თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ცნობილი სომეხი ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის, წარმოშობით საქართველოდან, გერმან ავაკიანის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სახეები“ თბილისის გალერეა Black and White-ში დღეს, 3 თებერვალს, 17:00 სთ-ზე გაიხსნება.
ფოტოპროექტი „თბილისის სახეები“ — საქართველოში მცხოვრებთა შავ-თეთრი პორტრეტებია: ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ქურთების, რუსების, უკრაინელების, პოლონელების, ბერძნების, ებრაელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების.
ფოტოგრაფის სიტყვებით, აღნიშნული პროექტის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მას მიეცა უნიკალური საშუალება – ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.
„დღეს თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად იცხოვრონ, დაიცვან საკუთარი რელიგიური ადათ-წესები და აღნიშნონ დღესასწაულები“, — ნათქვამია გერმან ავაკიანის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფოტომხატვრის განმარტებით, პროექტი „თბილისის სახეები“ მისთვის ღირებულია არა საბოლოო შედეგით, არამედ თავად მუშაობის პროცესით და იმ ურთიერთობებით, რომლებიც ფოტოგადაღებებისას ყალიბდებოდა.
„პირადად ჩემთვის, სომხეთში მცხოვრები და იქ მომუშავე ფოტოგრაფისთვის (რომლის მოსახლეობის 99%-ს სომხები შეადგენს) უფრო საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა, ვიდრე მისი შედეგი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ურთიერთობა მქონოდა ადამიანებთან, რომლებთანაც, არსებული ეთნოკონფლიქტის გამო, მე ურთიერთობის საშუალება აღარ მქონდა“, — აცხადებს ავაკიანი.
ექსპოზიცია სამი დღე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
გერმან ავაკიანი 1962 წელს ქალაქ წულუკიძეში (დღეს ქალაქი ხონი) დაიბადა. 1980-1985 წლებში ერევნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 წელს მან ფოტოჟურნალისტიკაში სემინარის კურსი გაიარა.
2000 წელს გერმან ავაკიანი სომხურ-ამერიკულმა ჟურნალმა „წლის საუკეთესო ფოტოგრაფად“ დაასახელა.