დაგროვებითი პენსიის დეტალები: ვინ იხეირებს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით

© Sputnik / Alexander Imedashviliმოვაჭრეები მშრალ ხიდზე
მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა დასაქმებული, ვინც 2018 წლის 1 სექტემბრამდე 40 წლამდე ასაკის იქნება, ვალდებული იქნება დაგროვებითი პენსიის მონაწილე გახდეს

სწორედ 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს დაგროვებითი პენსიის სქემა, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს. დასაქმებულმა, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ 2-2% საპენსიო ფონდში უნდა გადარიცხონ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ხელფასი აქვს 1000 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი 20% (200 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის და ხელზე რჩება 800 ლარი, დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობისას კიდევ 20 ლარი დააკლდება. დამსაქმებელიც ვალდებულია დაქირავებულ თანამშრომელს ყოველთვე ხელფასის 2% ჩაურიცხოს. სახელმწიფო, თავის მხრივ, გაიღებს 2%-ს და, შედეგად, 1000 ლარი ხელფასის მქონე ადამიანის საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 60 ლარი ჩაირიცხება.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

40 წლის და მეტი ასაკის ადამიანი არ იქნება ვალდებული დაგროვებით პენსიას შეუერთდეს, თუმცა, თუ მოისურვებს, შეუძლია მონაწილეობა. დამსაქმებელი ვალდებული იქნება მასაც გადაურიცხოს ხელფასის 2% და, თავის მხრივ, სახელმწიფოც ჩაურიცხავს 2%-ს.

ვინც არ მუშაობს, მაგრამ აქვს შემოსავალი (ე.წ. თვითდასაქმებული), ასევე შეუძლია ნებაყოფლობით გახდეს დაგროვებითი პენსიის მონაწილე. მისთვის დაგროვების სქემა იქნება 4%+2%, სადაც საკუთარი შემოსავლის 4%-ს თავად გადაიხდის, ხოლო 2%-ს სახელმწიფო დაუმატებს.

დაგროვებით პენსიაში მონაწილეთა საპენსიო ფონდში სახელმწიფო გადარიცხავს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს, ოღონდ, ეს ეხება იმ დასაქმებულებს, ვისი წლიური შემოსავალიც 24 000 ლარს არ აღემატება. ხოლო იმათთვის, ვისაც წელიწადში შემოსავალი 24 000-დან 60 000 ლარამდე აქვს, სახელმწიფო მათი შემოსავლის 1%-ს ჩარიცხავს. 60 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს დაგროვებითი პენსიის სქემა არ ეხება.

ხანდაზმული მამაკაცი ისვენებს აღმასენებლის გამზირზე ძაღლის სკულპრტურის გვერდზე - Sputnik საქართველო
პენსიაზე 20 წლის შემდეგ: იქნება თუ არა მომავალი უღრუბლო

წარმოდგენილი კანონპროექტიდან რაც აშკარად ჩანს, ის არის, რომ მთავრობა ფაქტობრივად საგადასახადო ტვირთს ზრდის, რადგან დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა და ხელფასის 2-2%-ის გადახდა ეკისრებათ დამსაქმებელსაც და დაქირავებულსაც. ცნობილია, რომ საქართველოში კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ე.წ. „თავისუფლების აქტის“ მიხედვით, ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გარეშე ჯერ კიდევ აკრძალულია, თუმცა, დაგროვებითი პენსიის მომხრეები ამ შემთხვევაზე ჯიუტად იმეორებენ, რომ „გადასახადი არ იზრდება“, რადგან გადახდილი თანხა ბიუჯეტში კი არ მიემართება, არამედ მიდის ფონდში და თანაც გადამხდელს ისევ პენსიის სახით დაუბრუნდება.

რას გვპირდება მთავრობა დაგროვებითი პენსიით

მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მოქალაქეს დღეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, ვთქვათ, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება. ეკონომიკის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ ნინო ჯავახაძემ 2017 წლის 30 ოქტომბერს პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ეს რიცხვი არის საშუალო, თუმცა პენსიის ოდენობა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ხელფასზე და დროზე, თუ რამდენი წელი მოხდება დაგროვება.

Пожилые люди покупают продукты на рынке - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა: დავაგროვოთ და მოგვეცემა?!

