ლარის ბოლოდროინდელი ვარდნის მიზეზები

გამოწერა
წლის ბოლოს გაუფასურების რისკი კიდევ მოიმატებს.

თემურ იოსელიანი

ლარის მორიგმა გაუფასურებამ ბიზნესსაც და რიგით მომხმარებელსაც ახალი თავსატეხი დაუმატა. არის პერიოდები, როდესაც ლარის გაუფასურება რეგიონში არსებული სხვა ვალუტების კვალდაკვალ ხდება, ამჟამად კი, როდესაც თურქული ლირაც დასტაბილურდა, რუსული რუბლიც სტაბილურია და არც უკრაინული გრივნის კურსია მერყევი, ლარი მაინც უფსკრულისკენ გაექანა.

თურქულ ლირას გასულ ზაფხულს გაუჭირდა, როცა თურქეთის და აშშ-ის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა. 2018 წლის იანვარში 1 აშშ დოლარი 3.74 თურქული ლირა ღირდა, ხოლო 13 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალურმა ფასმა 7 ლირას მიაღწია. თუმცა, ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც აშშ და თურქეთი საბოლოოდ შეთანხმდნენ დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის ენდრიო ბრანსონის გათავისუფლებაზე, ლირის კურსიც გაუმჯობესების გზას დაადგა. შედეგად, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ფასი 5.4 თურქული ლირა იყო.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო გამოცანა, ანუ რატომ უფასურდება ლარი?

თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად სტაბილურია რუსული რუბლი. სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის პირველ რიცხვებამდე 1 დოლარის ფასი 65-66 რუბლის ფარგლებშია. უკრაინული გრივნაც 3 სექტემბრიდან მოყოლებული 12 ნოემბრის ჩათვლით სტაბილურობას ინარჩუნებს და 1 დოლარი საშუალოდ 28 გრივნა ღირს.

აი, ამ ფონზე 21 აგვისტოდან მოყოლებული 8 ნოემბრის ჩათვლით ლარი თითქმის უწყვეტი გაუფასურების რეჟიმშია და 1 დოლარი 2.55 ლარიდან 2.77 ლარამდე გაძვირდა.

რაზეა ქართული ლარის კურსი მიბმული

წინა შემთხვევებში, როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდებოდა ხოლმე, ხელისუფლება მიზეზად ხან „საგარეო ფაქტორებს“, ხან „რეგიონში არსებული ვალუტების გაუფასურებას“ ასახელებდა. ამ შემთხვევაში კი, როდესაც რუბლიც, ლირაც და გრივნაც სტაბილურია, ლარის გაუფასურების რეგიონის ვალუტებისთვის დაბრალება მთლად თვალებში ნაცრის შეყრა იქნებოდა. ჰოდა, ხელისუფლებამ ახალი ვერსია შესთავაზა ხალხს – ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარის გაუფასურება ოპოზიციის ბრალია.

ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლარს: პროგნოზები და მიზეზები

„ეს გამოწვეულია იმ აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, ძირითადად, ოპოზიციის მხრიდან. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს“, – ამბობს მაჭავარიანი. მინისტრის თქმით, ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან, და „რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი“.

კომენტარები ლარის გაუფასურებაზე

ბიზნესის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაცია დღეს მოქმედი კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს გაკოტრებას უქადის, რადგან ნედლეული ძირითადად უცხოურია და დოლარში უწევთ ყიდვა, შესაბამისად, იზრდება ხარჯი, მაგრამ მოსახლეობა მსყიდველუუნაროა, რაც პროდუქციის გაძვირების შესაძლებლობას არ იძლევა. მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პრობლემაა და „ამიტომ ასეთ პირობებში ადგილობრივი კომპანიების 20% გაკოტრდება, ეს პროცესი გარდაუვალია“.

ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
ლარს არაფრის ეშინია ანუ რა ემართება ქართულ ვალუტას

ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამჟამად კი კვლავ ბიზნესშია, ამბობს, რომ ლარის გაუფასურება პრობლემას ყველა კომპანიას უქმნის. „ლარის კურსმა ყველა დაგვაზარალა. ალბათ არ არსებობს სექტორი, სადაც კურსის ნეგატიური გავლენა არ იგრძნობა. პრობლემაა ყველასთვის – მშენებლობა, ვაჭრობა, წარმოება და სხვა“, – ამბობს თოფაძე.  მისი თქმით, ალბათ, სტაბილური ბიზნესი კრიზისს თავს გაართმევს, მაგრამ მოგება აბსოლუტურად ყველას შეუმცირდება. ბევრს კი წარმოების გადარჩენაც გაუჭირდება.

კომპანიების მოსალოდნელ გაკოტრებაზე აკეთებს აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძეც. მისი თქმით, ლარის კურსის გამო კომპანიების გაკოტრების პროცესი ნამდვილად დაიწყება.

კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტია, რომელიც დოლარის მიმართ 2.70 კურსზეა დაგეგმილი. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებს უამრავი გეგმა დარჩებათ განუხორციელებელი.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

„ბიუჯეტში ჩადებული 2,70 ნიშნავს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ იქნებიან ორიენტირებული, რათა გაამყარონ ეროვნული ვალუტა და შეცვალონ დამოკიდებულება. ყოველ წელს აუფასურებენ ლარს და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს გონივრული ნაბიჯია. ეს არ არის ნორმალური, რადგან ხალხს დანაზოგი უუფასურდება და მათ საინვესტიციო გეგმებს ხელი ეშლება. არ მგონია, ამას რამე ეშველოს, სანამ არ შეიცვლება ხალხი, რომელიც ქვეყნის მართვაზეა პასუხისმგებელი“, - აცხადებს შეშელიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაუფასურება იმპორტზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული, რაც ტრადიციულად საახალწლო პერიოდს უკავშირდება.

„მეოთხე კვარტალი, ყველამ ვიცით, რომ არის დაძაბული პერიოდი ლარისათვის, რადგანაც არის საახალწლო მზადება საზოგადოებაში. ვემზადებით საჩუქრების საყიდლად, იმ პროცესებისათვის, რასაც ჰქვია ახალი წელი. ამიტომ იმპორტიორებიც შესაბამისად არიან მობილიზებული. დატვირთვა მოდის დოლარზე, ითხოვენ ვალუტას, რათა მარაგი შექმნან ზამთრისათვის გასაყიდად“, – ამბობს ბურკიაშვილი და დასძენს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ვლუტის გაცვლის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო
რა მოჰყვა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას

ექსპერტი აკაკი ცომაია შექმნილ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს და მთავრობას ადანაშაულებს. მისი თქმით, არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებენ.

„როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე. განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა“, – ამბობს ცომაია.

„დოლარში შესყიდვები ხორციელდება ისეთი ტიპის საქონელზე, როგორიც არის ნავთობპროდუქტები, გაზი და ა.შ. რაც უკვე წარმოადგენს საკმაოდ დიდ რისკს, რომ ამ ტიპის საქონელზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სხვა ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ფასის ზრდას. ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს მოქალაქეების მოლოდინიც, რომ ლარი არ არის სტაბილური ვალუტა და ყველა ცდილობს დროულად მოიშოროს – ან რამე იყიდოს, ან დოლარზე გადაახურდავოს და მშვიდად იყოს.

ქართული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
დავით კიკვიძე: „ლარის უფრო მეტად გაუფასურება მოსალოდნელია“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ამახვილებს ყურადღებას, არის საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილება – „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან 990 მილიონი ლარი განთავსებულია კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით. კომერციული ბანკები, თავის მხრივ, თანხებს იღებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი კრედიტები გასცენ. შედეგად, სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთები კომერციული ბანკების საკრედიტო არხების მეშვეობით ხვდება მიმოქცევაში და ზრდის ლარის მასას, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ლარის გაუფასურების დამატებით წამახალისებელ ფაქტორად. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში M3 და M2 ფულადი აგრეგატი, შესაბამისად, 11% და 12%-ით არის გაზრდილი, რამაც, შესაძლებელია, უარყოფითად იმოქმედა კურსზე.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
აქვს თუ არა მთავრობას ლარის სტაბილიზაციის გეგმა

ლარის გაუფასურებაზე დაწოლა კიდევ გაიზრდება

ექსპერტთა ნაწილი მიანიშნებს, რომ მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა ყოველთვის ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას და არსებულ მდგომარეობას კიდევ უარესად დაამძიმებს წლის ბოლოს ერთბაშად რამდენიმე მილიარდი ლარის გამოტანა. ამასთან დაკავშირებით არცთუ სასიამოვნო პროგნოზს აკეთებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

„წლის ბოლომდე დარჩენილ თითქმის თვენახევარში დასახარჯია 3 მილიარდი ლარი. გეგმიდან ჩამორჩენა არის ზუსტად ერთი მილიარდი. განგვიმარტოს მთავრობამ, რას უპირებენ ამ აუთვისებელ თანხებს და თუ მომავალი წლისთვის გადაიტანენ, რა გავლენას მოახდენს ეს მომავალი წლის ბიუჯეტზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზე? თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულება დააპირეს და ფული მხარჯავ ორგანიზაციებს გადაურიცხეს წლის ბოლოს, ამას რა გავლენა ექნება ლარზე, ეს არაერთხელ ვნახეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

უნდა აღინიშნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მინიშნებაც, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულკი ბანკის სავალუტო რეზერვები მინიმუმზე დაბლაა ჩამოსული.

შეიძლება ეს მინიშნებაც გახდა იმის მიზეზი, რომ ლარის გაუფასურების ფონზე სებ-მა დოლარის ყიდვა მაინც დაიწყო. „2018 წლის 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა“, – ვკითხულობთ სებ-ის საიტზე. თუ სავალუტო რეზერვების შევსების გზას დაადგა ეროვნული ბანკი, ანუ ბაზარზე ლარის მასა კიდევ უფრო გაზარდა, ამით ლარის გაუფასურების დამატებითი საფუძველიც ჩნდება...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0