კონფლიქტი ყარაბაღში: ალიევი და ფაშინიანი ახალ განცხადებებს ავრცელებენ

© AP Photo / Stringerტყვიით გახვრეტილი მუზარადი, ყარაბაღი
ტყვიით გახვრეტილი მუზარადი, ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ახალი განცხადებები გააკეთეს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან და რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევმა Twitter-ზე დაწერა, რომ აზრბაიჯანის არმიამ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება მოახერხა ჯაბრაილის რაიონში, ამასთან ერთად სომხეთის ხელისუფლება მორიგი ჰუმანიტარული ზავის ჩაშლაში დაადანაშაულა.

​თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გამოაქვეყნა პოსტი „ფეისბუქში“ და აღნიშნა, რომ ბრძოლები ყარაბაღში მისი სტატუსისთვის მიმდინარეობს.

„პირველი. რისთვის მიმდინარეობს ეს ომი? ყარაბაღის სტატუსი. მეორე. შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, თუ ამ ტერიტორიებს ჩავაბარებდით და ყარაბაღის გაურკვეველ სტატუსს დავთანხმდებოდით გაურკვეველი ვადით — სტატუსის შემდგომი კორექტირების არარსებობის პირობით“, — დაწერა სომხეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ყარაბაღის რაიმე მისაღები სტატუსის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან ამის ბოლო შესაძლებლობა 2011 წელს ამოიწურა ყაზანის სამიტზე, როდესაც ბაქო და ერევანი, მოსკოვის მონაწილეობით, ვერ შეთანხმდნენ ყარაბაღში დარეგულირების ძირითად პრინციპებზე.

სომხეთი და აზერბაიჯანი დაზავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ - Sputnik საქართველო
სომხეთი და აზერბაიჯანი დაზავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

ყველა ახალი ამბავი
0