მთელი ცხოვრება ჩემოდნებზე ვცხოვრობდი – მაია ჯაბუას ცხოვრების საინტერესო გზა

გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ „მზიურის“ სოლისტი, ყველასათვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუაა.

ქალბატონი მაია უნიკალური ხმის ტემბრით და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა. შეუძლებელია მისი ხმა სხვის ხმაში აგერიოს. მისი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. ბავშვობიდან მოყოლებული უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი. როგორც თვითონ ამბობს მთელი ცხოვრება „ჩემოდანზე ცხოვრობდა“. იგი „sputnik საქართველოს“ მოგზაურობების შესახებ ესაუბრა.

© FB/ მაია ჯაბუამაია ჯაბუა
მაია ჯაბუა - Sputnik საქართველო
მაია ჯაბუა

–ჩემთვის მოგზაურობა არის ჰობი, ყველაზე დიდი სიამოვნება. ბავშვობიდან მოყოლებული მოგზაურობა იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რომ იტყვიან ჩემოდნებზე ვცხოვრობდით, სულ გასტროლებზე დავდიოდით და მოგზაურობაში ვიყავით. იმდენს ვმოგზაურობდით სულ გვენატრებოდა თბილისი, ოჯახი, მშობლები. მიუხედავად ამისა, როგორც კი ცოტახანს შეჩერდებოდა გასტროლები, ეს ამბავი უკვე გვაწუხებდა. მიჩვეულები ვიყავით ასეთ რეჟიმში ცხოვრებას.

–ადამიანის ცხოვრებიდან უკვალოდ არაფერი მიდის. ამ ყველაფერმა რა კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში?

–ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობა, მითუმეტეს იმ ფორმით როგორც ჩვენ დავდიოდით. ეცნობი სხვადასხვა ერებს, კულტურას, ტრადიციებს. ამ დროს ქვეყანას უფრო სხვა თვალით ეცნობი, ვიდრე უბრალოდ ტურისტი, რადგან გაქვს შეხება თანატოლებთან. ვადარებდით რა გვქონდა საერთო უცხოელ თანატოლებთან, ან რა სხვაობა იყო ჩვენს შორის. მოგზაურობის დროს მდიდრდები ადამიანი, აზროვნებით, ხედვით, იღებ ბევრად მეტ ინფორმაციას, სხვა თვალით ხედავ სამყაროს. ძალიან დიდ კვალს ტოვებს მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში, ფართოვდება გემოვნება და ცნობიერება.

© video: Ruptlyბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური"
ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური - Sputnik საქართველო
ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური"

–ალბათ პირველი მოგზაურობა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო.

–რა თქმა უნადა, ყველაფერი პირველი განსაკუთრებულად გვახსენდება. ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო ჰოლანდიაში. იმ პერიოდში ჰოლანდია ითვლებოდა ერთ–ერთ ყველაზე ლიბერალურ, თავისუფალ ქვეყანად. ძალიან ბევრი რამ, რაც არ იყო ნებადართული ბევრ ქვეყანაში, ნებადართული იყო ჰოლანდიაში. ჩვენდა მოულოდნელად ძალიან თავისუფალ და გახსნილ ქვეყანაში აღმოვჩნდით ძალიან პატარა გოგონები. მაშინ დაახლოებით 11 წლის ვიქნებოდი. ძალიან ბევრი ქალაქი მოვიარეთ. დღეში ხან ორი კონცერტი გვქონდა, ხან სამი. ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა ეს ტურნე. ამის შემდეგ ერთ–ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ გადაიხადა ყველანაირი ხარჯი, რომ ერთი კვირით გაგვეგრძელებინა ჩვენი გასტროლი და თან გვიღებდა ეს ტელეკომპანია.

–ბავშვობიდან მოყოლებული მოგზაურობთ. დაგითვლით რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

–ბავშვობაში უფრო ვითვლიდი. ეხლა გამიჭირდება დათვლა.

–რომელმა ქვეყანამ მიგიღოთ ისე, როგორც მშობლიურმა? რომელი დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?

