საქართველოში  „საკრედიტო არდადეგები“ მთავრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliრიგი ბანკის სალაროსთან
რიგი ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაეხმარა თუ არა მოსახლეობას კრედიტების გადავადება პანდემიის რთულ პერიოდთან გამკლავებაში - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს

დრო, რომლითაც ბანკებმა მოსახლეობას კრედიტების გასტუმრება გადაუვადეს, იწურება. პანდემიის პირობებში, როდესაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერდა, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს თავის გასატანად უნდა დახმარებოდა.

საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი არა აქვს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ან საერთოდ უმუშევარი დარჩა ან შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა.

მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება >>

ბანკების წინადადებით ისარგებლა 600 ათასამდე მოვალემ. კრედიტის გადავადება შეიძლებოდა ორჯერ - მარტიდან დაწყებული სამ-სამი თვით.

მაგრამ ყველაფერი კარგი, როგორც ცნობილია, ოდესღაც მთავრდება და სულ მალე ვალების გასტუმრების დრო მოვა. ზოგიერთისთვის არასასიამოვნო სიურპრიზად იქცა ის, რომ ყოველთვიური გადასახადი გაიზარდა - პროცენტები ხომ მხოლოდ დროებით გადაიდო და არსად გამქრალა.

უბრალოდ რთულია

მარინა მ. - მკერავია. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ახალი სამოსი აღარავის სჭირდებოდა და საქმის გარეშე დარჩა. სამსახური დაკარგა ქმარმაც, რომელიც ტურისტულ სფეროში იყო დასაქმებული. შემოთავაზებულ საკრედიტო გადავადებას მეუღლეები შეგნებულად დასთანხმდნენ. ისიც იცოდნენ, რომ პროცენტებს არავინ გააუქმებდა და ადრე თუ გვიან ვალის გადახდა მოუწევდათ.

„კრედიტს ახლა სამი თვის დაგვიანებით გადავიხდით, მეორე გადავადებით აღარ გვისარგებლია. სამი თვის პროცენტმა დაახლოებით 300 ლარი შეადგინა. ჩვენთვის ეს დღეს არცთუ ისე პატარა თანხაა, მაგრამ გადავადება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ახლა შეკვეთები მაქვს, სახლში ვმუშაობ, ჩვენი სიტუაცია უარესიდან მძიმეში გადავიდა“, - ამბობს მარინა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო-საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

როგორღაც გამოვძვერით

ინა კ. - სტილისტია. მარტო ზრდის ვაჟს. სალონმა, სადაც ქალი მსახურობდა, მუშაობა სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ცოტა ხნის წინ განაახლა. მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახი მცირედი დანაზოგით ცხოვრობდა, მაგრამ გადავადებით არ უსარგებლია.

„ერთი კრედიტი მაქვს, რომელიც შვილისთვის კომპიუტერის საყიდლად ავიღე. ყოველთვიურად ვიხდი 208 ლარს. ბანკის შემოთავაზებით არ ვისარგებლე, რადგან ოპერატორს ვკითხე და გავარკვიე, რომ გადავადების შემდეგ ყოველთვიური თანხა დაგროვილი პროცენტების გამო გაიზრდებოდა. ამიტომ კრედიტს მცირე დანაზოგიდან ვიხდიდი, ვიდრე სამსახურში არ გავედი. ახლა სექტემბერში უკვე დავფარავ კრედიტს და, რაც ყველაზე მთავარია, იმავე თანხას ვიხდი, რასაც აქამდე ვიხდიდი“, - ამბობს ინა.

გადაუხდელი პროცენტი

მაია კ. იმ პირთა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც კრედიტების გადავადების წინადადებამ ისე დაახვია თავბრუ, რომ პირობების გაგება დაავიწყდა. პანდემიის გამო ოჯახურმა ბიზნესმა კოლოსალური ზარალი განიცადა, ამასთან დარჩა გადაუხდელი საკრედიტო დავალიანება, აღებული კომპანიის გასავითარებლად. სამმა თვემ სწრაფად გაირბინა და გადაუხდელი პროცენტების თანხა ქალისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა.

„ბევრს ოპერატორები ურეკავდნენ და უხსნიდნენ პირობებს. მე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მაგრამ დეტალებით არ დავინტერესდი. მაგრამ რომც მცოდნოდა, მაინც დავთანხმდებოდი, იმდენად ცუდი სიტუაცია იყო“, - განმარტავს მაია.

---

სამივე ისტორია მეტ-ნაკლებად კარგი დასასრულითაა. ამ ოჯახებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემოსავალი ნაწილობრივ მაინც აღუდგათ.

მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვისაც უახლოეს მომავალში სამსახურში დაბრუნების იმედი არ აქვს?

