ევროპას არ აქვს თურქეთთან ჩხუბის ფუფუნება

© REUTERS / Brendan McDermidრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში მალე გაიმართება რეფერენდუმი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ერდორანისთვის, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში ის თავის ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეუზღუდავ ძალაუფლებას მიიღებს.

ალექსანდრე გელოვანი

თურქეთსა და ევროპას შორის დიპლომატიური სკანდალია. პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის რისხვა ნიდერლანდებსა და ევროკავშირის სხვა რამდენიმე ქვეყანას მას შემდეგ დაატყდა, რაც ევროპელებმა მის მინისტრებს უარი უთხრეს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური თურქებისთვის აგიტაციის ჩატარებაზე. ჰოლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შეუშვა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თვითმფრინავი, რადგან ის როტერდამში თურქულ მიტინგზე გამოსვლას გეგმავდა. შემდეგ კი ქვეყნიდან გამოაძევა ამავე მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ავტომობილით გერმანიიდან ჩასული ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეთიულ საიან კაიაც. ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას „ნაცისტებისა და ფაშისტების მემკვიდრეები“ უწოდა, პრემიერი ბინალი ილდირიმი კი უკიდურესად მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. მანამდე ერდოღანმა ბერლინის პოლიტიკაც შეადარა „ნაცისტების ქმედებებს წარსულში“, ვინაიდან გერმანიამაც აუკრძალა თურქეთის ოფიციალურ პირებს დიასპორის წინაშე გამოსვლები. 

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ბერძნული მედია ერდოღანს თურქეთის კანონმდებლობის დარღვევაში სდებს ბრალს

რამ გააბრაზა ასე ძალიან ერდოღანი? 

თურქეთში მალე გაიმართება რეფერენდუმი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ერდორანისთვის, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში ის თავის ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეუზღუდავ ძალაუფლებას მიიღებს. გამარჯვებისთვის მას ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერაც სჭირდება. გერმანიაში სამ მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს, რომელთა ნახევარს სამშობლოში ხმის უფლება აქვს. საფრანგეთში თურქული უმცირესობა დაახლოებით 650 ათასს შეადგენს, ნიდერლანდებში — 400 ათასს, მათ უმრავლესობასაც ორმაგი მოქალაქეობა და, შესაბამისად, ხმის უფლება გააჩნია. იმ პერიოდში, როდესაც ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში მრეწველობას მუშახელი აკლდა, იქ სიამოვნებით იღებდნენ თურქებს. თუმცა, მას შემდეგ საფეიქრო, სამთო-მომპოვებელი თუ მეტალურგიული ინდუსტრია ჩაკვდა და სამუშაო ადგილები მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის აღარ მოიძებნა. ახალგაზრდა, ხშირად სოციალურად და ეკონომიკურად მარგინალიზირებული ეთნიკური თურქები სევდითა და იმედით იმზირებიან წინაპრების სამშობლოსკენ. თუ შინ, თურქეთში რეფერენდუმზე, რომელსაც ერდოღანი აპრილში გამართავს, მოსახლეობის აქტივობა დაბალი იქნება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღებულ ხმებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ — უცხოეთში მცხოვრებ თურქებს უყვართ ხმის მიცემა.

სამშობლოს სიყვარულის გრძნობით მხოლოდ ერდოღანი როდი თამაშობს. მაგალითად, უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2010 წელს სლოვაკეთში, რუმინეთში, სერბეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მისცა მოქალაქეობა. ოთხი წლის შემდეგ მათ უნგრეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მიიღეს. ერდოღანის კრიტიკა თავის ელექტორატზე ზემოქმედების მცდელობისთვის ევროკავშირს არ გამოუვა — მისი, სულ მცირე, ერთი წევრი იმავეს აკეთებს. ბრიუსელი ასევე ვერ აკრიტიკებს ერდოღანისეულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ გადაცემას პრეზიდენტისთვის. მაგალითად, აშშ და საფრანგეთიც ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების მქონე ქვეყნებია. 

