„დინამოს“ სტადიონი გაფართოვდება - რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია

„დინამოს“ სტადიონი 1936 წელს აშენდა და მას 90 წლის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. იგეგმება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია - არქიტექტორულმა ბიურო „დინასტიამ“ ახალი კონცეფცია წარადგინა.
პროექტი ითვალისწინებს მაყურებელთა რაოდენობის გაზრდას 70.000-მდე, პარკინგის მოწყობას საორიენტაციოდ 800 ავტო მანქანაზე, საზოგადოებრივი სივრცის შექმნას და მისი ინტეგრაციას ქალაქის ურბანულ სივრცეში, ობიექტის ტერიტორიაზე კომერციული ფართის მოწყობას.
„დინამოს“ სტადიონი გაფართოვდება - რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია
საკვანძო ცვლილებები - სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის წმინდა საფეხბურთო სტადიონად გადაქცევა; პირველი იარუსის სრული სახეცვლილება - ახალი იარუსის დაპროექტება, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე ნარჩუნდება სტადიონის უნიკალური ხედვის მრუდე, რათა არ დაირღვეს ტრიბუნის ნებისმიერი წერტილიდან არსებული კომფორტული ხედვა. გადახურვა ისე შეიცვლება, რომ ყველა დასაჯდომი ადგილი (ორივე იარუსის 100%) იყოს გადახურვის ქვეშ.
„დინამოს“ სტადიონი გაფართოვდება - რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია
ასევე:
მოეწყობა დამატებითი შესასვლელები
ახალი პირველი იარუსის ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა როგორც საფეხბურთო ან სხვა ღონისძიებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის საჭირო სივრცეები.
ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეების სრული დემონტაჟი და ტერიტორიის გახსნა საფეხმავლო გამჭოლი მოძრაობისთვის.
კომერციული ფართის სახურავზე შეიქმნება საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი - პარკი, მწვანე ზონა.
„დინამოს“ სტადიონი გაფართოვდება - რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია
როგორც არქიტექტურული კომპანიის კონცეფციაში წერია, მნიშვნელოვანი პრობლემა არის სტადიონის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკიდურესად მცირე ფართობი და პროექტი ითვალისწინებს ამ ფართობის მაქსიმალურად ოპტიმალურ გამოყენებას და უეფას მოთხოვნებს. პროექტის განხილვის ინიციატორია საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია.
„დინამოს“ სტადიონი 1936 წელს აშენდა და 90 წლის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეისთვის სტადიონი 55 ათას მაყურებელს იტევს.
„დინამო არენას" საავტორო უფლების მფლობელები არიან არჩილ და გიორგი ქურდიანები, სწორედ მათი არქიტექტორული ბიუროს მიერ გაკეთდა სტადიონის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია.