თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ATP Masters 1000-იანი ტურნირის 1/32-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:4, 6:7 (5:7), 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების 1/16-ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ნაკლებ შეცდომას უშვებდა და პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტში ორმხრივი შეცდომების შემდეგ ყველაფერი ტაიბრეიქზე გადაწყდა. რაც შეეხება მესამე სეტს, გადამწყვეტი ბრეიქი ბასილაშვილმა მეორე გეიმშივე შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ბასილაშვილის მეტოქე რომის პრესტიჟული ტურნირის 1/16-ფინალში ამერიკის სახელით გამომსვლელი ბრანდონ ნაკაშიმა იქნება, მატჩი 11 მაისს შედგება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.
34 წლის ქართველი ჩოგბურთელის მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგი 2018 წელს მე-16 ადგილი იყო - მას ხუთი უმაღლესი დონის ATP ტურნირი აქვს მოგებული.