თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ.
კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.
ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან მიმდინარეობდა და 12:00 საათამდე გაგრძელდა, გაფართოებული კრება კი ახლახან დაიწყო.
კრება მიტროპოლიტ შიოს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, შემდეგ დაიწყო კრების სამუშაო ნაწილი.
საეკლესიო კრებას 1.200-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საერო პირებიც. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას გააკეთებს.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.