ნიდერლანდების დროშა - Sputnik საქართველო
თურქეთი ნიდერლანდების წინააღმდეგ: ანკარა სანქციების შემოღებისთვის მზადაა

ერდოღანმა თავისი მინისტრები სააგიტაციო ტურნეში გაგზავნა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მისი პოლიტიკის მხარდამჭერი ადგილობრივი თურქების მრავალათასიანი მიტინგები იყო დაგეგმილი. ამ დროს ჰოლანდიაში საარჩევნო ციებ-ცხელება ფინიშზე იყო მისული (აქ არჩევნები ხუთშაბათს, 16 მარტს ჩატარდა). წინასაარჩევნო პერიოდში პოპულარობით სარგებლობდა ანტიევროპული „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი გეერტ ვილდერსი. მან 2016 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური პროგრამა. ამ ერთგვერდიანი დოკუმენტის არსი შესაძლებელია გადმოიცეს დევიზით: „ნიდერლანდები კვლავ ჩვენი გახდება“. ვილდერსს მკვეთრად ანტიისლამური პოზიცია უკავია და  ევროკავშირიდან გამოსვლასაც ქადაგებს.  

ერდოღანის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი ამსტერდამში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში ჰოლანდიის მთავრობისთვის პიარ-კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა: ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურებდა ამომრჩევლებს, რომ მათი სამშობლო ლამის თურქეთის პროვინციადაა ქცეული. მოსალოდნელი პრობლემების აცილება ამკრძალავი ღონისძიებებით გადაწყდა. თურქებს უარი ეთქვათ მიტინგების გამართვაზე, დიასპორის მცდელობები, ჩაეტარებინათ არასანქცირებული საპროტესტო აქციები, ტოლერანტული ევროპისთვის უჩვეულო სისასტიკით იქნა დარბეული — მიტინგის მონაწილეებს პოლიციამ ძაღლები მიუქსია და ცივი წყლის ჭავლით დაშალა.

ცხადია, ერდოღანს არ შეეძლო საჯაროდ მიყენებული ასეთი შეურაცხყოფის მოთმენა: რეფერენდუმი, უპირველეს ყოვლისა, თურქი ხალხისთვის ტარდება, მას კი სურს ჰყავდეს ძლიერი ლიდერი, რომელიც საერთაშორისო არენაზე არავის დაამცირებინებს თავს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ნიდერლანდებს და მოითხოვა, შვებულების გამო უცხოეთში მყოფი ნიდერლანდების ელჩი კონფლიქტის ამოწურვამდე არ დაუბრუნდეს მოვალეობების შესრულებას. ანკარიდან გაისმა ნიდერლანდებისთვის სანქციების დადებისა და თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმების გადახედვის დაპირება. 

თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური სკანდალი ღვივდება

რას მოიმოქმედებს თურქეთი?

თურქეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია ზოგიერთი ჰოლანდიური საქონლის ბოიკოტირება. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ თუ ანკარა ცალკეული ქვეყნის წინააღმდეგ შემოიღებს ეკონომიკურ სანქციებს, ის მთელ ევროკავშირს, თურქეთის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს საკუთარი თავის წინააღმდეგ აიმხედრებს მაშინ, როდესაც თურქეთის ეკონომიკური დამოკიდებულება ევროპულ ინვესტიციებზე ძალზე მაღალია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართულებით თურქეთის მუქარას გაგრძელება არ მოჰყვება.

ევროპის ქვეყნებს ყველაზე მეტად მიგრაციის შესახებ შეთანხმების შესაძლო დარღვევა აშინებთ. თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ომერ ჩელიქმა ევროპელები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ანკარამ „უნდა გადახედოს“ ამ დოკუმენტს. ეს უკვე მეორე განცხადება იყო ამ შეთანხმების გაუქმების შესაძლებლობის შესახებ — ადრე, 2016 წლის ნოემბერში საკითხი ასე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც დასვა მაშინ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში სავიზო მიმოსვლის ლიბერალიზაციის დაყოვნების გამო.