თუ დასაქმებული დაკარგავს სამსახურს და მას აღარ ექნება შემოსავალი, წყდება კონტრიბუციების განხორციელება, მაგრამ პირველი ხელფასის აღებისთანავე, როდესაც დასაქმება განახლდება, გაგრძელდება კონტიბუციების შეტანა საპენსიო ანგარიშზე. ხოლო თუ დაგროვებით პენსიაში მონაწილე გარდაიცვლება, მის ანგარიშზე დაგროვებულ დანაზოგს მის კანონიერ მემკვიდრეებს გადასცემენ.

ვინ „მიხედავს“ დაგროვებულ ფულს
იქმნება ახალი უწყება — საპენსიო სააგენტო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჯერ ფონდში ფულის ჩარიცხვა, მერე ამ ფულის მომგებიან პროექტებში ინვესტირება. აქედან მიღებული სარგებელი შეგროვებულ თანხას უნდა დაემატოს და როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს, დაგროვებულ თანხას პენსიის სახით მისცემენ. მთავრობას იმედი აქვს, რომ შემოსული თანხა ისეთ პროექტებში განთავსდება, სადაც საშუალოდ 5% სარგებელი დაერიცხება.

საპენსიო სააგენტოს თავისი ზედამხედველობაც ეყოლება, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს ქმნიან. ზედამხედველობას არ ეხება საპენსიო ფონდში მიღებული თანხის საინვესტიციო მართვა. სად და როგორ მოხდება საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ფულის დაბანდება, ამ საქმეს მონიტორინგს ეროვნული ბანკი გაუწევს.

წინასწარი ვარაუდით, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ საპენსიო ფონდში შემოსულ ფულს სააგენტო კომერციულ ბანკებს მიაწვდის და შემდეგ უკვე ბანკები გაასესხებენ კომერციულ სექტორზე. ცხადია, ამ გზით ბანკებიც იხეირებენ.

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე? - Sputnik საქართველო
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

რისკები და ილუზიები დაგროვებითი პენსიის სქემაში – მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

მთავრობის წარმომადგენლების და დაგროვებითი პენსიის მომხრეების მიერ გავრცელებული კომენტარების მიხედვით, მთავრობის მაკროეკონომიკური გათვლებით, 10 წელიწადში საშუალო ხელფასი დაახლოებით 90%-ით — 1 717 ლარამდე გაიზრდება. 20 წელიწადში საშუალო ხელფასი დღეს არსებულთან შედარებით — 240%-ით, ხოლო 30 წლის შემდეგ 512%-ით მეტი იქნება.
როგორც რეფორმების ასოციაცია GRASS-ის გამოცემა „ფაქტ-მეტრმა“ დათვალა, ხელფასების ასეთი ტემპებით ზრდის შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც დღეს აქვს ხელფასი 500 ლარი, ყოველთვიური პენსია 10 წლის დაგროვების შემდეგ დაახლოებით — 54 ლარი, 20 წლის დაგროვების შემდეგ — 197 ლარი, 30 წლის დაგროვების შემდეგ კი — 535 ლარი ექნება. ხოლო პირი, რომელსაც დღეს აქვს ხელფასი 1000 ლარი, 10-წლიანი დაგროვების შემდეგ მიიღებს თვეში 109 ლარს, 20-წლიანი დაგროვების შემდეგ — 395 ლარს, ხოლო 30-წლიანი დაგროვების შემდეგ — 1070 ლარს.

ზემოაღნიშნული პენსიის ოდენობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ მთავრობის მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურია, გამართლდება. ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში დაგროვებითმა პენსიამ ვერ გაამართლა, რისი მიზეზიც ფინანსური კრიზისი აღმოჩნდა, მოხდა ფონდების კონფისკაცია, შენატანების შემცირება ან შეჩერება.

საპენსიო რეფორმაზე კომენტარი გააკეთა თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა, ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა: „თუ გადავხედავთ ბოლო 4 წლის განმავლობაში როგორ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში წარმოუდგენელია 10 წელიწადში ის შედეგები დადგეს, რასაც მთავრობა პროგნოზირებს. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა რომ წარმატებული აღმოჩნდეს, ამისთვის ქვეყანას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე სამუშაო ადგილების რაოდენობის, ხელფასებისა და შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდა“.

