ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტით სომხეთს ეწვევა

ერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ესჰაკ ჯაჰანგირი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრს ოვიკ აბრამიანს, ეროვნული სათათბიროს სპიკერს გალუსტ სააკიანს და სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ირანის ისლმური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაკ ჯაჰანგირი ოთხშაბათს ორდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში ესჰაკ ჯაჰანგირი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრს ოვიკ აბრამიანს, ეროვნული სათათბიროს სპიკერს გალუსტ სააკიანს და სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.

ოთხშაბათს სომხეთის მთავრობაში აბრამიანსა და ჯაჰანგირის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართებული შემადგენლობით გაგრძელდება. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასმედიის წარმომადგენლების წინაშე განცხადებით წარდგებიან.

ხუთშაბათს აბრამიანისა და ჯაჰანგირის მონაწილეობით ერევანში სომხურ-ირანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

ასევე დაგეგმილია ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტ „მატენადარანში“. ჯაჰანგირი მოინახულებს ერევნის „ცისფერ მეჩეთს“ და მისი დაარსების 250 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.

ექსპერტების აზრით, მოლაპარაკებების მსვლელობისას ჯაჰანგირი ძირითად ყურადღებას სომხეთში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ადრე დაანონსებული ვიზიტის მომზადებაზე, ასევე ორმხრივ ეკონომიკურ პრექტებზე გაამახვილებს. 

სომხეთმა და ირანმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში რიგი ერთოლივი პროგრამების განხორციელება დაგეგმეს, თუმცა, ირანის იზოლაციის გამო, მათი ძირითადი ნაწილი მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. ატომურ პროგრამაზე „ექვსეულთან“ შეთანხმების შემდეგ გაყინული ირანული საბანკო ანგარიშების „გალღობა“ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, ერევანი იმედოვნებს, რომ ერთობლივი სომხურ-ირანული ეკონომიკური პროგრამების ამოქმედება დაიწყება.

ენერგეტიკა

ერევანი და თეირანი სასაზღვრო მდინარე არაქსზე სამხრეთ კავკასიაში ორი ყველაზე მძლავრი ჰიდროსადგურის მშენებლობას გეგმავენ. თითოეული სადგური ყოველწლიურად 793 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ირანმა და სომხეთმა 2015 წელს მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ორი ქვეყნის ენერგოსისტემას შეაერთებს. კონტრაქტი 107 მლნ ევროდ არის შეფასებული და ორი წლის განმავლობაში 275 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.

ტრანსპორტი

ირანი-სომხეთის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ეს გზა სომხურ მხარეს ენრგორესურსებისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზას გაუხსნის. ამჟამად სომხეთიდან ყველა სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს გავლით ხორციელდება. სომხეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთ-ირანის რკინიგზის მშენებლობა ევრაზიული კავშირის ქვეყნებს სპარსეთის ყურის გავლით ინდოეთის ოკეანეში გასვლის საშუალებას მისცემს.


ყველა ახალი ამბავი
0