პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით სამების ტაძართან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გადართოებულ კრებას გამართავს, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებაზე დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაფართოვებულ კრებას გამართავს, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ.
კერძოდ, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.