ანკარამ და ბრიუსელმა მიგრაციის შესახებ შეთანხმებას შარშან, მარტში მოაწერეს ხელი. მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ დაძრულ მიგრანტთა ნაკადის გამო წარმოშობილი ე.წ. ლტოლვილთა კრიზისის დაძლევა. დოკუმენტი ითვალისწინებს საბერძნეთში თურქეთის ტერიტორიის გავლით მოხვედრილი ყველა არალეგალის უკან დაბრუნებას. სამაგიეროდ თურქეთს დაპირდნენ 6 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას. ანკარას დღემდე მხოლოდ 667 მილიონი ევრო აქვს მიღებული. ევროკავშირის ინიციატივით შეჩერებულია ვიზალიბერალიზაციის პროცესიც, რისი მიზეზიც თურქეთში შეუმდგარი გადატრიალების შემდეგ დაწყებული მასობრივი დაპატიმრებები და სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ დაწყებული დისკუსიაა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
ჩავუშოღლუ: თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგა

შეთანხმების გაფორმების შემდეგ ლტოლვილთა ნაკადი თურქეთიდან ევროპაში პრაქტიკულად შეწყდა. ხელშეკრულების შესაძლო დარღვევას ძალზე სერიოზული შედეგები ექნება. მიგრანტთა რაოდენობის ზრდას ევროკავშირში უეჭველად თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ მემარჯვენე ექსტრემისტული, ისლამოფობიური და ევროპული ერთიანობისადმი კრიტიკულად განწყობილი ძალები, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი პოზიციების გამყარებას არჩევნების მეშვეობით. 

წელს, ჰოლანდიის გარდა, არჩევნები საფრანგეთსა და გერმანიაშიც ტარდება. მართალია, ნიდერლანდების არჩევნებზე ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ რამდენადმე მნიშვნელოვანი შედეგი ვერ აჩვენა, მაგრამ ეს არ შეიძლება ევროპაში გამეფებული განწყობებების შეცვლის ინდიკატორად ჩაითვალოს. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის არჩევნები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საფრანგეთში არჩევნებია — მარინ ლე პენი კონტინენტის ყველაზე მარჯვენა ფლანგის აღიარებული ლიდერია, ხოლო მისი ოპონენტი მეორე ტურში, შესაძლოა, აღმოჩნდეს ემანუელ მაკრონი — კანდიდატი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. თუ ერდოღანი ლტოლვილთა ნაკადს ევროპისკენ მიმართავს, შეიძლება გერმანიაში ანგელა მერკელის პარტიის ელექტორალური პერსპექტივები დაზარალდეს, ხოლო საფრანგეთში მარინ ლე პენის გამარჯვების შანსები გაიზარდოს. მიგრანტთა პრობლემა ისედაც ძალზე მტკივნეულად დგას და მათი რაოდენობის ზრდა უეჭველად ჰპოვებს ასახვას საარჩევნო მარათონში. სიტუაციას ის გარემოებაც ართულებს, რომ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნიათ ლტოლვილთა შესაძლო კრიზისის აღმოფხვრის ალტერნატიული გადაწყვეტილებები.  

გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და თურქეთის პრემიერებმა ვახშამზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ოფიციალური ანკარა ბოდიშის მოხდას ითხოვს: როდესაც თურქი ამომრჩეველი დაინახავს, რომ ევროპის წამყვანმა პოლიტიკოსებმა ქედი მოიდრიკეს ერდოღანის წინაშე, მისი რეიტინგი გაიზრდება. ალბათ ამის იმედი აქვს ერდოღანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპელთა მიერ ლტოლვილთა მოზღვავების შესაკავებლად გაღებულ მილიარდებზე უარს აზრი დაეკარგება. როგორც ჩანს, ერდოღანი გააგრძელებს ამ თამაშს, სულ მცირე, სექტემბრამდე, როდესაც გერმანიის არჩევნებია დანიშნული. პრობლემა ის არის, რომ არც გერმანიის, არც ნიდერლანდების და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის ლიდერს არ შეუძლია დათმობებზე წასვლა თურქეთის ლიდერთან, რადგან მანამდე კრიტიკის ქარიშხალი დაატეხეს მის დიქტატორულ მიდრეკილებებსა და არადემოკრატიულ პოლიტიკას. სახეზეა დიპლომატიური ვაჭრობის ტიპიური სიტუაცია, რომლიდანაც, როგორც ჩანს, მოგებული ერდოღანი დარჩება. ანგელა მერკელის სიტყვები – „რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ზოგიერთი რამ, ჩვენ საგარეო და გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ შედის თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტა“ — მას მხოლოდ თავდაჯერებულობასა და საბრძოლო ჟინს შემატებს.

ყველა ახალი ამბავი
0