–ბავშვობიდან ამოჩემებული მქონდა იტალია. მომწონდა ყველაფერი იტალიური: მოდა, სამზარეულო, მუსიკა. როცა პირველად მოვხვდი იტალიაში მივხვდი, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელი ქვეყანა.

© video: Ruptlyანსამბლ „მზიურის" კონცერტი
ანსამბლ „მზიურის კონცერტი - Sputnik საქართველო
ანსამბლ „მზიურის" კონცერტი

–დიდი გამოცდილება გაქვთ უცხოელ ხალხთან ურთიერთობის. როგორ ფიქრობთ რომელი ეროვნების ადამიანები გვანან ქართველებს?

–ქართველებს რატომღაც ესპანელებს და იტალიელებს ვამგვანებ. როცა ესპანელები გავიცანი მეტი პარალელი გავავლე ჩვენსა და მათ შორის. განსაკუთრებით გვანან კაცები, საბედნიეროდ ქალები არ გვგვანან. არ მომეწონა ესპანელი ქალები.

–მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, ღირსშესანიშნაობა გაქვთ ნანახი, ალბათ მაინც იყო ადგილი რის ნახვაზეც ოცნებობდით…

–ძალიან მინდოდა პირამიდების ნახვა და ვნახე. ასევე იყო ეიფელიც. იყო უამრავი მუზეუმი, სადაც მოხვედრაზეც ვოცნებობდი და მოვხვდი. ძალიან თბილად მახსენდება ისრაელი. ერთ–ერთ ადგილზე მოვხვდი, სადაც მითხრეს, რომ ეს იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც მუშაობის შემდეგ ისვენებდა ღვთისმშობელი. ვნახე მაცხოვრის საფლავი, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრი რამე მაქვს ნანახი. თუმცა იმდენად მრავალფეროვანია ეს ქვეყანა, ჯერ ძალიან ბევრი რამე მაქვს სანახავი.

© FB/ მაია ჯაბუამაია ჯაბუა
მაია ჯაბუა - Sputnik საქართველო
მაია ჯაბუა

–ბევრი ადამიანი მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პარიზი არის სიყვარულის ქალაქი. თქვენთვის რომელი ქალაქი ასოცირდება სიყვარულთან?

–თუ მარტო ხარ, სადაც არ უნდა იყო ვერ იქნება სიყვარულის ქალაქი. თუ იმ ადამიანთან ერთად ხარ ვინც გიყვარს, ნებისმიერი ქალაქი სიყვარულისაა. შეიძლება ნებისმიერ ქალაქს დაარქვა სიყვარულის. მე ვთვლი, რომ პარიზი ერთ–ერთი საინტერესო ქალაქია, მარამ მე მაინც რომი მიყვარს.

–რატომ მოგხიბლათ ასე ამ ქალაქმა?

–ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი კარგი აქ ხდება. როცა ამ ქალაქში ვარ ბედნიერება მოდის ჩემთან ახლოს. ამ დროს დიდი დოზით ვგრძნობ ბედნიერებას.

–რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

–მიყვარს ჩინური, იტალიური სამზარეულო, მაგრამ ყველას ჩვენი, ქართული სამზარეულო მირჩევნია. ეს იმიტომ არა, რომ ჩემია და მიჩვეული ვარ, უბრალოდ ობიექტურად ვაფასებ. ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური სამზარეულო.

–ოჯახთან ერთად, დასასვენებლად რამდენად ხშირად გიწევთ მოგზაურობა?

–კი, დავდიოდით, მაგრამ არც ისე ხშირად. ვისურვებდი, რომ უფრო ხშირად მქონდეს ამის შესაძლებლობა. ხშირად ვმოგზაურობ მეუღლესთან ერთად. ძალიან დიდი სიამოვნებაა მასთან ერთად მოგზაურობა, რადგან არაჩვეულებრივი მეგზურია და პარტნიორია. ყოველთვის საინტერესო კუთხით მაჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა შვილებთან ერად მიდიხარ სამოგზაუროდ. ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია, როცა ვხედავ ჩემი შვილების გახარებულ სახეებს. ეს მანიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0