ასაკოვანი ბებია - Sputnik საქართველო
პენსიები საქართველოში – გადარჩენის ინსტრუქცია

შემოთავაზებული მოდელის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ეკონომისტი ირაკლი ყიფიანიც: „ჩვენ არ გვყავს უფრო ეფექტიანი ხელისუფლება, ვიდრე ჰყავდა უნგრეთს, პოლონეთს, ვინც მსგავს სიტუაციაში კრახი განიცადა. თუ ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლება მოვიდა, დარწმუნებული ვარ, ამ საპენსიო სქემას გააუქმებს და, კარგ შემთხვევაში, ამ თანხებს უკან დააბრუნებს“, — ამბობს ირაკლი ყიფიანი.

პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოში პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასვლას არასაიმედოდ მიიჩნევს.
„ფული, რომელიც დღეს დანაზოგის სახით შემაქვს, ბანკში რომ შევიტანო, უფრო მეტ შემოსავალს მომცემს, ვიდრე 40 წლის შემდეგ გაურკვეველი პერსპექტივა, როცა არ ვიცი, როგორი იქნება ლარის კურსი, რამდენჯერ იქნება გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, რამდენჯერ მოხდება ინფლაცია და, საერთოდ, როგორი იქნება იმ პერიოდში ფულის მსყიდველუნარიანობა“, — აღნიშნავს დეპუტატი.

კანონპროექტის განხილვებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა და „ფეისბუქში“ დაწერა: „თუ ვინმეს კიდევ გქონდათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესებში შედის თქვენთვის ფულის წართმევა და სახელმწიფო საპენსიო ფონდში გაშვება — ინებეთ: თქვენი ფულის ერთ ნაწილს შეჭამს მთავრობა — შიდა ვალების აღების გზით, ხოლო მეორე ნაწილით იხეირებენ დიდი ბანკები; 30-40 წლის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნებენ, დაკარგულ საბჭოთა ანაბრებს და ბოლშევიკების მიერ თქვენი წინაპრებისთვის წართმეულ ქონებასაც დაგიმატებენ და ისე; ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მავნებლობის აღსრულებას ვადევნებთ თვალს ლაივში — მთავრობა და ბანკები, ურთიერთშეთანხმებით, დღისით, მზისით, ჯიბიდან გვაცლიან ფულს და ამ ჩვეულებრივ ყაჩაღობას გვტენიან როგორც ჩვენთვისვე საჭირო ნაბიჯს — „გრძელი ფულის“ გაჩენას; ყაჩაღები!“

ხელები - Sputnik საქართველო
პარლამენტარების უარი და მთავრობის ოპტიმიზმი... რა ბედი ეწევა პენსიას?

რამდენს და როგორ?

მიუხედავად იმისა, რომ პენსიის მიღების საკითხი კანონპროექტში გაწერილია და, თითქოს, ელემენტარული მათემატიკით შესაძლებელია მისი გამოთვლა, ყველაზე ბუნდოვანი მაინც სწორედ პენსიის მიღების სქემა და რაოდენობაა. პროექტის მიხედვით, მოქალაქეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საბაზისო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად არ გადაეცემათ. ფონდი მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე. 2017 წლის მდგომარეობით, მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში 73 წელია, ქალისთვის – 81 წელი. ეს კი ნიშნავს, რომ დღეისათვის მამაკაცის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხა გაიყოფა 8 წელზე, ქალისა კი 21 წელზე. იმის გამო, რომ ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე და საშუალოდ უფრო მეტხანს არიან პენსიონერები, ვიდრე მამაკაცები, მათ მიერ მიღებული პენსიები საშუალოდ უფრო მცირე იქნება. ეს თავისთავად უკვე გენდერული დისკრიმინაციაა. მეორე მხრივ, ვთქვათ, რომელიმე პაპა ან ბებია „გაჯიუტდა“ და (ღმერთმა მისცეთ) 5, 10 და მეტი წლით გადააბიჯა ამ „საშუალო ხანგრძლივობას“? ასეთ შემთხვევაზე კანონპროექტი „მორცხვად დუმს“.

კანონპროექტით ცხადია მხოლოდ, რომ მოქალაქეს დაზოგილი თანხის ნაადრევად მოთხოვნის უფლება ექნება, თუ ის შშმ პირი გახდება. პირს დაზოგილი თანხის ნაადრევად გამოტანის უფლება მიეცემა, თუ ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუმცა ამ შემთხვევაში თანხას სახელმწიფოს კონტრიბუციის ⅓ დააკლდება.

საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება

პასუხგაუცემელი კითხვები

სანამ პარლამენტი კანონპროექტს იხილავს, ხელისუფლების ოპონენტები მრავალ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთია, რომ არ შეიძლება სავალდებულო იყოს სქემაში მონაწილეობა. ასევე ლაპარაკია, რომ კერძო საპენსიო ფონდებშიც უნდა იყოს დაგროვების შესაძლებლობა და მოქალაქეებმა არანაკლები შეღავათი მიიღონ, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილ სქემაში მონაწილეობისას იღებენ.
ასეთი კითხვების ლეგიტიმურობის მაგალითად გამოდგება, ვთქვათ, კანონპროექტის 28-ე მუხლი, სადაც საპენსიო აქტივების ინვესტირებაზეა ლაპარაკი.
„…3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამი განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში. თითოეული საპენსიო სქემის მონაწილე გაწევრიანების დროს თავად ირჩევს, თუ რომელი პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკისადმი ტოლერანტულობას.

4. თუკი საპენსიო სქემის მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებულ უფლებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება შემდეგი პრინციპით:
ა) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოც (40) წლამდე მონაწილის აქტივები – მაღალი რისკიანი პორტფელი;
ბ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოციდან (40) ორმოცდაათ (50) წლამდე მონაწილის აქტივები – საშუალო რისკიანი პორტფელი;
გ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოცდაათი (50)და მეტი წლის მონაწილის აქტივები – ნაკლებად რისკიანი პორტფელი.
5. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით დადგენილი პერიოდულობით. ეს პერიოდი არ უნდა იყოს თორმეტ (12) თვეზე ნაკლები“.

ისტორიული ცენტრი - ახოსპირელის ქუჩა - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა: როგორ მიიღებენ პენსიონრები დაგროვილ თანხებს

იგივე მუხლში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი სად და როგორ შეიძლება ფონდში შემოსული თანხის დაბანდება, რომელი საინვესტიციო პორტფელი როგორ საინვესტიციო ჰორიზონტს უნდა შეესაბამებოდეს და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ ყველაფერში თუ საპენსიო სქემის მონაწილე გაერკვა და მერე გამოცდილი ბროკერის დარად აირჩია მისი დანაზოგი სად დაბანდდება, აბა საინვესტიციო საბჭო რაღას აკეთებს? ან, თუ შერჩეულმა პროექტმა არ გაამართლა და მოგების ნაცვლად წაგებაზე წავიდა, მაშინ დაგროვება მაინც ძველებურად გაგრძელდება და ჩარიცხულ ფულს მაინც დაერიცხება მთავრობის დაანონსებული 5%? თუ, მაგალითად, მეტი მოგება მიიღო, საპენსიო დანაზოგიც გაიზრდება? მაგრამ თუ პენსიის სქემაში მონაწილეს შეუძლია თავად აირჩიოს სად დაბანდდება მისი დაგროვებული ფული, მაშინ არ შეიძლება სულაც კერძო საპენსიო ფონდის არჩევა შეეძლოს? ან თუ პენსიის ფულის შეგროვება ბირჟის ბროკერის მსგავს თვისებებს მოითხოვს, სულაც რომ შეეშვან ადამიანს და საშუალება დაუტოვონ თავისი ხელფასი მთლიანად ან ნაწილობრივ იქ დააბანდოს, სადაც გაუხარდება, არ შეიძლება?

ასევე გაუგებარია კანონპროექტის 32-ე მუხლის ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ საპენსიო სქემაში ჩართულ ადამიანს საპენსიო ასაკის მიღწევისას უფლება აქვს დაგროვებული ფული გამოიტანოს და სასურველი სადაზღვევო კომპანიის კერძო საპენსიო ფონდში განათავსოს. თუ თანხის სადაზღვევო კომპანიაში განთავსების უფლება აქვს, მაშინ, წესით, დაგროვებაც უნდა შეეძლოს სასურველ სადაზღვევო კომპანიაში და არა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სავალდებულო ფონდში, რომელსაც შეიძლება სულაც არ ენდობა…

 თუმცა, სანამ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, არ არის გამორიცხული, მრავალი დეტალი შეიცვალოს კიდეც და, იმედია, ასეც იქნება. მით უმეტეს, ცნობილი გახდა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტმა საკითხი მოუმზადებლად მიიჩნია…

 

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0