ქვეყანაში უამრავი საწარმო და ორგანიზაცია დაიხურა. მათ კოლოსალური ზარალი განიცადეს, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება შეწყდა. პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა ტურისტულ სფეროს და მასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას მიაყენა. შემოსავლის გარეშე დარჩა ათობით ათასი მოქალაქე.

ჯერ იდეები არ არის

გიორგი მ. ყოფილი ფოტოგრაფია. ჯანმრთელობა მუშაობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევდა, ამიტომ გადაწყვიტა თბილისის ცენტრში თავისი ბინა ე.წ. „გესთჰაუზად“ გადაეკეთებინა. ოჯახმა კრედიტი აიღო - ნაწილი რემონტზე დახარჯა, ნაწილით კი გარეუბანში ბინა დაიგირავა, სადაც პატარა ბავშვით საცხოვრებლად გადავიდა. პატარა ოჯახური სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა. შემოსავალი საკმარისი იყო ყოველთვიურად საბანკო კრედიტის გასასტუმრებლად და ყოველდღიური ხარჯისთვის. მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა, როდესაც ტურისტები გაქრნენ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
კრედიტის აღება და გასტუმრება მარტივდება – როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესს

„კრედიტის გადავადების შემოთავაზებით ვისარგებლე ორივეჯერ. საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩით. მეუღლე კერძო სკოლაში მუშაობდა, მაგრამ ისიც დაიხურა. მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება: მე ჩამირიცხეს 300 ლარი, მეუღლე ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარს იღებს. ამ ფულით არათუ კრედიტის გასტუმრება, თავის გატანაც შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში პატარა ბავშვია. მაგრამ სექტემბრამდე როგორღაც მივაღწევთ. შემდეგ რა იქნება, როდესაც საჭირო გახდება ბანკებისთვის ვალის დაბრუნება, არ ვიცი. რაც არ უნდა თქვან, ტურისტული სეზონი წელს ჩავარდა. არ ველოდები, რომ ჩემი სასტუმრო ამუშავდება. მე და ჩემი მეუღლე ყოველდღე ვმსჯელობთ, რა ვაკეთოთ, მაგრამ ჯერ არანაირი იდეა არ გვაქვს“, - ამბობს გიორგი.

ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო

ზაფხულთან ერთად დასრულდება მეორე გადავადების პერიოდი და უამრავი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი კვლავ დაიწყებს საბანკო შეტყობინებების მიღებას ყოველთვიური გადასახადის დაფარვის მოთხოვნით.

„დახმარება იყო და არავინ თქვას, რომ მას შედეგი არ გამოუღია. ასეთი მასობრივი აქცია, როდესაც შეაჩერეს თანხების შეტანის პროცესი, უპრეცედენტო და პირველი იყო“, - ამბობს Sputnik-საქართველოსთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

ბევრისთვის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არასაკმარისი, აღიარებს ის და დასძენს, რომ არ ეთანხმება კრედიტების სრული გაყინვისა ან პროცენტების გაუქმების მხარდამჭერთა თეორიას.

ბანკები კრედიტებს ვერ გაყინავენ - ეს მთელი სისტემის ნგრევას გამოიწვევს. ამავეს გამოიწვევს პროცენტების დარიცხვის შეჩერება, აღნიშნავს ეკონომისტი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდათ

„გადავადება მოვახერხეთ იმ დახმარების წყალობით, რომელიც ქვეყანამ მიიღო და რომელიც საბანკო სისტემას გამოუყვეს. საბანკო სისტემას სიტუაციის გადატანაში დაეხმარა ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტებიც, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი გახდა ლიკვიდურობის მართვა. მაგრამ კრედიტებს არავინ არ გაყინავს“, - ამბობს ბაირახტარი.

ახლა, როდესაც აღარ არსებობს პირდაპირი დახმარების რესურსები, დანაკარგის კომპენსირება ნაწილობრივ სხვა რამით შეიძლება. პაატა ბაირახტარი დარწმუნებულია, რომ ეს „სხვა რამე“ შეიძლება გახდეს „მეტი ეკონომიკური თავისუფლება“.

„ადამიანებისთვის მეტი ეკონომიკური თავისუფლების შეთავაზებით ხელისუფლება მიიღებს დიდ ეკონომიკურ აქტივობას. სხვა გზა არ არსებობს“.

ხალხს კი სულ ცოტა დრო რჩება - ორიოდე თვე საბანკო გადავადების და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დასრულებამდე, რომლითაც ე.წ. „ახალი უმუშევრები“ ფულად შემწეობას იღებენ. ესეც ექვს თვეზე იყო გათვლილი - ზაფხულის დასრულებამდე.

ყველა ახალი ამბავი
0