პუტინმა საქართველოს ვეტერანებს და ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვეტერანებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ქართველ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ვეტერანებსა და ქართველ ხალხს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავს. 9 მაისი რუსი და ქართველი ხალხებისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დღეს, უსაზღვრო მადლიერებისა და გულწრფელი სიამაყის გრძნობით, ვიხსენებთ დიად გმირობებს და უთვალავ მსხვერპლს ჩვენი მამებისა და ბაბუების, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ფრონტზე და შრომობდნენ ზურგში დიდი გამარჯვებისთვის“, - ნათქვამია მიმართვაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილმა ტრადიციებმა, რომლებიც დიდი ხანია აკავშირებს ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან, ღირსებით გაუძლო ომის იმ მძიმე წლების განსაცდელებს. ამ მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი საერთო მორალური მოვალეობაა.
„გულწრფელად ვუსურვებ პატივცემულ ვეტერანებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას, ხოლო საქართველოს ყველა მოქალაქეს - მშვიდობასა და აყვავებას“, - ნათქვამია მიმართვაში.
ვლადიმირ პუტინის მილოცვა ქართველი ხალხის და ვეტერანების მიმართ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია ცოცხალი, გასულ წელს ეს რიცხვი 57-ს შეადგენდა.