თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით, განაცხადა საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურიმა უწმინდესი და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!", - აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა.
შიო მესამემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს მისდამი გამოჩენილი დიდი ნდობისთვის.
"მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის“, - თქვა უწმინდესმა და უნეტარესმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის.
"დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ", – განაცხადა შიო მესამემ.
სრულიად საქართველოს ახლად არჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში. მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.