ბოროტს, ცუდსა და კარგს შორის ჩაკარგულები

© photo: Sputnikენმ-ს მიტინგი
ენმ-ს მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჯერ არავინ უწყის, საბოლოოდ როგორ განლაგდებიან ძირითადი მოთამაშეები და შესაბამისად, რა კონფიგურაციის იქნება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

  სულხან მელაძე

  ჩვენი დროების ყველა „სიკეთეს“ რა ჩამოთვლის და მერე რა აღწერს. ახლა საამისოდ არც დროა საკმარისი და შესაძლოა, არც ნიჭი და უნარი. არც ის ვიცი, ზუსტად რისი მომტანი იქნება ჩემი ეს ძალისხმევა და საერთოდ — არის ამის აუცილებლობა?.. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს,- პირდაპირ ვიტყვი — უპირველესად თავისი შინაარსით და შემდეგ ფორმით — უალტერნატივო პოლიტიკური არჩევანი მხოლოდ ერთი „სიკეთეთაგანია“, რომლიც ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ჩვენი „შემოქმედების“ შედეგია. 

 პოლიტოლოგი მიხეილ გოგატიშვილი: „არჩევანი მუდმივად ცუდსა და უარესს შორის — ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობის ტრაგიკული მხარე. ეს ჩვენი პოლიტიკური რეალობაა, მაგრამ მის შექმნაში მხოლოდ პოლიტიკური ძალები არ არიან დამნაშავენი. ამ პოლიტიკურ რეალობას ამომრჩეველი ქმნის და ამ გაუკუღმართებული პოლიტიკური რეალობის შექმნაში ორივე მხარეა პასუხისმგებელი“. 

 ამგვარი რეალობის ფონზე უკვე აშკარად თვალშისაცემია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჯერ არავინ უწყის, საბოლოოდ როგორ განლაგდებიან ძირითადი მოთამაშეები და შესაბამისად, რა კონფიგურაციის იქნება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. უდაოდ ანგარიშგასაწევი მოსაზრებაა, რომ საბოლოო შედეგზე — სხვა ფაქტორებთან ერთად — მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ინიციატივას, კერძოდ ვინ, რომელი პოლიტიკური გუნდი იქნება თავად საარჩევნო პროცესის ლიდერი და წარმმართველი. საარჩევნო მარათონი დაწყებულია, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს.

 მიხეილ გოგატიშვილი: „ჯერჯერობით შეუძლებელია, ვისაუბროთ მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის უპირატეს მდგომარეობაზე ქართულ პოლიტიკურ ველზე, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი ემპირიული სოციოლოგიური კვლევების შედეგები, რაც პოლიტიკური სუბიექტების არსებული განლაგების თაობაზე მიუკერძოებელ სურათს შექმნიდა. მედიაზე ემპირიული დაკვირვების შედეგად შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ არსებობს სამი გამოკვეთილი სუბიექტი, რომელიც ელექტორალურ თამაშებს წარმართავს. ესენი არიან: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები“. 

 ბრძოლა ელექტორატისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გადამწყვეტ ეტაპზე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო თვალში საცემია თითოეული პოლიტიკური სუბიექტების მცდელობა, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი მხარს სწორედ მას უჭერს. 

პოლიტოლოგი მიხეილ გოგატიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა აქცენტს ქართული ოცნების შეცდომებზე აკეთებს და  ქართული საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი მეთოდებით (მათთან აფილირებული მედია საშუალებების გზით), ისტერიული ფონის შექმნას ცდილობს. გულუბრყვილოდ თვლიან, რომ თუ ქართულ ოცნებას ჩამოშორდება ელექტორატი მას აუცილებლად ისინი მოიპოვებენ. თავის მხრივ ქართული ოცნება ყურადღებას ნაციონალური მოძრაობის უმძიმეს მემკვიდრეობაზე ამახვილებს და ცდილობს, საკუთარი პოზიტივი განხორციელებული სამართლებრივი რეფორმებით და სოციალურად მზრუნველი სახელმწიფოს იდეით შექმნას. თუმცა მათი საკადრო პოლიტიკა, კადრების დაბალი კვალიფიკაციის დონე (როგორც მაღალ, ისევე საშუალო და დაბალ ეშელონებში) და შეცდომები ეკონომიკაში, ამ პოზიტივის დისკრედიტაციას ახდენს. თავისუფალი დემოკრატები ცდილობენ თავიანთი პოზიტიური იმიჯი ორივე მხარის შეცდომებზე ააგონ და თავი წარმოაჩინონ ზომიერებით გამსჭვალულ იმ პროგრესულ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ერთზე და მეორეზე უკეთესად შეუძლია გაუგოს თანამედროვე სამყაროს პოლიტიკურ მოთხოვნებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადამეტებული ზომიერება და ნაკლები კრიტიკული სიხისტე ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ, მათ ელექტორალურ მდგრადობას პრობლემას უქმნის“. 

