თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო (მუჯირი) აირჩია.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
დღეს ჩატარდა წმინდა სინოდის რიგით მე-14 გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - 22 ხმა
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი - 9 ხმა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - 7 ხმა
1 ხმა გაუქმდა.
კენჭისყრის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მეუფე ანანიამ, რომელიც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე იყო. კენჭისყრის პროცესს „პირველი არხი“ აშუქებდა, ხოლო ხმების დათვლის პროცედურა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა. იმ დროიდან მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქის თანდასწრებით ატარებდა სადღესასწაულო წირვებს და მრევლს მის წერილებს უკითხავდა.
შიო მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. სწავლობდა დედაქალაქის 53-ე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში მიეწყო. ელიზბარ მუჯირი მორჩილად შიომღვიმის მონასტერში 1991 წელს დაემკიდრა.
ბერად 1993 წელს აღიკვეცა და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს.
1998 წელს ბათუმში იოანე ოქროპირის სასულიერო სემინარია დაამთავრა და დაუსწრებლად სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით. 2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია.