სომეხი ექსპერტი: თბილისის მსგავსად, წყალდიდობა შეიძლება ერევანშიც მოხდეს

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
”არმჰიდროენერგოს” მთავარი ჰიდროლოგი როლანდ მანუკიანი შიშობს, რომ ძლიერმა წვიმამ შესაძლოა გეგამის მთის დასავლეთ ფერდობსაც გადაუაროს და რამდენადაც მდინარე გეტარსა და რაზდანზე ჰიდროტექნიკური ნაგებობები დანგრეულია, წყალდიდობა შეიძლება ისეთივე სიმძლავრის იყოს, როგორც ეს თბილისში მოხდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ”არმჰიდროენერგოს” მთავარი ჰიდროლოგი როლანდ მანუკიანი მიიჩნევს, რომ ერევანში შეიძლება ისეთივე წყალდიდობა მოხდეს, როგორიც თბილისში იყო, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

თბილისში, 14 ივნისის წყალდიდობის შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში დაიტბორა და განადგურდა ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ექვსი  კი უგზოუკვლად დაკარგულად ითვლება. ზოოპარკი სტიქიის ეპიცენტრად იქცა, მთელი ტერიტორია დანგრეულია, ზოოპარკის ბინადართა უმეტესობის გადარჩენა ვერ მოხერხდა..

მანუკიანის თქმით, მან პრობლემის შესახებ არაერთხელ ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრის ოვიკ აბრამიანის, ისე შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების თანდასწრებით. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას ოფიციალური პირები გაგებით მოეკიდნენ, პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.

”საფრთხე ისეთივეა, როგორც 1946-1947 წლების თავსხმა წვიმების დროს. ყველაფერი შეიძლება გამეორდეს, უფრო ცუდი ფორმითაც კი, რადგანაც მაშინ რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით სპეციალური პროექტი განხორციელდა. მდინარე გეტარის წყლის ნაწილი მდინარე რაზდანისკენ მიმართეს. ახლა ყველაფერი დანგრეულია, დარჩა მხოლოდ პატარა ტბა, რომელსაც ვითარების გადარჩენა არ შეუძლია. ხოლო არხი რაზდანის მიმართულებით განადგურებულია. ასე რომ, საფრთხე ისევ არსებობს”, — განაცხადა ჰიდროლოგმა ადგილობრივ გაზეთ ”ჟამანაკში” ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

 

როგორც მანუკიანმა განმარტა, ძლიერმა წვიმამ შეიძლება გეგამის მთის დასავლეთ ფერდობსაც გადაუაროს, საიდანაც მდინარე გეტარი იკვებება. ამ ადგილებში ძლიერი წვიმა არ ყოფილა, რისი წყალობითაც სტიქიური უბედურება ჯერჯერობით არ მომხდარა.  


ყველა ახალი ამბავი
0