 გადამწყვეტი პოლიტიკური ბატალიების წინარე პერიოდში ინიციატივის მოპოვება თამაშის წესებისა და დღის წესრიგის წარმართვასაც გულისხმობს, რასაც მხოლოდ სურვილი და პოლიტიკური ალღო არ ჰყოფნის. აუცილებელია, ფინანსური და ინტელექტუალური, გნებავთ, კულტურული რესურსი. საკამათო არ არის, რომ ამ მხრივ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ლიდერობენ. 

 მიხეილ გოგატიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი ფინანსური რესურსის აკუმულირება მოახერხა. საამისოდ მან გამოიყენა მის ხელში არსებული სახელისუფლებლო რესურსი. ის ასევე ეფექტურად იყენებს საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე დაგროვილ კულტურულ კაპიტალს, რათა წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს ქართულ ოცნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ელექტორატში ასეთ დარტყმებს დიდი ეფექტი არ აქვს, რადგანაც წარსულში დაშვებული შეცდომები მათ საშუალებას არ აძლევს დაჩაგრული პოლიტიკური ძალის იმიჯი შეიქმნან. რაც შეეხება, ქართულ ოცნებას, მის მხარეზეა ბიძინა ივანიშვილის და ნაციონალების მიერ შევიწროვებული ბიზნესმენების ფინანსური კაპიტალი, ხოლო კულტურული კაპიტალის თვალსაზრისით მას მხარს უჭერს ცნობილი და პოპულარული ქართული ინტელიგენცია. ხოლო რაც შეეხება, ჩვენს მიერ აღნიშნულ მესამე ძალას, — თავისუფალ დემოკრატებს, ისინი თავიანთი ძალის დემონსტრირებას მათ ხელში არსებული კულტურული კაპიტალის საშულებით ცდილობენ (საერთაშორისო ურთიერთობები და გამოცდილება). ჯერჯერობით მათ უკან დიდი ფინანსური ძალების აკუმულაცია არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოხდება“. 

 არის კიდევ სხვა, ელექტორალური რესურსი — სახელისუფლებო, ე.წ ადმინისტრაციული, რაზეც ყოველი არჩევნების წინ საუბრობენ ხოლმე. არის ამომრჩეველი, რომელიც ინერციით ხმას მმართველ პოლიტიკურ გუნდს აძლევს. ექსპერტ-ანალიტიკოსები თვლიან, რომ სახელისუფლებო რესურსს კიდევ უფრო ამყარებს მაჟორიტარული წესით არჩევნების ძალაში დატოვება. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში ის გაიმარჯვებს, თუმცა აქაც მოსალოდნელია, სიურპრიზები და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება საარჩევნო ოლქებში ისევ ძველ სახეებს დატოვებს. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც პოლიტოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ უახლოეს მომავალში სახელისუფლებო ფლანგზე შემადგენლობის გადახალისება გარდაუვალია. ბრძოლა ჯერ ინიციატივის და შემდგომ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად დასრულდება. საარჩევნო ყუთებში კონვერტები განთავსდება, ხოლო კონვერტებში ჩვენივე არჩევანი და ახლა სავსებით ლოგიკურია თავად არჩევანის პერსპექტივით დაინტერესება. ვისა და ვის შორის, თუ რასა და რას შორის. 

 პოლიტილოგი მიხეილ გოგატიშვილი: „კითხვა აქტუალურია. ირონიულად თუ ვიტყვით, მეტადრე სერჯიო ლეონეს ცნობილი ფილმის სათაურით თუ ვიმსჯელებთ — მომავალი არჩევანი ბოროტს, ცუდსა და კარგს შორის არის“. 

  შესაძლოა, მკითხველმა ჩათვალოს, რომ სტატიის დასკვნითი ნაწილი ცინიკურია?  იქნებ, ასეცაა, მაგრამ ეს ხომ ჩვენს მიერ გამოძერწილი რეალობაა. როგორი იქნება ის ხვალ?— ვნახოთ! ყველაფერს ელექტორატის განწყობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი აჩვენებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0